“ბაგრატიონების ოჯახი ბიზნეს-პროექტია?!”

“ბაგრატიონების ოჯახი ბიზნეს-პროექტია?!”

2007 წლის ოქტომბერში, საქართველოს პატრიარქი მონარქიის აღდგენის იდეით გამოვიდა. მალე, მისივე ინიციატივით, სამეფო ოჯახი შეიქმნა - საქართველოს სამეფო აღმატებულება, ბატონიშვილები დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დაქორწინდნენ... წყვილის ვაჟი, 2 წლის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი პატრიარქმა 2013 წლს 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მონათლა და მას უფლისწული უწოდა... საზოგადოება უნებურად ახალ რეალობას შეეჯახა - 21-ე საუკუნეში მეფის ინსტიტუტის აღდგენა (?!). სხვათა შორის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა მონარქიის აღდგენა დაუშვებლად მიიჩნიეს, რაც კონსტიტუციაშიც დააფიქსირეს. დღევანდელი კონსტიტუცია კი, 1921 წლისას ეყრდნობა... მზადაა თუ არა საქართველოს მოსახლეობა სამეფო მმართველობისთვის? - ,,ქართული სიტყვა” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

 

- არჩილ, კონსტიტუციური მონარქიის იდეის პოპულარიზაციას ეკლესია ეწევა. საამისოდ რა სამართლებრივი ბერკეტი აქვს?

- უპირველეს ყოვლისა, ეკლესია ფაქტად გენეტიკურ კოდს იღებს, რომელიც ათასწლეულების მონაცემებზეა აგებული. ბაგრატიონებისთვის სამეფო ოჯახის სტატუსი არავის წაურთმევია, მაგრამ უახლოეს წარსულში რეალურად რას წარმოადგენდნენ, ამაზე აქცენტი არ კეთდება. ბაგრატიონები ერის  ცნობიერებაში ითვლებოდნენ, როგორც ნახევრად ჰერაკლეს ტიპის მისტიური არსებები, ნახევრად - ადამიანები, ნახევრად - ღმერთები. ქრისტიანულ სახისმეტყველებაში მათ სულიწმინდის განსაკუთრებული მადლი აღმოაჩნდათ, ამიტომაც, ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტი შესაძლებლობები და უფალთან კავშირი აქვთ... ქართველი მეფეები თავიანთი ცხოვრებით ამტკიცებდნენ და ცდილობდნენ, ორიენტირი რელიგიის, რწმენისა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაზე აეღოთ. ამასთან, ყურადღება მონარქიულ საზღვრებზე ყოფილიყო გადატანილი... ეკლესიის წიაღში დღემდე არსებობს გარკვეული წინასწარმეტყველებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მონარქი ისევ ეყოლება. ეკლესიის მოტივაცია იმ გარემოებებმა გაააქტიურეს, რომ სამთავრობო სექტორი განადგურების პირასაა და საერო ინსტიტუტები კრიზისშია, რის გამოც ეკლესიას ზოგჯერ საერო სივრცეში გადასვლა უწევს...

- გამოდის, რომ მოსახლეობა კვლავ მესიას ეძებს?

- დიახ, ისევ ვეძებთ... ეკლესიამ, რელიგიური ინსტიტუციების ფარგლებში, გამიჯვნა დაიწყო და, ამავე დროს, ცდილობს, ის უზრუნველყოს, რასაც სამთავრობო და არასამთავრობო საერო სექტორი ვერ ახორციელებს.

- სეკულარული სახელმწიფო გვექნება?

- კონსტიტუციური მონარქიის იდეა სეკულარიზაციას ეწინააღმდეგება. ჩვენ არ ვიცით, გვინდა თუ არა მონარქია, არც სეკულარული სახელმწიფოს საკითხია დახვეწილი. ვფიქრობ, ორივეს საზოგადოებრივი პროცესები ზედმეტად კატეგორიულ ჭრილში გადაჰყავს, ამიტომ, არც ერთია მისაღები და არც - მეორე.

