"მინდა, კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო, რომ დათანხმდნენ ასეთ მნიშვნელოვან და, ამავე დროს, რთულ სამსახურს. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზე და ასევე კომისიის დებულებაზე, რომ დაიხვეწოს და მეტად ეფექტიანი გახდეს. კომისიის თითოეული წევრის შერჩევის კრიტერიუმი იყო ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან აქვთ, ასევე ისიც, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან" - ამ განცხადებით წარუდგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას შეწყალების ახალი სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი. საკმაოდ მოულოდნელი იყო ინფორმაცია, რომ კომისიას უხელმძღვანელებს ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც ამ პოზიციაზე ელენე თევდორაძე შეცვალა. გვაინტერესებდა ქალბატონ ელენე თევდორაძის აზრი კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ, თუმცა მან კომენტარზე უარი თქვა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა საჯარო სამსახურზედა" / "ვეცდებით, შესაწყალებელთა სიები საახალწლოდ მოვამზადოთ".
"შემოთავაზება ვისგან მივიღე, დეტალებს ნუ მათქმევინებთ, ამაზე ლაპარაკის უფლება თუ მაქვს, არც ვიცი. პრეზიდენტისგან პირადად ნამდვილად არ მიმიღია, მაგრამ მივიღე მისი ადმინისტრაციისგან. მართალია, ჩემგან პასუხს მაშინვე ითხოვდნენ, მაგრამ ვთხოვე, ცოტა ხანს დავფიქრდები-მეთქი. ფაქტობრივად, ნახევარი დღე ვიფიქრე. ჟურნალისტიკას ვერ შეველიე - ჩემი პირობა იყო, რომ სამსახურში უნდა დავრჩენილიყავი. ასე რომ, მუშაობას ტელეკომპანია "კავკასიაშიც" ვაგრძელებ და "ტფილისის ჰამქარშიც". ეს არ არის საჯარო სამსახური, მე საჯარო მოხელე არ ვხდები. ჩემი პირობა იყო, რომ ჟურნალისტიკისთვის თავი არ უნდა დამენებებინა, ისინი დამთანხმდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დავთანხმდი ამგვარ წინადადებას. მიმაჩნია, რომ სამუშაო ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა. არანაირ სხვა სახელმწიფო თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, ჩემგან საჯარო მოხელე არ დადგება. მე ჩემი საქმე მიყვარს, ჩემს "ამქარზე" ჭკუას ვკარგავ. მოკლედ, "ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა, საჯარო სამსახურზედა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
"ძალიან ვეცდებით, რომ სიები საახალწლოდ მოვამზადოთ. რაც შეეხება დებულებას, უკვე შევთანხმდით, რომ ეს შეწყალება ძველი დებულების მიხედვით განხორციელდება, რადგან სხვაგვარად ვერ მოესწრება. დრო ცოტა გვაქვს. პატიმრები ამ პროცესს 23 ნოემბრისთვის, გიორგობისთვის ელოდნენ. პოლიტიკური ვითარებისა და ახალი კომისიის დაკომპლექტების გამო ეს პროცესი გადავადდა. ამიტომაც მეტად ვეღარ გავაჭიანურებთ. პარალელურად ჩვენ უკვე გვაქვს მოსაზრებები დებულების ცვლილებასთან დაკავშირებით, ამაზე უფრო გააქტიურდება მუშაობა და მალე ამასაც წარვუდგენთ პრეზიდენტს, გაიმართება ამ თემაზე მსჯელობა", - განაგრძობს ალეკო ელისაშვილი.
"იქ არის რამდენიმე ორაზროვანი მუხლი, რაც პროცესის ბუნდოვნად წარმართვის საფრთხეს ქმნის. ზოგიერთი მუხლი კი საერთოდ ისეთია, რომ ლამის აზრს უკარგავს კომისიის მუშაობას, ამიტომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ ახალი წლის შემდგომი შეწყალება უკვე გასწორებული დებულების მიხედვით მოხდება. მთავარია, დებულების გასწორებით ეს პროცესი ძალიან მკაფიო და გამჭვირვალე გახდეს. ორაზროვნება ყოველთვის იწვევს მითქმა-მოთქმასა და გაუგებრობებს. ერთი სამუშაო სხდომა უკვე გვქონდა და პრეზიდენტსაც შევხვდით. მალე სრული დატვირთვით შევუდგებით საქმეს. ძალიან ბევრი სამუშაოა დაგროვილი, 600 საქმეა განსახილველი", - დასძენს შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარე.