„რევოლუციები ხდება იქ, სადაც ხალხს უკეთეს მომავალში არწმუნებენ“

„რევოლუციები ხდება იქ, სადაც ხალხს უკეთეს მომავალში არწმუნებენ“

ეგვიპტე კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. ერთ–ერთ ბოლო დაპირისპირებას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 900 მომიტინგე კი დაშავდა. ჩრდილო აფრიკულ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში ეგვიპტის მოვლენების განმეორებას არ გამორიცხავს. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით კი, „ტუნისის, ეგვიპტის ან იემენის მოვლენები ქართული ოპოზიციისთვის ცდუნებაა, თუმცა საქართველოში მისი განმეორება გამორიცხულია“.

ქაიროს ქუჩებში კვლავ ბარიკადებია აღმართული. რამდენიმე ათასი მომიტინგე ამ დრომდე ქუჩებში რჩება. ბოლო ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში მომუშავე 24 უცხოელი ჟურნალისტია დაკავებული. მომიტინგეებმა იერიში ადამიანის უფლებების დამცველებზეც მიიტანეს.

მომხდართან დაკავშირებით ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანიმ კომენტარი გააკეთა. მან იმ ეკონომიკურ ზარალზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას 10-დღიანი არეულობის შედეგად მიადგა და განაცხადა, რომ „ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის უფლება არცერთ ქვეყანას არ აქვს - მათ მხოლოდ რჩევების მიცემა შეუძლიათ“.

„ბოლო 9 დღის განმავლობაში ეგვიპტე მილიონამდე ტურისტმა დატოვა, რის გამოც დიდი ფინანსური ზარალი მოგვადგა. ტურიზმის სექტორში ქვეყანამ ამ დღეებში სულ მცირე მილიარდი დოლარი დაკარგა“, - განაცხადა სულეიმანმა.

პრესკონფერენცია გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმ აჰმედ შაფიდმაც, რომელმაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებული იერიშის გამო ბოდიში მოიხადა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეგვიპტეში მსგავსი რამ მოხდებოდა, მაგრამ რადგან ჩვენ სახელმწიფოს მთავრობა ვართ, ვთვლი, რომ ასეთ დროს ბოდიში უნდა მოვიხადოთ და იგივეს განმეორება აღარ დავუშვათ“, - განაცხადა შაფიდმა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეს დიდ ქალაქებში პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომით მასობრივი საპროტესტო აქციები 25 იანვრიდან მიმდინარეობს.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში ეგვიპტის მოვლენების განმეორებას არ გამორიცხავს.

როგორც ბურჯანაძემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „ეგვიპტეში არსებული ვითარება იმან გამოიწვია, რომ მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების დროულად დანახვა ვერ მოხდა“.

„საქართველოში ერთ მშვენიერ დღეს მოსახლეობის მხრიდან აზვირთებას არ გამოვრიცხავ, რადგან ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. დიდი იმედი მინდა, ვიქონია, რომ მსხვერპლი არ იქნება. წარმომადგენლობითი სახალხო კრების გეგმების აღსრულების გარეშე, საქართველოში ახლა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ექსპერტი სოსო ცინცაძე საქართველოში ეგვიპტის მოვლენების განვითარებას გამორიცხავს.

”ქართულ ოპოზიციას იმის უნარი არ შესწევს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მოსვლის შემთხვევაში უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია” - ასე გამოეხმაურა ცინცაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოში ეგვიპტის მოვლენების განმეორებაა მოსალოდნელი.

ექსპერტის თქმით, ტუნისის, ეგვიპტის ან იემენის მოვლენები ქართული ოპოზიციისთვის ცდუნებაა, თუმცა საქართველოში მისი განმეორება გამორიცხულია.

„რევოლუციები იქ კი არ ხდება, სადაც ხალხი ცუდად ცხოვრობს, არამედ იქ, სადაც ხალხს უკეთეს მომავალში არწმუნებენ. საქართველოში კი ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან ქართულ ოპოზიციაში ვერ ნახავთ პარტიას, რომელსაც მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამა აქვს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, „ტუნისში რევოლუცია გაცილებით უმტკივნეულოდ ჩატარდა იქიდან გამომდინარე, რომ ტუნისის მოსახლეობის უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული“.

„ეგვიპტეში ასე არ არის. რაც შეეხება საქართველოს, მართალია განათლების ექს-მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი საზოგადოება ეგვიპტის მასისთვის დაემსგავსებინა, მაგრამ ჩვენ ინტელექტი შემორჩენილი გვაქვს. ქართულ საზოგადოებას ინტელექტუალური რესურსი კარნახობს, რომ ბრმად არ უნდა ენდოს მას, ვინც უკეთეს მომავალს ჰპირდება“, - აცხადებს ცინცაძე.

ამასთან, ექსპერტი ქვეყანაში არსებულ ინფლაციას „ოპოზიციის საჩუქრად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას რეალური პროგრამა ექნება, შესაძლოა, ხალხის გამოსვლები მართლაც დაიწყოს, თუმცა ეს ქაოსში არ გადაიზრდება.

„ქუჩის გამოსვლები სხვაა, მაგრამ საქართველოში ეგვიპტის მოვლენების განმეორების და ქაოსის არ მჯერა“, - დასძინა სოსო ცინცაძემ.