ქართული სახელმწიფო ფასეულობათა სისტემებზეა აგებული და ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ საერო და სასულიერო სივრცეს შორის ზღვარი გადიოდა. არიან ერები, მაგალითად, ამერიკელები, რომლებსაც ფასეულობები არ ჰქონდათ და ახლა ქმნიან. ჩვენ კი, რატომღაც იმის უარყოფის ხაზზე გადავდივართ, რაც გვქონდა... იდეის მართვასა და პერსონალიების შემოჩეჩებას შორის დიდი განსხვავებაა. კონსტიტუციური მონარქიის იდეა შეიძლება, წლების განმავლობაში დაიხვეწოს და, ვშიშობ, ეკლესია პროცესებს ზედმეტად ხელოვნურად აჩქარებს და ,,გვტენის” ამ პერსონალიებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება სიმბოლური თუ ფუნქციური მონარქი, უნდა შეიქმნას საზოგადოების მოთხოვნით და არა - ხელოვნურად.

- უკვე უფლისწული გვყავს, რომელიც ცოტა ხნის წინ პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში მონათლა...

- არა მხოლოდ უფლისწული, არამედ, სამეფო ოჯახი, მისი მშობლები და ბაბუა, მკვეთრად საეჭვო ვითარებაში, ე.წ. სამეფო ჯილდოებს უკვე არიგებენ.

- არჩილ, ბაგრატიონთა ოჯახის შექმნას ბიზნეს-პროექტად მიიჩნევთ...

- პირველ რიგში, ვთქვათ, რომ სამეფო ოჯახი, ყველა საზომით, ეტალონი უნდა იყოს. საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ სულიერი ლიდერები, რომლებზეც  გავსწორდებით, არამედ, მაღალზნეობრივი, მორალური, ტრადიციულ ქართულ მენტალობაზე, სიყვარულითა და ჰარმონიით შექმნილი ოჯახი. საერთოდ, ზნეობა რთული საზომი და ძნელად შესაფასებელია...

ბაგრატიონთა წყვილი ერთ საზომსაც არ აკმაყოფილებს. არაბუნებრივი პროცესის შედეგად, ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი მოძებნეს, დააქორწინეს, ეს არც ტრადიციული კავშირია, არც - თანამედროვე მოცემულობა. გასარკვევია, რა მეთოდებით ხდება მოკავშირის ძებნა. ეს არის ხალხი, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ხელი მოითბოს. ახლახან საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულომ ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთავრობას. ეს ის თავადაზნაურობაა, რომელსაც წლების განმავლობაში, მონაწილეობა არ მიუღია საზოგადოებრივ პროცესებში. განდიდების მანიით შეპყრობილი, არშემდგარი ადამიანები საკუთარი საგვარეულო გერბების გამოფენით იყვნენ დაკავებულნი და ვერ ხვდებიან, რომ კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, მათ არაფერი ერგებათ, გარდა იმ სასაცილო ტიტულებისა, რასაც ე.წ. აღიარებული მონარქები მიანიჭებენ, როგორც ეს ლევან ვასაძის შემთხვევაში მოხდა.

- ისტორიულადაც ხომ ასე იქმნებოდა სამეფო ოჯახები, რაც ხშირად აუცილებლობით იყო გამოწვეული?

- თუკი მეფე ჩემში ფასეულობათა შეკვრას უზრუნველყოფს, მაშინ მზად ვარ, მივიღო. ჩვენი ტრადიციული მონარქები სულ სხვა საზოგადოებაში ცხოვრობდნენ და მათი ცხოვრების წესს დღევანდელთან საერთო არ აქვს. დღევანდელ სამეფო ოჯახს გახსნილ საკომუნიკაციო სივრცეში უწევს ყოფაცხოვრება, საზოგადოებისთვის მისი ცხოვრების დეტალები ელვის სისწრაფით ხდება ცნობილი. გავიგეთ, თუ რამდენიმეჯერ აიწყო და დაიშალა ხელოვნურად შექმნილი ოჯახი, თავად ბაგრატიონები ქვეყნის გარეთ და შიგნით ინტრიგების ბუდეა.

