"ბინძური ომის" საქმე - პოლიტიკური ტერორიზმის სკანდალი საქართველოს შეძრავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაუჩინარებული ადამიანების საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა. ღარიბაშვილისავე თქმით, გატაცებისა და ლიკვიდაციის საქმეებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაული იკვეთება. მართალია, მას არ და­უკონკრეტებია, რომელი საქმეები მოხვდა გამოძიების ინტერესთა ნუსხაში, თუმცა სავარაუდოდ, მათ შორის უნდა იყოს ორი ქართველი მზვერავის - პაატა ქარდავას და როინ შავაძის საქმეები. თუმცა სანამ ამ საქმეებზე ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო ტერორიზმის ფორმას, რომელიც ადამიანების გატაცებას, მათ ლიკვიდაციას და მათ "გაქრობას" გულისხმობს, დასავლეთში "ბინძურ ომს" უწოდე­ბენ. ძნელი სათქმელია, როდის გაიხსნება "ბინძური ომის" საქმე. თუმცა ალბათ, ეს მაინცდამაინც შორეული პერსპექტივა არ არის და სავარაუდოდ, პოლიტიკური ტერორიზმის სკანდალი საქართველოს შეძრავს.

რაც შეეხება ზემოთ დასახელებული პიროვნებების ბუნდოვანებით მოცულ გაუჩინარებას, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრიდან დაიკარგა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი პაატა ქარდავა. იმავე დღეს მისი ავტომანქანა სოფელ კოკთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს იპოვეს...

2008 წლის 16 აგვისტოს კი სოდ-ის სპეცრაზმმა ბათუმის ცენტრში დააკავა ომიდან დაბრუნებული თავდაცვის სამინისტროს მზვერავი, უფროსი სერჟანტი როინ შავაძე. მოგვიანებით შავაძე აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ ქაქუთთან დახვრეტილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, შავაძე ნარკოტიკების გამო დააკავეს, ეტაპირებისას კი გაქცევას შეეცადა და ჩაცხრილეს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ შავაძეც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმე დღემდე გაუხსნელია...

ქრისტინე ქარდავა, პაატა ქარდავას ქალიშვილი:
- 2008 წლის 27 აგვისტოს მე და მამა ერთად გავედით შინიდან. დაახლოებით 11 საათზე მამამ ზუგდიდის ბაზრის კართან დამტოვა, თვითონ სამსახურში წავიდა და მითხრა, საქმეს რომ მოითავებ, დამირეკე და გამოვალო. როდესაც დავურეკე, მითხრა, რაღაც საქმე გამომიჩნდა, სასწრაფოდ უნდა წავიდე, შენ ტაქსით წადი და მალე მოვალო. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მამაზე ვერაფერი შევიტყვეთ...

დღის მეორე ნახევარში განგაში ავტეხეთ, ვინაიდან სამივე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დავიწყეთ ძებნა, ავაწრიალეთ სამეგობრო წრე, თანამშრომლები. კოკი-ხურჩის საზღვრისკენ წასულმა პოლიციელებმა განაცხადეს, პაატა ქარდავას მანქანა კოკი-ხურჩის საზღვარზე იყო, დაგვირეკეს, წამოგვეყვანა და ახლა დარჩელის პოლიციაშიაო.

როგორც შემდეგ შევიტყვეთ, მამას მანქანა 27 აგვისტოს 12 საათისთვის ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისთან უნახავთ. პატრულის თანამშრომელი ჩვენი მეზობელია და მან ჩვენებაშიც აღნიშნა, რომ მანქანა ნახევარი საათის განმავლობაში იდგა ამ სოფელში დანგრეულ შენობასთან. ჩემი ოჯახის წევრები იმ საღამოსვე წავიდნენ ინფორმაციის გადა­სამოწმებლად. თვითმხილველთა შორის იყო არასრულწლოვანი, რომლის აღწერილობაც მამას ჩაცმულობა-გარეგნობას ემთხვეოდა. მისი მონაყოლით, მამა გადმოუყვანიათ მანქანიდან - აშკარად ეტყობოდა, საკუთარი სურვილით არ მოქმედებდა, არ ვიცი, ან ნასვამი იყო, ან გათიშულ მდგომარეობაშიო. თავისი "მერსედესიდან" გადაუსვამთ ჯიპში და თბილისის მიმართულებით წაუყვანიათ. როგორც ჩანს, შემდეგ მამას "მერსედესი" კოკი-ხურჩის საზღვრისკენ წამოიყვანეს, რათა ორიენტაცია აფხაზეთისკენ გვქონოდა. მესამე დღეს საქმე გატაცების მუხლით აღიძრა.

