რას შეცვლის საქართველოსთვის ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობა?

რას შეცვლის საქართველოსთვის ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობა?

ევროკავშირის შემდეგი ხელმძღვანელი ქვეყანა უნგრეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისიდან ევროკავშირს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ეს კი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკითხი მისი ეროვნულ ინტერესების შესაბამისად იქნას განხილული. ამასთანავე, ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება. არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 400 მილიონი მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს 705 წევრს აირჩევს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად. საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში. ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ჯერ არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა, კენჭი იყაროს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით, თუმცა არსებული ინფორმაციით ურსულა ფონ დერ ლაიენი არ აპირებს ხელმეორედ გახდეს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ადრეული პროგნოზით, ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) დაკარგავს თითქმის 20 ადგილს, მაგრამ დარჩება უდიდეს ფორმირებად 163 ევროპარლამენტართან ერთად. მეორე ადგილზე კი სოციალისტების და დემოკრატების (S&D) ჯგუფი იქნება, 141 დეპუტატით. ეს, ჯერ მხოლოდ პროგნოზია, თუმცა ცხადია, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატი შეიცვლება და მათ შორის ისინი, რომლებიც ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში და რადიკალურ ძალებს კარნახობენ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი გოგავა ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ელოდებიან, რომ მემარჯვენე ანუ ტრადიციონალისტთა რიცხვი ევროპარლამენტში გაიზრდება. მისი თქმით, 9 ქვეყანაში (ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, პოლონეთი, იტალია, ბელგია, საფრანგეთი) პირველ ადგილზე არიან ტრადიციონალისტები. მეორე და მესამე ადგილზე გადიან ტრადიციონალისტები შემდეგ 9 ქვეყანაში: ესტონეთი, გერმანია, ბულგარეთი, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, ფინეთი.

„კვლევების მიხედვით, ევროპარლამენტის თითქმის ნახევარი არამეინსტრიმული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დაკომპლექტდება. მეინსტრიმულში იგულისხმება: ევროპის სახალხო პარტია, ევროპელი სოციალისტები და ლიბერალები. ეს კი ნიშნავს, რომ კონსერვატორები, ქრისტიან-დემოკრატები და რადიკალური მემარჯვენეები ახალ უმრავლესობას ჩამოაყალიბებენ და ეს ევროპარლამენტის ისტორიაში პირველად მოხდება“, - აცხადებს გოგავა.

როგორც ირაკლი გოგავა აცხადებს, ევროპარლამენტის მემარჯვენე უმრავლესობა გავლენას მოახდენს ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, მისი თქმით, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპარლამენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია და მეტი ძალაუფლება ევროპის საბჭოს და ევროკომისიას გააჩნია.

„მემარჯვენე ძალებისგან აღსანიშნავია ავსტრიული „თავისუფლების პარტია“, უნგრული „ფიდე“, გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ეს პარტიები უნგრეთის ლიდერის ვიქტორ ორბანის მეთაურობით აპირებენ კონსერვატული ძალების კონსოლიდაციას ევროპის პარლამენტში და ბრიუსელის ბიუროკრატიაზე კონტროლის გაძლიერებას.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ 1 ივლისიდან უნგრეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და 6 თვის განმავლობაში ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს - ევროკავშირის მთავარ მმართველ ორგანოს. ეს კი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკითხი მიკერძოებულად არ იქნას განხილული და ევროკავშირთან მოლაპარაკებები არა უსაგნო დათქმებით და ულტიმატუმებით წარიმართოს, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესების შესაბამისად.

საარჩევნოდ თუ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას მოინდომებს საქართველოში, ამის დალაგებაც გაჭირდება ევროკავშირში. პრეზიდენტი ორბანი შავზე თეთრიაო არ იტყვის. გარდა ამისა, ევროკავშირს ქაოსი საქართველოში არ აწყობს, რადგან შუა აზიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე წვდომა შეეზღუდება. მოკლედ, ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ მიდის, მთავარია, ჩვენ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პრინციპული პოლიტიკა ვაწარმოოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ პატივისცემას უცხოური ძალის ცენტრებისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

კარდინალურ ცვლილებებს არ ელოდება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, უნგრელები თითქოს დამოუკიდებელ პოლიტკას ატარებენ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ გატარებას, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგება და ეს ქვეყნის კეთილდღეობას ეხება, ასევე ევროკავშირიდან დახმარების მიღებას, როგორც წესი, ბოლო მომენტში უნგრელები ცვლიან პოზიციას.

„ასე რომ, არა მგონია უნგრეთმა საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნას იმით, რომ ის თუ თავმჯდომარე იქნება, რაღაცა ისეთი მოიმოქმედოს, რაც მთლიანად ევროკავშირის ხაზის საწინააღმდეგო იქნება. რა თქმა უნდა, დაიცავს თავის პოზიციებს მანამდე, სანამ შეუძლია, რომ მიიღოს მაქსიმუმი იმ შესაძლებლობებიდან, რაც შეიძლება უნგრეთმა მიიღოს. უნგრეთში იმის გამო, რომ ევროკავშირის ტრანშები იქნა შეჩერებული გარკვეული მოსაზრებების გამო, იმიტომ, რომ უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით ვიცით რა მოხდა, მან უნგრეთის ეკონომიკაზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა და ახლა ორბანის მთავარი ამოცანა არის, რომ შიდა პოლიტიკური არეულობები ჩააცხროს.

ვიცით, რომ დაწყებულია ანტიორბანისეული გამოსვლები და რაღაცნაირად შეეცდება ეროკავშირთან ურთიერთობა დაალაგოს. ამიტომაც, მე არ ველოდები უნგრეთის თავმჯდომარეობიდან რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს და ძვრებს. ერთადერთი რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს აქედან, უნგრეთმა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესსს, ანუ როგროც თავმჯდომარე ქვეყანამ, თავისი სიტყვა შეაწიოს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნას წევრობის თაობაზე, თუმცა, რამდენად მოხდება ეს, აქ უკვე ბევრი კითხვა ისმის“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ანალიტიკოსის შეფასებით, პროგნოზის გამოთქმა ახლა რთულია, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა მიდის, უკრაინის ომი და ამ ომის შედეგად ევროპის, პრაქტიკულად, აშშ-ის ვასალად გადაქცევა, მისი ეკონომიკის გაუარესება და ბევრი სხვა ნეგატიური მოვლენები, რის გამოც ევროპელ ამომრჩევლებს ქამრების შემოჭერა მოუწიათ, შესაძლოა, ამ არჩევნებზე წარმატების შანსი გაუჩნდეთ ევროსკეპტიკურ ძალებს, ანუ ევროიზოლაციონისტებს.

„მათ შეიძლება მოიპოვონ რაღაცა დამატებითი მანდატები, მაგრამ საბოლოოდ, რამდენად აღმოჩნდება ეს გადამწყვეტი ევროპარლამენტის კონფიგურაციის შექმნისას, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ის გამოკითხვები, რასაც გავეცანი ევროპარლამენტის არჩევნების წინ, მკაფიო სურათს არ იძლევა. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ახლა არიან და იქ საქართველს ხელისუფლებას ებრძვიან, შესაძლოა, იქ აღარ იყვნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

robot არც არაფერს შეცვლის. ორბანი საკუთარ (ან საკუთარი ქვეყნის) ინტერესებს ესწრაფვის და ნუ ვიქნებით რაღაცის მოლოდინში.
4 კვირის უკან