"ალიასთვის" კულუარებიდან ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჰაბიტაციის დასრულების პროცესი დაიწყო. საუბარია დათა ახალაიას თანამშრომლობაზე პროკურატურასთან, რის შესახებაც "ალია" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა. ახალაია ახალ ხელისუფლებასთან იმ ფარული ჩანაწერებითა და და ინფორმაციებით ვაჭრობდა, რაც მან "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი პირების შესახებ იცოდა. როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, ღარიბაშვილმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა პრემიერ-მინისტრი, დათა ახალაიასთან ყველანაირი გზა ჩაკეტა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ღარიბაშვილმა კოჰაბიტაციის დასრულების პროცესი დაიწყო! / ვინ არის პრემიერის პირველი სამიზნე?.
"ახალაიას ძალიანაც სურდა თანამშრომლობის გაგრძელება და სხვადასხვა არხებით ცდილობდა, პროკურატურასთან კავშირის აღდგენას, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციის შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა. ის, ვინც ახალაიას ფარული ჩანაწერებით ევაჭრებოდა, სავარაუდოდ, იმ პირთა შორის უნდა ვეძებოთ, ვინც პროკურატურიდან ოთარ ფარცხალაძის მისვლის შემდეგ გაუშვეს. ახალაია, რომელმაც პირადად აწამა ასობით ადამიანი, არ უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან, მხოლოდ იმიტომ რომ ინფორმაციას ფლობს. ეს დამოკიდებულება აქვს ირაკლი ღარიბაშვილს", - ამბობს "ალიას" წყარო.
"ალია" ესაუბრა ყოფილ პოლიტპატიმარსა და უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა ვანო მერაბიშვილის, მეგის ქარდავასა და ძმებ ახალაიების უკანონო საქმეებს. "სიმართლე გითხრათ, დათა ახალაიაზე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რასაც მედია ავრცელებდა, თუმცა, შემიძლია გითხრათ მეგის ქარდავაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გადასულია გალის რაიონში და მას უშუალოდ მფარველობს აფხაზეთის კონტრტერორისტული სამსახური. მაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ მეგის ქარდავა ჩაჯდა ფედერალური სამსახურის სპეციალურ პროგრამაში, რომელსაც მოწმის დაცვის პროგრამა ჰქვია. ამ პროგრამაში ჩასმული ადამიანები სარგებლობენ გაძლიერებული დაცვით. ეჭვი მაქვს, რომ მეგის ქარდავამ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ყველა ის ინფორმაცია, რაც იცოდა. მათ შორის აგენტურული სია, ასევე ფარული ჩანაწერები, ვითომ რომ გაანადგურეს, არადა ჩანაწერების ორიგინალები რუსეთის მხარეს გადასცა ქარდავამ. ახლა მეგის ქარდავა რუსების ხელშია და რუსების ხელშია ის საიდუმლო ინფორმაციებიც, რაც ჰქონდა მეგის ქარდავას", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
"მეგის ქარდავა სხვაგან, უბრალოდ, ვერ გაიქცეოდა. იყო დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ის ბოლოს ნახეს სამეგრელოს ტყეში. ყველაზე კარგი ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა ის გაქცეულიყო, არის რუსეთი, ვინაიდან ის იქ იქნება დაცული იგივე კრიმინალური ავტორიტეტებისგან, რომლებიც მას ცოცხალს არ დატოვებდნენ, ასევე იქნება დაცული ჩეჩნებისგანაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"რომელი პატრიოტი მეგის ქარდავა მყავს, რომ ეთქვა, მოვკვდები და სამშობლოს არ გავყიდიო? აბა, ის არქივი რატომ გაიტანა ქვეყნიდან გინდაც ქარდავამ და გინდაც დანარჩენებმა? თუ გგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება რამეში ის ჩანაწერები? ამით ივაჭრებდნენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მათ მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ წაუღიათ. მეგის ქარდავამ გაიტანა კუდ-ის მთელი არქივი. ვნახოთ, აგრე გამოჩნდება, სად არის და ვისთან თანამშრომლობს. მისთვის ყველაზე მთავარი იყო ფიზიკური გადარჩენა. მან იმდენი რაღაც იცის, რომ ასეთი ინფორმაციის მქონე პიროვნებას სიამოვნებით მიიღებდა რუსეთის მხარე. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ქარდავა რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირსა და უშუალო ბმაში იყო იმაზე ადრე, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა საქართველოში. ის ჩანერგილი იყო, როგორც თხუნელა. ქარდავა რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩავარდა, რომელსაც სწორედ მეგის ქარდავა კურირებდა. ეს სპეცოპერაციები იყო საიდუმლო, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი", - დასძენს რესპონდენტი.