რა კავშირი აქვს პოლიციელის სიკვდილს ხურჩის ინციდენტთან?

რა კავშირი აქვს პოლიციელის სიკვდილს ხურჩის ინციდენტთან?

შს მინისტრი გამორიცხავს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის მკვლელობას და აცხადებს, რომ ალექსანდრე დანელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, როგორც ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, ეს ფაქტი 2008 წლის გაზაფხულზე სოფელ ხურჩაში მომხდარი აფეთქების გამოძიებას უკავშირდება. ე.წ. ხურჩის ინციდენტი ბოლო ხანებში მწვავე დაპირისპირების საგნად იქცა ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის.

ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური წყაროებიდან ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. შს მინისტრის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც ”მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით” თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ალექსანდრე ჭიკაიძე დარწმუნებულია, რომ პოლიციელი მოკლული არ არის:

”სახლში იქნა ნაპოვნი, კარი იყო შიგნიდან ჩაკეტილი... მკვლელობას გამოვრიცხავ. ეს არის თვითმკვლელობა, მაგრამ რამ გამოიწვია, ამას გამოძიება დაადგენს და დაწვრილებით მოგახსენებთ”.

თვითმკვლელობას ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ადვოკატი რომეო საჯაიაც, თუმცა, როგორც მან 25 ნოემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, მისთვის უფრო რეალისტურად გამოიყურება მკვლელობის ვერსია, რაც, მისი თქმით, ხურჩის ინციდენტს უკავშირდება. რომეო საჯაიას ამ პროცესთან უშუალო შეხება აქვს, რადგანაც ის ხურჩის ინციდენტის საქმეზე დაკავებული ყოფილი უშიშროების ოფიცრის რომან შამათავას ადვოკატია. გავიხსენოთ, რომ ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავა და განაცხადა, რომ 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განხორციელებული ტერაქტი მათ მიერ წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო. როგორც რომეო საჯაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, გარდაცვლილი პოლიციელი ალექსანდრე დანელია ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმეს წარმოადგენდა და ის გამოძიებამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების წინა დღეს დაკითხა:

”მიაცემინეს მას აფხაზებისთვის სასურველი ჩვენება და კიდევ ითხოვდნენ ამისგან ცრუ ჩვენების მიცემას... ვერსია არის ორი: 1. ამ ზეწოლის გამო მოიკლა თავი და მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე თუ 2. ალბათობის მაღალი ხარისხით - მოხდა მისი ლიკვიდაცია. მან ილაპარაკა 2-3 დღის წინ ერთ პიროვნებასთან, რომ აპირებდა ამ ყველაფრის თქმას საჯაროდ და სამსახურიდან წამოსვლას”.

როგორც ადვოკატი საჯაია აღნიშნავს, გარდაცვლილი პოლიციელი ალექსანდრე დანელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის - რომან შამათავას - მოადგილე და მეგობარი იყო და, აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა მის მიერ შაფათავას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ფაქტი. 20 ოქტომბრით დათარიღებულ დაკითხვის ოქმში, ადვოკატ საჯაიას თქმით, დანელია აღნიშნავს, რომ თავად მონაწილეობდა ინსცენირებულ ტერორისტულ აქტში და რომ გეგმა მასთან თავად შამათავამ შეათანხმა.

ხურჩის ინციდენტი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის გარშემოც განსაკუთრებით მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და, მათ შორის, პარლამენტშიც. ასე იყო, მაგალითად, 19 და 20 ნოემბერს, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინ გამართულ დებატებზე.

ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს - რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას - სამშობლოს ინტერესებისთვის მოღვაწე, პატრიოტ ადამიანებად ახასიათებს საპარლამენტო უმცირესობა. დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა 20 ნოემბერს საკმაოდ გრძელი სია წაიკითხა თავდაცვისა და შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისა, სადაც აწ გარდაცვლილი მაღალჩინოსანი ალექსანდრე დანელიაც იყო მოხსენიებული.

”ამათ აქვთ მიცემული ჩვენებები რომან შამათავას წინააღმდეგ - პატრიოტი ადამიანის წინააღმდეგ, რომ რომან შამათავასთან ერთად ისინიც სჩადიოდნენ ტერორისტულ აქტს. აი, სად არის შერჩევითი მართლმსაჯულება და, აი, რატომ არ გვჯერა თქვენ მიერ გამოყენებული ტერმინის - დეპოლიტიზების”, - აღნიშნა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.

განსხვავებული შეფასებები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. 20 ნოემბრის დებატებზე დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ხურჩის ინციდენტს ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ”ყველაზე სამარცხვინო” ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამოძიება ”ქართული ოცნების” ხელისუფლების არა ახირება, არამედ ”საერთაშორისო ვალდებულება” იყო. თინა ხიდაშელმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა ამ საქმესთან დაკავშირებით გაეროს ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის შინაარსზე. ის მან ჯერ ინგლისურად წაიკითხა და შემდეგ გარკვეული დეტალები გადათარგმნა: 

”პირველი - საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა გასროლა... და მეორე - რომ იქ იყო მედიაშოუ დადგმული...  იმ დღეს არჩევნები ტარდებოდა საქართველოში (2008 წლის 21 მაისს) და პირდაპირ წერია ამ დასკვნაში - (ეს მოხდა იმისთვის) რომ გადაფარულიყო ის საარჩევნო დარღვევები, რაც მრავლად იყო საქართველოში. და ეს დასკვნა იმით მთავრდება, რომ - ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს გამოძიება დაუყოვნებლივ და რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ასეთი დაძაბულობისა კონფლიქტის ზონაში”.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არსებობს კიდევ ”ძალიან სერიოზული ბრალდებები” ადამიანების გატაცებებისა თუ მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით და რეალობას გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ხურჩის ინციდენტის თაობაზე  სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.