მე, როგორც მოქალაქეს, სურვილი არ მაქვს ჩემი ოჯახის, რომელიც ზნეობით და მორალით ათასჯერ მაღლა დგას ისევე, როგორც ბევრი ქართველის ოჯახი, ეტალონად ბაგრატიონების ბიზნეს-პროექტი ოჯახი მივიჩნიო.

- ნიშანდობლივია, რომ ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ კონსტიტუციონალისტები, სამთავრობო წრეები, პოლიტოლოგები...

- კონსტიტუციონალისტებმა ორიოდე განცხადება გააკეთეს. ბევრმა სერიოზულად ვერ აღიარა, რომ პროცესები უკვე მიდის, პირდაპირ ეთერში გადაიცა ბაგრატიონთა ქორწილი, ნათლობა. იხარჯება თანხები მათი ცხოვრების პირობებისთვის, არადა, ეს თანხა შეიძლებოდა, სხვა რამეზე დახარჯულიყო.

- ამ თანხას ვინ ხარჯავს?

- ჯერჯერობით, სახეზეა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ამ იდეას აშკარად აფინანსებს.

- ანუ, ვასაძემ ბაგრატიონებისგან რაინდის ორდენი იყიდა?

- ასეა, ხელთ შეგვრჩება სამეფო ოჯახი, რომელსაც მართავენ ოლიგარქები. თუ რაში სჭირდებათ დაინტერესებულ პირებს ფულით მოპოვებული გავლენები, ამას დრო გამოაჩენს. შესასწავლია, რას იტყვიან საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომადგენლები მონარქიის აღდგენაზე. ხომ არ გამოიწვევს საზოგადოების დანაწევრებას, გაუცხოებას? პატრიარქი ხომ ყოველთვის ერის გამთლიანებისთვის იბრძვის. თავადაზნაურები კი, დღესაც ხაზს უსვამენ საკუთარ წარმომავლობას, განსხვავებას ჩვეულებრივ მოქალაქესა და ,,ცისფერი სისხლის” მატარებლებს შორის.

- თითქმის მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, კომუნისტები კლასობრივი დაყოფის ამოძირკვას ცდილობდნენ... ამ იდეას ნოყიერი ნიადაგი დღესაც აქვს. იქნებ, სწორედ მოსახლეობაშია პრობლემა და არა - მეფის იდეაში?

- დაყოფა სიტყვიერ დონეზე მიდის, მაგრამ გათიშულობის საზომი მაინც არის. ქართველმა მწერლებმა, დავით კლდიაშვილმა და სხვებმა ბევრჯერ კომიკური ელფერით წარმოგვიდგინეს ქართველი თავადაზნაურების რეალური სახე. თანამედროვე საზოგადოება იცავს საკუთარ უფლებებს და აღიარებს სხვისას.Mმისი მიზანია, არ დააკნინოს არც საკუთარი თავი და არც - სხვა.

- თავადაზნაურები თავიანთ ღია წერილში ფრიად მომხიბვლელ პერსპექტივას ხატავენ, რომ მონარქიის აღდგენის პირობებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ.

- საინტერესო, მაგრამ არარეალისტური იდეაა. თუკი ე.წ. თავადაზნაურებს იმედი აქვთ, რომ ამ ფორმით ტერიტორიებს დაიბრუნებენ, ძალიან ცდებიან. მათი შეხედულებით, მსოფლიო საქართველოს მონარქიულ საზღვრებში აღიარებს, სადაც შედის აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ მსოფლიო საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმისა და სტატუსის შემთხვევაში აღიარებს. გარდა ამისა, პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა და ამას რუსეთიც აღიარებს, მაგრამ დღემდე ვერ ჩადის თავის სამწყსოში მოსალოცად, ან რომელიმე ძეგლის გადასარჩენად.

- ისტორიული ფაქტია, თუ როგორ მიართვეს ლანგარზე 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო მუხლზე დაჩოქილმა ქართველმა თავადაზნაურებმა რუსეთს...

