მადრიდის „რეალი" ეძებს მეკარეს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ტიბო კურტუას შეცვლის. მადრიდელებმა ყურადღება თურქეთის სუპერლიგისა და „ტრაბზონსფორის“ მეკარე ონურალპ ჩევიკანს მიაქციეს.
მიმდინარე სეზონში „რეალში" მეკარის პოზიციას ანდრეი ლუნინი და კეპა არისაბალაგა იზიარებენ, ხოლო კურტუა ტრავმების გამო არ თამაშობს. თუმცა, სწორედ ბელგიელი მეკარე რჩება მადრიდული კლუბის მთავარ მეკარედ მომდევნო სეზონებში.
Planeta Real Madrid-ის ცნობით, ესპანური გრანდი კურტუას (31) ასაკის გათვალისწინებით, უკვე ეძებს გრძელვადიან შემცვლელს. ასეთი შესაძლოა ლუნინი გახდეს, მაგრამ სიტუაცია მის კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერ კიდევ არ განახლებულა, ართულებს უკრაინელის შანსებს. ამასთან, კეპას კლუბში დარჩენის საშუალება არ აქვს და ზაფხულში „ჩელსიში“ დაბრუნდება, საიდანაც 2023 წლის აგვისტოში იჯარით გადაიყვანეს.
ამიტომ, „რეალმა" ყურადღება „ტრაბზონსფორის“ 18 წლის მეკარე ჩევიკანზე გაამახვილა, რომელიც, წყაროს ცნობით, „თურქული კლუბის ბრილიანტია და დიდი მომავალი აქვს.“