"ის, რომ ივანიშვილმა "ნაცმოძრაობა" გაისტუმრა ხელისუფლებიდან, უკვე პრევენციული მაგალითია ამ ხელისუფლებისთვისაც"

"ივანიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ცნობილი გამონათქვამი VENI, VIDI, VICI, ვიცი - "მოვედი, ვნახე, გავიმარჯვეო". მართლაც, ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა", წავიდა და დაგვიტოვა მთავრობა. ისე, სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი უფრო მეტად დაალაგებდა შიდაპოლიტიკურ პროცესებს და მერე წავიდოდა პოლიტიკიდან. რაც შეეხება მის გადანაცვლებას სამოქალაქო სექტორში, ივანიშვილის ავტორიტეტსა და სიტყვას საქართველოში მომავალშიც დიდი დატვირთვა ექნება" - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით VENI, VIDI, VICI _ ვიცი! / `ივანიშვილი გავლენასა და ავტორიტეტს არასოდეს დაკარგავს~ / "დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისის მოვლენების მონაწილე პირები აუცილებლად დაინტერესდებიან ჭიკაიძით".

"მთავარია, მან არ გამორთოს ტელევიზორი და იკითხოს პრესა - მახსენდება მისი ერთ-ერთი განცხადება, რომ 2003 წელს, მას შემდეგ, რაც დაეხმარა "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლაში, გათიშა ტელევიზორი და არ ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მთავარია, ახლაც იგივე შეცდომა არ გაიმეოროს, რათა შემდეგ ტელევიზორის ჩართვამ კრიტიკულ მომენტში არ მოუწიოს. ივანიშვილმა არ უნდა დაკარგოს კონტაქტი საზოგადოების წევრებთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებისგან არ უნდა მიიღოს, რომლებიც მან მოიყვანა ხელისუფლებაში. არ გამოვრიცხავ, რომ რჩევები მისცეს იმ გუნდს, რომელიც მოიყვანა ხელისუფლებაში, და იმ ადამიანს, რომელიც დატოვა პრემიერ-მინისტრად. წარმოუდგენელია, რომ პირველ ეტაპზე მაინც მნიშვნელოვან საკითხებზე მარგველაშვილს, ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს ივანიშვილთან კონსულტაციები არ ექნებათ. თუმცა კონსულტაციები კონსულტაციებად უნდა იყოს აღქმული და არა დირექტივებად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი. 

"რა თქმა უნდა. ის, რომ ივანიშვილმა შეძლო და "ნაცმოძრაობა" გაისტუმრა ხელისუფლებიდან, უკვე პრევენციული მაგალითია ამ ხელისუფლებისთვისაც. თუ პრეზიდენტი და მთავრობა არასწორად წარმართავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ივანიშვილის კრიტიკას შესაძლოა, მათთვის მძიმე შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება რჩევა-დირექტივებს, პირველ ეტაპზე, ალბათ, ივანიშვილის თითოეული სიტყვა აღქმული იქნება როგორც დირექტივა, მაგრამ ყველაფერი თანდათან დაბალანსდება. საერთოდ კი, ივანიშვილს არც შევარდნაძისა და არც სააკაშვილის მთავრობისთვის მიუცია ოდესმე ცუდი რჩევა. თუ დაინახავს, რომ ქვეყანა სწორად არ ვითარდება, ხელისუფლებას მისცემს რჩევებს და ამის საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. რა არის ამაში ცუდი? ივანიშვილი გავლენასა და ავტორიტეტს არასოდეს დაკარგავს. გარდა ამისა, თავად გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ დაკარგავენ არასოდეს ივანიშვილის პატივისცემას. მათთვის ივანიშვილის სიტყვას ყოველთვის დიდი ფასი ექნება. ვიმეორებ - მთავარია, ივანიშვილის შეფასება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ღარიბაშვილისგან, მარგველაშვილისა და უსუფაშვილისგან მიღებულ ინფორმაციას, არამედ საზოგადოების აზრს" - განაგრძობს ექსპერტი. 

"დებატები ღარიბაშვილისთვის ადვილი იყო იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის მმართველი და რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული და მათ ლიდერებთან კონკრეტულ საქმეებზე საზოგადოებას კითხვები აქვს. მე უფრო სხვა რაღაც მაინტერესებს: რა უშლიდა ხელს წლის განმავლობაში ელიტური კორუფციის ტიპის საქმეების გამოძიებას? წესით, კოაბიტაციას არ უნდა ჰქონოდა გავლენა ამაზე. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მთავარია, ყველა საქმე ისე გაიგზავნოს სასამართლოში, რომ საქმეების განხილვის შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და მოსახლეობის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. "ნაციონალების" განცხადებას - დაპატიმრების ახალ ტალღას ველითო - კონკრეტული საფუძველი აქვს. ისინი ხედავენ, რომ შეიცვალა პროკურატურის ხელმძღვანელობა, მთავარ პროკურორად ლიბერალის ნაცვლად, ხისტი ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა. თუმცა ხისტი იქნება თუ ლიბერალი, მთავარია, სამართლიანობა - არ მინდა ტრაფარეტული, ბუტაფორიული, პიარზე აგებული ტელედაპატიმრებები ვიხილოთ, რასაც 9 წელი ვუყურებდით. პროგნოზებს არ ვაკეთებ. უბრალოდ, იმედია, ასე არ იქნება", - მიიჩნევს კახი კახიშვილი.

"კითხვა - იმყოფებოდა თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე - "ნაციონალებმა" ღარიბაშვილს იმიტომ დაუსვეს, რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში წარმოადგენდნენ სიას 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე მყოფი პოლიციელებისა და ამაზე ააგებდნენ პიარს. ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ჭიკაიძე მართლაც იყო პროსპექტზე, მაგრამ დარბევაში არ მონაწილეობდა. ამ დროს ეკა ბესელია ამბობს, რომ მას პირადად ჭიკაიძისგან აქვს ინფორმაცია, თითქოს ის 26 მაისს არ ყოფილა პროსპექტზე, სამსახურში იყო. ეს ფაქტები გადასამოწმებელია. ყველას კარგად ახსოვს, რა ამბები ტრიალებდა სამმართველოში და განყოფილებებში 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ. ჯერ უნდა დავაზუსტოთ, სად იყო ჭიკაიძე. სიმართლე გითხრათ, 26 მაისს რუსთაველზე მე ვერ ვნახე პოლიციელი, რომელიც არაფერს აკეთებდა. მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები თუ გაარკვევენ ამას, რადგან დარწმუნებული ვარ, გამოძიებისგან ობიექტურ ინფორმაციას ნამდვილად ვერ მოვიპოვებთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისის მოვლენების მონაწილე პირები აუცილებლად დაინტერესდებიან ჭიკაიძით", - დასძენს კახი კახიშვილი და შეკითხვას - "ღარიბაშვილმა თავისი ყოფილი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ირაკლი ალასანიას მოადგილედ დანიშნა" - პასუხობს:

"თავდაცვის სამინისტრო ძალოვანი უწყებაა, ალასანია კი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. გუნდი ერთიანია, მაგრამ არ არის გამორიცხული, დროთა განმავლობაში ვიღაცას მოუნდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. შესაბამისად, ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროში ნდობით აღჭურვილი პირი სჭირდება. პირდაპირ ვთქვათ - ბატიაშვილი ალასანიას მოადგილედ კონტროლის მიზნით დაინიშნა"