"მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია იქნება ერთად"

"როდესაც პარტიის ახალი წესდება მტკიცდება, მნიშვნელოვნად იცვლება მისი ხელმძღვანელობა, ცხადია, პარტია ისახავს ახალ ამოცანებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარტია იყოს უფრო ძლიერი, უფრო შეკრული და ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლად შეძლოს არჩევნებში წარმატების მიღწევა. თუმცა ეს არ ეხება კარს მომდგარ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ამ არჩევნებში ცალკე გამოსვლას არ ვაპირებთ. ამის სურვილიც რომ გვქონდეს, ის ვალდებულება, რაც შარშან საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვებისას ავიღეთ - ოთხი წლის განმავლობაში ერთად გვემართა ქვეყანა, არ მოგვცემს ამის საშუალებას. ჩვენ ოთხწლიანი პროგრამა გვაქვს შესასრულებელი. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია იქნება ერთად და არ დაიშლება", - აცხადებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული " პოლიტსაბჭოს წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დეპუტატების ჯგუფმა ააგორა ეს ბინძური კამპანია" / "სად დაიბადა დავით ნარმანია, ამასმნიშვნელობასარ ვანიჭებთ".

"როდესაც პოლიტსაბჭომ დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა დაიწყო, ეს საკითხი უკვე განხილული იყო პრეზიდენტსა და ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებს შორის. პოლიტსაბჭოზე ნარმანიას კანდიდატურა ერთხმად მოვიწონეთ, რადგან ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც მერს სჭირდება. ის პატიოსანი წარსულის მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც მართვისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. გასაგებია, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, ამბობენ, თბილისში არ არის დაბადებულიო, შეიძლება ეს ვიღაცისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ამგვარი შენიშვნა და პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ზაზა პაპუაშვილის აზრს დიდ პატივს ვცემ, ის კარგი ადამიანი, კარგი თბილისელი კაცი და კარგი დეპუტატია, მაგრამ ეს მისი ხედვაა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მიუღებელს ამბობს, მაგრამ სად დაიბადა ნარმანია, ამას მე და კოალიციის სხვა წევრები მნიშვნელობას არ ვანიჭებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით საგანელიძე.

"ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა და ამიტომ დატოვა ქუცნაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარეობა. უბრალოდ, მივიჩნიეთ, რომ რადგან ფრაქცია საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებას ფიქრობს, ამ თანამდებობაზე უფრო უპრიანი იქნებოდა გია ვოლსკი, რომელსაც დიპლომატიაში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ქუცნაშვილის არყოფნას, 21-კაციანი პოლიტსაბჭო 12-მდე შემცირდა, ცხადია, ვიღაცას მოუწევდა წასვლა. იქ ვერ მოხვდა ჩემთვის ისეთი პატივსაცემი ადამიანი, როგორიც ვანო კიღურაძეა, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება რაიმე კონფლიქტს. მე და ზაქარია ქუცნაშვილს ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ჩვენს ფრაქციაში ყველას შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას", განაგრძობს უმრავლესობის ლიდერი და შეკითხვას - "თქვენი მისამართით არაერთი კრიტიკული სტატია დაიწერა, ამბობდით, რომ არჩევნების შემდეგ ამხელდით იმათ, ვინც თქვენს საწინააღმდეგო კამპანიის აგორებას ცდილობდა", - პასუხობს:

"რამდენიმე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს სურვილი ჰქონდა, ამ რაიონებში საარჩევნო შტაბებისთვის ეხელმძღვანელა, რაზეც არ დავთანხმდი, რადგან არაეფექტურად მივიჩნევდი. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. დეპუტატების ამ პატარა ჯგუფმა ააგორა ეს ბინძური კამპანია. არ ვიცი, ასე რაში სჭირდებოდათ ეს შტაბის ხელმძღვანელობა. ყველაფრის ერთ-ერთი ინიციატორი იყო დათო ლორთქიფანიძე, რომელიც წარმოშობით ვანიდანაა, მაგრამ მაჟორიტარი არ არის. მას არა მხოლოდ შტაბის უფროსობა, არამედ ამ რაიონში ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება სურდა, ეს ეხებოდა გამგეობას, ძალოვან სტრუქტურებს, პროკურატურას... მერე მან აიყოლია კიდევ ვიღაც-ვიღაცები და ეს იყო ამ სტატიების მთელი ისტორია. არჩევნების პერიოდში ეს შიდა პრობლემა გარეთ არ გამომიტანია, მაგრამ ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ თავს უფლება მისცა, გამოსულიყო და რაც ენაზე მოადგებოდა, ელაპარაკა ანონიმურად თუ გამოგონილი გვარ-სახელით. არჩევნების დასრულების შემდეგ მე ყველა პრეტენზია დოკუმენტურად დადასტურებული წარვუდგინე პოლიტსაბჭოს და ფრაქციის მთელ შემადგენლობას".

"ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება აუცილებლად მოხდება, რაც უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკან დაიხია, თუმცა მე მათიც მესმის, უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება, ეკონომიკურად ისეა რუსეთზე მიბმული, რომ კრემლმა მუქარა თუ შეასრულა, მილიონობით ადამიანი დარჩება უმუშევარი, აღარაფერს ვამბობ გაზის მიწოდებასა და მის ფასზე. აზერბაიჯანის პოზიციაც ძალიან უიმედოა, მათ განაცხადეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარს ამბობენ, თუმცა მზად არიან რაღაც ახალი საპარტნიორო ხელშეკრულების მომზადებისთვის, რაზეც, სავარაუდოდ, თვითონ ევროკავშირი იტყვის უარს, საბოლოოდ კი ისე გამოდის, რომ აზერბაიჯანიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. რუსეთთან მარტო ვრჩებით, ურთულესი წელიწადი გველის. კრემლში ფიქრობენ, რომ სომხეთზე, აზერბაიჯანსა და უკრაინაზე გაიმარჯვეს და ახლა ჩვენთვის მოიცლიან. თუმცა ამის პარალელურად უფრო დიდ მხარდაჭერას ველით დასავლეთისგან", - დასძენს დავით საგანელიძე.

"რუსეთისგან აგრესია იქნება, გამორიცხული არ არის, რუსული ბაზარი ისევ გადაკეტონ, მაგრამ ეს ჩვენთვის ტრაგედია არ იქნება, რადგან მასზე ძველებურად აღარ ვართ დამოკიდებული. ასევე იქნება პროვოკაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გავუძლოთ. ჩვენ ევროინტეგრაციაზე უარს არ ვიტყვით... რაც შეეხება უმცირესობის ინიციატივას, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღოს პარლამენტმა, - "ნაციონალური მოძრაობა" ის პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც თავისი უტვინო საგარეო პოლიტიკით ჩააგდო ქვეყანა ამ დღეში. მაგათი კონსულტაციები არ გვჭირდება, ბეჟაშვილი ტყუილად გვასწავლის რამეს, ჯობია თავის თავს მიხედონ. როცა საჭირო იქნება, განცხადებასაც გავაკეთებთ და სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთ. მაგათი აზრი არც კი მაინტერესებს, კარგიც რომ თქვან რამე, ჩემთვის მაინც მიუღებელი იქნება", - ამბობს რესპონდენტი.