- ჩემი აზრით, თანამედროვე ბაგრატიონები ბაგრატიონთა დინასტიის  შერცხვენას ემსახურებიან! ჩვენი ისტორია ხომ მეფეთა ისტორიაა, არსად, ერთი ისტორიკოსის ნაწერებშიც არ ჩანს, რომ ბაგრატიონები ბრძოლის ველიდან გაქცეულიყვნენ. ისინი პირველები კვდებოდნენ. დიახაც, კომუნისტებისგან შევიწროებულნი სამშობლოს შეწირულიყვნენ. რამდენი რამ გადავიტანეთ, თუნდაც საბჭოეთის დანგრევის მერე. ეროვნული მოძრაობის წლებში წარამარა იჭერდნენ გამსახურდიას, კოსტავას; 9 აპრილის მერე არავინ გვყავდა, ვინც 90-იანი წლების უბედურებას აგვაცილებდა, შეწირვოდა რომელიმე ბაგრატიონი საქვეყნო საქმეს?! მათ ვერც მერე შეძლეს განეხორციელებინათ საზოგადოების განვითარების პროექტები, წამახალისებელი ღონისძიებები, არ იბრძოლეს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად. უამრავი სფეროა, სადაც ისინი თავიანთ თავს რეალიზაციას გაუკეთებდნენ. რაღაცნაირად აქამდე მოვიტანეთ მეტნაკლებად შემდგარი სახელმწიფო და ახლა მოდიან, რათა გამზადებული ქვეყანა გადაიბარონ. ეს ოჯახი ბაგრატიონთა ანტიპოდია, თორემ ვინ იტყვის უარს ერისთვის სათაყვანო პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ იდეაზე?! რატომ გვიყვარს პატრიარქი? - იმიტომ, რომ მასში ვხედავთ ყველაზე მეტ თავდადებას, პატრიოტიზმს, სიყვარულს, რეალურ მოღვაწეობას, სანიმუშო ცხოვრების წესს და ვცდილობთ, დავემგავსოთ. თუკი გვეყოლება ადამიანი, ვინც საკუთარი ცხოვრებით კი არა, ქვეყნის ტკივილით იცხოვრებს, ღვთიური გზით, იმ პასუხისმგებლობით იღვაწებს, რაც ქართველ მეფეებს - დავით აღმაშენებელს, დემეტრე თავდადებულს, ქეთევან წამებულს ჰქონდათ. მათ შეეძლოთ უზრუნველად გაეტარებინათ წუთისოფელი, მაგრამ ტანჯული ცხოვრების გზა აირჩიეს. რას გვთავაზობენ ეს ბაგრატიონები? თუკი გენეტიკური კოდით წარმოდგენილი ბაგრატიონები მათი მსგავსნიც კი იქნებიან, თუკი მათი მეფობა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესს გახდის, თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს, პირადად მე და მთელი საქართველო მზადაა, მათი შენახვის ხარჯები გაიღოს, მაგრამ ამორალურია, თუკი კიდევ ერთი მუქთამჭამელა ჯგუფი დააჯდება თავზე საქართველოს, პატრიარქის იდეას მხარს ბევრი არ დაუჭერს, რადგან ჩვენ გვაჩეჩებენ კონკრეტულ პირებს - უფლისწულს, რომელსაც არანაირი დამსახურება არ აქვს ქვეყნის წინაშე. ამ უცნაურ წიაღში აღმოცენებული უფლისწულით, მგონი, უფრო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რადგან უფლებების შელახვასთან გვაქვს საქმე! დავაცადოთ, იცხოვროს ამ პატარა ბაგრატიონმა ჩვენს ქვეყანაში, გაიზარდოს მეორე თაობა, რომელიც თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში იმიჯს შეიქმნის და მისი სახით ჩვენს შვილებს საზომი ეყოლებათ!

