მიხეილ მაჭავარიანი ზურაბ ჟვანიას საქმეზე სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს?!

მიხეილ მაჭავარიანი ზურაბ ჟვანიას საქმეზე სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს?!

ამბობს, რომ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა მისთვის უჩვეულო პოლიტიკური მდგომარეობა არ არის და არც ის უქმნის უხერხულობას, რომ მისი ძმა საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. როდის დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, ვისი რეკომენდაციით ხელმძღვანელობს პარტიას და არის თუ არა მართალი ზურაბ ჟვანიას წინაშე? - "ვერსიას" საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრა.

- თუ "ქართული ოცნების" მმართველობას ობეიქტურად შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა შეჩერებულია და საგარეო მიმართულებითაც უამრავი პრობლემა არსებობს. გვესმის, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მმართველი გუნდისგან ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი კითხვაზე: სად გადის ზღვარი - ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე გატანაზე თუ საქართველოს მთავრობა უფრო შორს იხედება და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივებზე ფიქრობს?! მათგან განსხვავებით, ჩვენ ბევრად რთული გზა გავიარეთ, რადგან ცხრა წლის წინ აბსოლუტურად კორუმპირებული პოლიცია ჩავიბარეთ - "გაიშნიკები" ბატონობდნენ და "კანარეიკები" დარბოდნენ, ახალ ხელისუფლებას კი გამართული საპატრულო პოლიცია და ისეთი სისტემა გადავაბარეთ, რომელიც საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობდა.

- თუმცა ნაციონალების მმართველობის დროს, საპატრულო პოლიცია ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად იქცა და თქვენმა თანაგუნდელმა, ვაჟა ჩიტიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს სისტემის დეპოლიტიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
- ეს მხოლოდ ბატონი ვაჟას მოსაზრებაა, რომელსაც არ ვეთანხმები... რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემებიც არსებობდა. საზოგადოებას არ მოვატყუებ და ვიტყვი, რომ ზოგიერთებს თავის გამოჩენა ზედმეტად მოუნდათ, თუმცა ამას სისტემის გამრათულობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

- ვინ სცადა საკუთარი ძალების დემონსტრირება და რატომ საუბრობთ ყველაფერ ამაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ ფლანგზე აღმოჩნდით?
- დიახ, შეცდომებს ახლა ვაღიარებთ და ამაში ცუდი არაფერია. მთელ მსოფლიოში ასე ხდება - ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უფრო კარგად აანალიზებ, როდის დაუშვი ფატალური შეცდომა. "ქართულ ოცნებას" გულწრფელად ვურჩევთ - ჩვენს შეცდომებს ნუ გაიმეორებს. სხვათა შორის, საკუთარ შეცდომებს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვამჩნევდით, ამიტომაც იცვლებოდნენ მინისტრები, ზოგი კი გუნდს საერთოდ ტოვებდა.

- პირადად თქვენ 1995 წლიდან ხელისუფლებაში იყავით. მართალია, 2002 წელს უმრავლესობა ზურაბ ჟვანიასთან ერთად დატოვეთ, მაგრამ მაშინ იცოდით, რომ გუნდი რევოლუციისთვის ემზადებოდა. ახლა არ გიჭირთ ოპოზიციაში ყოფნა?
- ხელისუფლებაში 1995 წელს ზურაბ ჟვანიას გუნდთან ერთად მოვედი და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა მხედრიონისა და არაფორმალური შეიარაღებების თარეშის ფონზე, პროგრესული გადაწყვეტილებების მიღებასაც ვახერხებდით. 2002 წელს ოპოზიციაში მართლაც გადავედი, თუმცა მაშინ არავის ეგონა, რომ "ვარდების რევოლუცია" მოხდებოდა და მოვლენები ამ სცენარით განვითარდებოდა. ასე რომ, ოპოზიციაში ყოფნა ჩემთვის უჩვეულო პოლიტიკური მდგომარეობა სულაც არ არის.