იყო ასეთი ვერსია - თითქოს მამა იყო ჯაშუში, მან სამშობლოს უღალატა და გაიქცა აფხაზეთში, თუმცა ეს ვერ დაადასტურეს. გვეუბნებოდნენ, თითქოს მამა აფხაზებს ჰყავდათ და ტყვეზე უნდოდათ მისი გაცვლა. აფხაზეთში უამრავი ნაცნობი და ნათესავი გვყავს, მათ გვითხრეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ნამდვი­
ლად არ არისო.

- რა ვერსია გაქვთ ოჯახს, ვისზე ან რაზე გაქვთ ეჭვი? იქნებ ეს ყველაფერი მის სადაზვერვო საქმიანობას უკავშირდება?
- ხელს ვერავის დავადებთ. ფაქტია, წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამ საქმის გამოსაძიებლად. დაიწყეს მოჩვენებითი გამოძიება და შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს. არ გამოვრიცხავთ, რომ მან ისეთი რამ იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ გააქრეს, მაგრამ ეს ვერსიის დონეზე რჩება და რით დავამ­ტკიცო?

ციცინო შავაძე, როინ შავაძის ქვრივი:
- ჩემი მეუღლის გატაცება-მკვლელობაში წინა ხელისუფლების კვალი რომ იკვეთება, უდავოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმის გამოძიებას 5 წელი კი არ დასჭირდებოდა, ამისათვის 5 დღეც საკმარისი იქნებოდა. ჩემს ქმარს არც მტრები ჰყავდა და არც ბრძოლის ველი დაუტოვებია 2008 წელს, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა. დარწმუნებული ვარ, როინმა რაღაც იცოდა, მათ საიდუმლოს გამჟღავნების შეეშინდათ ამიტომაც მოიშორეს. როინი მთავარი მზვერავი იყო და უამრავ ინფორმაციას ფლობდა. დაი­ნახა, როგორ გაყიდეს ომის დროს ხალხი და ქვეყანა.

- გვიამბეთ იმ საბედისწერო დღის შესახებ...
- როინი 15 აგვისტოს ჩამოვიდა ომიდან და სამსახურში გამოცხადდა. მეორე დღეს აიყვანეს ბათუმში და მის ასავალ-დასავალს ვეღარსად მივაკვლიეთ. ბოლოს გვითხრეს, დაიჭირეს და თბილისში წაიყვანესო. მოგვიანებით უბნის პოლიციიდან მოგვადგ­ნენ და გვითხრეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაშიაო. მივედით და უკვე პროზექტურაში დაგვხვდა. ჩემს ქმარს 24 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - ფეხები, ხელები, თითები, კისერი, დამტვრეული ჰქონდა, წელშიც გადატეხილი იყო და ამათ რომ უსმინოთ, ასეთი დასახიჩრებული ადამიანი თურმე გარბოდა. გაირკვევა ყველაფერი, ვინ მოღალატეა და ვინ - მტერი. კაცს 15 ორდენი ჰქონდა მიღებული, ან რა უნდა ეთქვათ, სიგელებსა და ორდენებს ვის ვაძლევდით, სამშობლოს მოღალატესო? ისიც კი დააბრალეს, ნარკოტიკები ჰქონდა ჯიბეშიო. არადა, 200 კაცი დაიკითხა და ყველამ თქვა, არც კი გაუჩხრეკიათო. მერე გვითვლიდნენ, აგერაა მკვლელი "მაიმუნა" (ბათუმის კუდ-ის თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი) და მოკალითო. ისიც გვითხრეს, 50 000 აიღეთ და გაჩუმდითო. დაფარული ნომრებიდან გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, დაგხოცავთ, სოფელში წყალს მოგიწამლავთო. ჩვენ მაშინ არ გავჩერებულვართ და ახლა რა გაგვაჩერებს?

ოპერაცია "კონდორი"

სახელმწიფო ტერორიზმმა განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს არგენტინაში 1976-1983 წლებში, სამხედრო ხუნტის მმართველობის დროს მიაღწია - ის ოპერაცია "კონდორის" ნაწილი იყო. ხუნტამ 10 ათასი ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინა, 30 ათასი კი უგზო-უკვლოდ "გააქრეს". 2012 წელს ხუნტის ხელმძღვანელები ხორხე ვიდელი და რეინალდო ბინიონე დააკავეს და დამნაშავედ ცნეს მასობრივ გატაცებებსა და მკვლელობებში. მათ შესაბამისად, 30 და 50 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.