კახა გოგოლაშვილი: რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველომაც უარი თქვას

კახა გოგოლაშვილი: რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველომაც უარი თქვას

ვილნიუსის სამიტის წინ უკრაინაში ვითარება იძაბება. ამის მიზეზი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინამ გასულ კვირას მიიღო და რასაც ასიათასობით მოქალაქის პროტესტი მოჰყვა. რა გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ვილნიუსის სამიტზე და გააძლიერებს თუ არა რუსეთი ზეწოლას საქართველოზე - Geotimes.Ge ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ვილნიუსის სამიტამდე 2 დღით ადრე, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება დაიწყეს. შესაძლებელია თუ არა, აღქმული იყოს ეს, როგორც რუსეთის მხრიდან ზეწოლის ან პროვოკაციის მცდელობა მოახლოებული ვილნიუსის სამიტის წინ?

- ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და რუსები საკუთარ გეგმას ნელ-ნელა ახორციელებენ, რაც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მონიშვნაში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს. სპეკულაციები ამ თემაზე შესაძლებელია იყოს, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ შეგვიძლია ეს ვილნიუსის სამიტს დავუკავშიროთ, შეგვიძლია - არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ნეგატიური მოვლენაა და ამას ცალკე მუშაობა და სერიოზული რეაგირება სჭირდება, რათა ეს პროცესი როგორმე შევაფერხოთ.

- თუმცა, ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს, როცა საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავა, რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, ისვე, როგორც მოლდოვაზე. რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ამის თაობაზე?

- ბანერები და საზღვრის აღმნიშვნელი სხვა ნიშნები არ არის ზეწოლის ყველაზე მძლავრი მექანიზმი. არსებით მნიშვნელობა არ აქვს, არსებობს თუ არა საზღვრის აღმნიშვნელი ბანრები. ნებისმიერ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, სახეზეა. საქართველოს მოქალაქეებს გადასვლის უფლება არ აქვთ არც იქით და არც აქეთ. ამას ვერ ვერსად გავექცევით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მთავარი პრობლემა. რუსეთის ზეწოლა რომ გაძლიერდება, ეს ცხადია. რა თქმა უნდა, რუსეთი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოც აიძულოს უარი თქვას ხელშეკრულების ხელმოწერაზე ევროკავშირთან. 

- რა სახის შეიძლება იყოს ეს ზეწოლა?

- ამ მომენტში ძნელია ამის თქმა. დიდი შესაძლებლობები რუსეთს ამ დროისთვის აღარ აქვს. თვითონ მოიჭრა ეს შესაძლებლობები, მაგრამ ზეწოლა უამრავ პატარა დეტალში შეიძლება გამოიხატოს. მათ შორის, საზღვრის ინციდენტებში და ა.შ. შეუძლია გამოყენოს საქართველოს ეკონომიკური ინტერესის ფაქტორი. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ყველაზე უფრო მძლავრი ბერკეტი იქნება სავიზო რეჟიმი. სავარაუდოდ, ის უვიზო მიმოსვლას დაუშვებს, ხოლო შემდეგ დაგვემუქრება გაუქმებით. ასევე, საგულისხმოა ჩვენი საქონლის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე. განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტის, რომელსაც ასევე მაქსიმალურად დაუშვებს, შემდეგ დაგვემუქრება ბაზრის დახურვით და ამით რაღაც ზემოქმედებას მოახდენს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებიც ამის გამო შესაძლოა, დაზარალდნენ. ეს იქნება ალბათ, ძირითადი ბერკეტები. დანარჩენს ამ მომენტში ვერ ვხედავ, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს სხვა უფრო ხისტი შესაძლებლობებიც.

არსებობს ასევე, შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების და პრორუსული ძალების დაფინანსება, დაზვერვის საშუალებების გამოყენება, დივერსიული საშუალებები, სხვადასხვა სახის მუქარა პოლიტიკოსების მიმართ, შანტაჟი და ა.შ. ეს ყველაფრი შეიძლება ითქვას, რომ მცირე კალიბრის ინსტრუმენტებია. ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი მაინც ეკონომიკური იარაღი და ბერკეტებია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დასაზიანებლად.
- ასეთ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები რუსეთის ზეწოლისგან დაიცვას? აქვს თუ არა მას ამის რეალური ინსტრუმენტები?

