რუსეთიდან მიგრაცია შესაძლოა, წელს კიდევ გაიზარდოს?!

რუსეთიდან მიგრაცია შესაძლოა, წელს კიდევ გაიზარდოს?!

გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთიდან მიგრაციული ნაკადი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. საუბარია შარშანდელ შედარებით მაჩვენებლზე, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალურია.

დაახლოებით ასეთ პროგნოზს აკეთებს „თიბისი კაპიტალი“ თავის ყოველკვირეულ შეფასებაში და მოსალოდნელ ცვლილებაზე წერს. კვლევის თანახმად, რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება უკრაინაში მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება.

„შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია. ეს უკრაინაში მოვლენების შესაძლო გართულებას და სიტუაციის ასევე შესაძლო ესკალაციას უკავშირდება.

ასეთი სცენარი გავლენას იქონიებს ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში დინამიკურად ვითარდება. საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაღალი საკრედიტო აქტივობა. ჯამური ინფლაცია კვლავ დაბალია, თუმცა მომსახურების სფეროში ფასების დინამიკა, როგორც ჩანს, სამიზნეზე მაღალი დარჩება. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ის ფარგლებში იქნება.

ლარის კურსის მხრივ, უკვე მარტშიც აღინიშნება წმინდა სავალუტო შემოდინებების მაღალი მაჩვენებელი, რაც მხოლოდ მიგრაციის ეფექტით არაა გამოწვეული. ამასთან, ჩვენი შეფასებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, კვლავ გამყარებას აჩვენებს“, - წერია კვლევაში.

არადა ბოლო თვეებში მიგრანტების რაოდენობა ქვეყანაში მინიმუმამდე დავიდა. ის კი არადა, ჩრდილოეთიდან საგრძნობლად იკლო ტურისტების ნაკადმაც. მაგალითად, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 41 319-ით ნაკლები ტურისტი ესტუმრა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოს რუსეთიდან 215 468 ვიზიტორი ეწვია, რაც 16.1%-ით, ანუ 41 319-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანაში რუსეთის 256 787 მოქალაქე შემოვიდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების მაჩვენებელმა ჯამში, 1 157 347 შეადგინა, შესაბამისად, აქედან 18.6% რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდიოდა. ზოგადად კი ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები უკვე პასიურობენ.

მიგრანტების ეფექტის მილევას ქვეყნის ეკონომიკაზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ამას ადასტურებენ, როგორ ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი ელის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დადებითი ეკონომიკური ეფექტის ამოწურვას საქართველოზე მხოლოდ ზომიერი გავლენა ექნება.

როგორც საქართველოში ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის უფროსმა ეკონომისტმა, გიორგი ლუარსაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო შემოდინებების კლება უკვე სახეზეა, მაგრამ ეს რაიმე პრობლემებს არ ქმნის.

„თავდაპირველად მოლოდინი იყო, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა საწყის ეტაპზე მძიმე შედეგებს გამოიწვევდა, განსაკუთრებით, რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის, მაგრამ ასე არ განვითარდა და პირიქით, დადებითი როლი შეასრულა. ესეც მილევადია და ჩვენი მოლოდინია, რომ გავლენა ზომიერი იქნება და ეკონომიკაზე მყისიერი უარყოფითი გავლენა არ ექნება.

რაც შეეხება საგარეო შემოდინებებს, კლების ტენდენცია უკვე გამოიკვეთა და სახეზეა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ფულადი გადმორიცხვები უკვე 35%-ითაა შემცირებული, მათ შორის, რუსეთიდან დაახლოებით 70%-ითაა კლება და მოლოდინი გვაქვს, რომ გარკვეულწილად, ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა ეს არ იქნება მყისიერი შემცირება და აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ გავლენა ეკონომიკაზე უფრო რბილი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, განუზღვრელობა გაცილებით მაღალია მომავალ წელზე. მთლიანობაში კი, საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკავშირდება არსებითად გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში, ასევე მოგეხსენებათ, შემოდინებებზე გავლენას ახდენს მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები“, - განაცხადა გიორგი ლუარსაბიშვილმა.