- ნაციონალურ მოძრაობას ხშირად საყვედურობენ, რომ სახელისუფლებო სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა...
- პირიქით, მგონია, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის როლიდან ვერ გამოვიდა – მთავრობის სხდომაზე ჩვენი კოლეგები ისევ ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, მათი გასაკეთებელი საქმე სხვამ უნდა აკეთოს. მათ ისიც ავიწყდებათ, რომ კოჰაბიტაცია პოლიტიკური პროცესია და მის დასრულებაზე საუბარი აბსოლუტური სისულელეა. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოჰაბიტაციის დასრულებას გვპირდებოდა, საქართველოს პრეზიდენტია და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეც ეკისრება, რომლებმაც ხმა არ მისცეს.

- გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად თქვენი ძმა დაინიშნა. ეს უხერხულობას არ გიქმნით?
- ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ, მაგრამ რაღაც ეტაპზე ვანოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა. ყოველთვის ვცდილობთ, პოლიტიკაზე ნაკლები ვისაუბროთ ან იმ ეტაპზე გავჩერდეთ, რომლის შემდეგ კამათის გაგრძელება არ ღირს. თანაც ვანო იმ სფეროს ხელმძღვანელობს, რაშიც ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა - დასავლეთისკენ სწრაფვა.

- რაც შეეხება თქვენს პარტიას, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად ხელმეორედ არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე რატომ შეჩერდა? ისიც საინტერესოა, ვინ შეასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ჩართვისგან თავს იკავებს და ქვეყანაში ჩამოსვლაზეც კი დროებით უარს ამბობს.
- როცა ვანო მერაბიშვილი დააკავეს, პოლიტსაბჭომ გენერალური მდივნის მოვალოების შემსრულებლად კენჭი მე მიყარა, ვანო მერაბიშვილმაც რეკომენდაცია გამიწია და მითხრა, ვიდრე ციხეში ვარ, ჩემი ფუნქცია შეასრულეო. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამ ეტაპზე პოლიტიკაში ჩართვა არ სურს, მის მოვალეობას კი პოლიტსაბჭო შეასრულებს, რომელიც პარტიაში გადაწყვეტილებებს ისედაც თავად იღებს. მიხეილ სააკაშვილი მოვლენების განვითარებას დააკვირდება და თავად მიიღებს გადაწყვევტილებას, როდის დაბრუნდეს აქტიურად პოლიტიკაში.

- ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება და ახალი მთავარი პროკურორის პირობებში ყოფილ პრეზიდენტს დააკავებენ კიდეც.
- ზურას საქმის ირგვლივ წლების განმავლობაში ერთი ძირითადი კითხვა ისმის – გარდაიცვალა თუ მოკლეს? პირადად მე ვამტკიცებ, რომ ზურა გარდაიცვალა. ვინც ასე არ ფიქრობს, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების თემა იქნება. წინასაარჩევნოდ ცხელ თემად აგორდა, თუმცა არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან ისე გადადგა, ზურას საქმეში არაფერი დაუკონკრეტებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საქმის გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ახლა ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა" და ამიტომ საქმის დეტალებიც განასაჯაროოს. საქმის მასალებს გავეცანი და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

- საზოგადოების ნაწილში დღემდე ისმის კითხვა – რამდენად მართალი ხართ ზურაბ ჟვანიას სულის წინაშე, რომელმაც პოლიტიკაში მოგიყვანათ?
- ზურა 9 დეკემბერს 50 წლის გახდებოდა, ამიტომ ამ თემაზე არაფერს ვიტყვი. მისმა იუბილემ გადაიაროს, ამის შემდეგ კი დეტალურად მოგიყვებით, ვინ არის მართალი მისი სულის წინაშე და ვინ - მტყუანი. იმასაც გაგიმხელთ, ვინ იყენებდა სათავისოდ ზურას გარდაცვალებას. მზად ვარ, 9 დეკემბრის შემდეგ ამ თემებზე ხმამაღლა ვისაუბრო!