- კი, თუ საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოება იქნება ერთიანი თავის პოზიციაში, ევროკავშირს შეუძლია დაიცვას და დაეხმაროს ქვეყანას, და პრევენციული ზომებიც მიიღოს. უკრაინის შემთხვევაში ეს არ მოხერხდა, იმიტომ რომ თვითონ უკრაინის მთავრობა და ხელისუფლება გაყოფილია თავის აზრებში, ყოყმანობს, გადაწყვეტილება ვერ მიუღია და ამიტომ ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით, ვერ იქნება ქმედითი. მაგრამ, საქართველოსთან მიმართებაში ვფიქრობ რომ, სხვა სურათი გვაქვს. ამ შემთხვევაში, ცალსახად, საჭირო იქნება საქართველოს დაცვა და ამაში ერთიანი იქნება საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ოპოზიცია, მოსახლეობა, თავისთავად ევროკავშირი და თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელმაც ასევე უკმაყოფილება გამოხატა უკრაინის გადაწყვეტილებაზე.

აშშ უკვე აბსოლუტურად იზიარებს ევროკავშირის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ამ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირს მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდნენ. ევროკავშირთან უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია და შეერთებული შტატების მხარდაჭერაც გარანტირებული იქნება.

- ამ ეტაპზე უკრაინასთან დაკავშირებით, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება? შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინამ წელს თუ არა, უახლოეს მომავალში მაინც გააფორმოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? 

- მე მგონია, რომ უკრაინა გააფორმებს ამ ხელშეკრულებას. თუ იანუკოვიჩის მთავრობა ამას მოახერხებს, შესაძლოა, გადარჩეს და შემდეგ არჩევნებზე ისევ მისცენ ხმა ამ ძალას. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მას უკრაინელი ხალხი გადაირჩევს, პროევროპული ძალები გააქტიურდებიან და უკრაინა მაინც მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას 2015 წელს, უკვე სხვა მმართველი ძალის პირობებში.

- შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განახორციელებს ამის მენეჯმენტს თვითონ ხელისუფლება. თუ ის მოახრეხრებს რაღაცნაირად დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს დროებითი ზომაა და ევროკავშირთან დაახლოებას გააგრძელებს, შესაძლოა, აქციების სიმწვავე შეარბილოს. მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს იანუკოვიჩი, უკრაინაში პერმანენტული, მწვავე აქციები გველის. არ არის გამორიცხული, უფრო მეტი გართულებებიც, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარია სამოქალაქო დაპირისპირება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ვფიქრობ, ევროკავშირიც არ დაუჭერს მხარს უკრაინაში დესტაბილიზაციას და შეეცდება სიტუაცია დაარეგულიროს. მაგრამ უკრაინა ამ აქციებით რაღაცას მოიგებს და რაღაც გარანტიებს მიიღებს, რომლის შედეგადაც უკრაინა აუცილებლად გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას. 

- ამ აქციებით უკრაინის ხელისუფლების ცვლილება მოსალოდნელია? 

- ამის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია. თუ ვერ მოახერხა იანუკოვიჩმა თავისი დაპირებებით სიტუაციის შერბილება და უფრო მოქნილი მიდგომები, შესაძლებელია ასეც მოხდეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე არ მივა, იმიტომ, რომ მთავრობა მაინც მოახერხებს, დაპირებებით საპროტესტო ტალღის შენელებას. შესაძლოა, დანიშნოს კიდეც ხელმოწერის სხვა ვადა, მაგალითად, გაზაფხულზე. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საპროტესტო ტალღა გაჩერდეს.

- საქართველოს პარლამენტში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადების გავრცელების საჭიროებაზე მსჯელობენ. აზრთა სხვადასხვაობაა განცხადების შინაარსთან დაკავშირებითაც. არსებობს თუ არა იმის აუცილებლობა, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს? როგორი უნდა იყოს მისი შინაარსი? 

- ეს აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ განცხადება უნდა იყოს ძალიან ბრძნული და გაწონასწორებული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს სიტუაციის პროვოცირებას და ვითარების გამწვავებას. პირიქით, ის უნდა მოუწოდებდეს პოლიტიკური დიალოგისკენ, მაგრამ ამავე დროს, უნდა დაფისქირდეს პოზიცია, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ არჩევანს. ასევე, ნაკლებად უნდა შეეხოს რუსეთს, მაგრამ მინიშნებები გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა თუ არ გმობს, არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს ნებისმიერი მესამე ძალის მცდელობას შეაცვლევინოს კურსი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ეს განცხადებები არ უნდა იყოს ძალიან ხისტი და შეურაცხმყოფელი რუსეთის ხელისუფლებისადმი. ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტმა მაქსიმალურ სიბრძნეს უნდა მიმართოს.