Tuttosport:

Tuttosport: "იუვე", გახსოვს მიქაუტაძე?"

ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ ვრცლად წერს. სტატიის სათაურია - „იუვე“, გახსოვს ის?“

საუბარია იმაზე, რომ ტურინულ გრანდს მიქაუტაძე ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ შარშან ჰყავდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერზე საუბარიც არ დაწყებულა. ახლა, როცა გიორგი „მეცში“ ბრწყინვალედ თამაშობს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ტურინულმა გაზეთმა გაიხსენა და დაწერა:

„ევროპასა და ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა. „აიაქსის“ საკუთრებაში მყოფი, მაგრამ „მეცში“ იჯარით მოთამაშე თავდამსხმელმა სეზონის მეორე ნახევარში მთელი თავისი კლასი აჩვენა. ზაფხულში ის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ამსტერდამელებს შეუერთდა, მაგრამ ნიდერლანდებში დიდი მოგონება ვერ დატოვა. სწორედ ამიტომ, დაბრუნების არჩევანი, თუნდაც ივნისამდე, კლუბში, სადაც პროფესიონალებში დებიუტი ჰქონდა და გასულ სეზონში ლიგა 1-ში აღზევებაში 23 გოლით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, წარმატებული ნაბიჯია. ორიოდე გოლი „აიაქსში“ წასვლამდეც გაიტანა და 9 გოლი იანვარში დაბრუნების შემდეგ, მათ შორის, ბოლო, „ლილის“ წინააღმდეგ წაგებულ მატჩში. ნამდვილად არ არის ცუდი სტატისტიკა მიქაუტაძისთვის, რომელიც აჩვენებს იმ ხარისხს, რომ ისევ მოექცეს დიდი კლუბების ინტერესის სფეროში, მათ შორის, „იუვენტუსის“.

მიქაუტაძე, „მეცი“ და „იუვეს“ ინტერესი

6 გოლი ბოლო ოთხ მატჩში, რომელმაც „მეცს“ 6 ქულა მოუტანა. ბოლო ოთხ მატჩში „მეცის“ გოლები მხოლოდ ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა. კლუბი, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაშია, ამაში მისი წვლილიცაა. გადამწყვეტია, როცა საჭიროა და საჭირო ადგილას საჭირო დროსაა. ლიგა 1-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია, 23 წლის ფეხბურთელი კი, მზადაა სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდს წინ გაუძღვეს. ივნისში მას „აიაქსში“ დაბრუნება შეუძლია, თუ „მეცი“ არ გააქტიურებს გამოსასყიდ 10-მილიონიან პუნქტს, რაც ლიგა 1-ში დარჩენის შემთხვევაში უფრო შესაძლებელი იქნება.

მიქაუტაძე, კვარაცხელია და...

ეჭვგარეშეა, რომ მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ისევე, როგორც მისი გოლები, რის გამოც, „იუვეს“ ინტერესი, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლით ადრე თარიღდება, შეიძლება ისევ მოდაში დაბრუნდეს. „აიაქსმა“ მასში 16 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ნიდერლანდებში მისი გამოსვლა იმედგამაცრუებელი იყო: 6 მატჩი და 0 გოლი. „ბიანკონერი“ მას თვალს კრისტიანო ჯუნტოლის მოსვლამდე, ჯოვანი მანას წყალობით ადევნებდა.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლიში“ მანას გადასვლა გარდაუვალია, არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში „აძური“ ამ ტრანსფერზე დაფიქრდეს. ძნელი წარმოსადგენია, რომ გასული ზაფხულის ღირებულება, 16 მილიონი ევრო არ შემცირდეს. „ნაპოლიში“ მას შეეძლებოდა მის თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ტანდემში თამაში. მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, მაგრამ ქართული წარმომავლობა აქვს და ეროვნულ ნაკრებში 23 შეხვედრაში 9 გოლიც გაიტანა, ასევე ითამაშა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან, როდესაც შეცვლაზე შევიდა და პენალტების სერიაში მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მაინც, როგორია მიქაუტაძის თვისებები?

მიქაუტაძის ტექნიკური დოსიე

ქართველი ტექნიკური თვისებებისა და ფიზიკური მონაცემების გამო ატიპიური ცენტრფორვარდია. მხოლოდ 1.76 სმ-ია და უყვარს შეტევის კარიდან მოშორებით დაწყებაც, ბურთით თავის ტექნიკას კარგად იყენებს, რასაც სისწრაფესაც ურთავს. მემარჯვენეა (მაგრამ მარცხენა ფეხითაც კარგად თამაშობს), დრიბლინგში ძლიერი, შეუძლია ითამაშოს კლასიკურ პირველ თავდამსხმელთან ერთადაც.

მწვრთნელი, ლაშლო ბოლონი მას გასულ სეზონში 4-2-3-1 სქემაში მარცხენა გარემარბადაც იყენებდა, მაგრამ მიქაუტაძისგან მაქსიმუმის მიღება მაშინაა შესაძლებელი, როცა კართან ახლოს მოქმედებს და დაცვითი ფუნქციებისგან თავისუფალია. ის კარგი დარტყმითაც არის დაჯილდოებული. მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ში დაბრუნდა, ქართველი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და სწორედ ამ პოზიციაზე აჩვენა თავისი საუკეთესო უნარები, განსაკუთრებით შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში“, - წერს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ში 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მეშვიდე ადგილზეა.