აწმყოში სტატუსების მინიჭებისას გარდაცვლილთა ღვაწლით კი არ უნდა ვისარგებლოთ, არამედ, აწმყოთი, რომელიც შექმნის წინაპირობას. აწმყოში კი გვყავს ყოვლად ამორალური, გაუგებარი, უშინაარსოდ გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებისგან უპირატესობებს, მეტ ფულსა და პატივისცემას ელიან.

- პარლამენტის მიერ დრეს-კოდის შემოღება რაღაცნაირად მონარქიის დამკვიდრებას ეხმაურება...

- კიდევ უფრო მეტ მარაზმში გადავდივართ. ქართული სამოსის, ქართული ცეკვის და სიმღერის პოპულარიზაციას ხელოვნურად თემების წამოწევა არ სჭირდება. გაუგებარი თემებით დაკავებული პარლამენტი, რომლის რიგებში არშემდგარი, კომპლექსიანი, საფარველის მაძიებელი დეპუტატებიც არიან, ხალხს აღიზიანებს.

- მონარქის თემა დრო და დრო აქტიურდება, შესაძლოა თუ არა, რომ ამ იდეას რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები ლობირებდნენ?

- პატრიარქის იდეა ერთმორწმუნე რუსეთთან პოზიტიური გადაკვეთების პოვნას ითვალისწინებს. ლეგალური ჰიპოთეზაა, მაგრამ საქმე ისაა, როგორ ამახინჯებენ ამ იდეას.Bბოლოს და ბოლოს, ვინ არის ლევან ვასაძე? ერთი რიგითი, ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელსაც სოციალური სტატუსი არ აქვს და რატომ გვმოძღვრავს?

- ვის სჭირდება ლევან ვასაძე, ეკლესიის რომელიმე ფრთას?

- მათ შორის გარკვეულწილად ინტერესთა გადაკვეთებია.

- ანუ, გვაქვს სამკუთხედი - ეკლესიის ნაწილი, ვასაძე, რუსეთი?

- ვიტყოდი: ეკლესია, რუსეთი, საერო პირები. ვასაძის გარდა, კიდევ ბევრია, ვისაც აინტერესებს გავლენის მოპოვება საეკლესიო წიაღში.Mდავაკვირდეთ საქართველოს საკომუნიკაციო სივრცეს: ბვერმა ქვეყანამ წაგვართვა მიწები. აზერბაიჯანში ეთნიკურ ქართველებთან ერთ წიგნსაც ვერ ჩაიტანთ; სომხები ყველანაირ ლობისტებს იყენებენ, რომ ტერიტორიები წაგვგლიჯონ; აღარაფერს ვამბობ თურქეთზე, რომელმაც ყველაფერი წაგვართვა; გარშემო ოკუპანტური სივრცე გვაქვს, მაგრამ ეტიკეტის მიხედვით, ყველა ამ სახელმწიფოს მეთაურს ზრდილობიანად და გულთბილად ვხვდებით. ასევე, გვჭირდება რუსეთთან კომუნიკაცია და ეს რამენაირად უნდა მოვაგვაროთ. ჩვენს ისტორიას თუ მოვიშველიებთ, ამის შესანიშნავი მაგალითია სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელმაც რწმენაც კი შეიცვალა, დაავადდა სამშობლოს სამსახურში. დღეს რუსეთში ხშირად ისმის განცხადებები, რომ მათ სჭირდებათ ნატო-ს წინააღმდეგ უსაფრთხოების გარანტიები კავკასიაში.

- რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტი შეიძლება, მეფე იყოს?

 - თუკი ის მეფე რუსეთთან ლოიალურად განწყობილი ჯგუფების მიერ მართვადი იქნება, რატომაც არა? ხედავენ, რომ ქართული საზოგადოება ვერ განვითარდა - მკვეთრად გამოხატული კერპთაყვანისმცემლური იდეითაა დაავადებული და საამებლად კერპს სთავაზობენ...

- გაღატაკებულ, დაქცეულ ქვეყანაში მილიონები დასჭირდება სამეფო კარის შენახვას...

- რა თქმა უნდა, ხარჯები გაიზრდება, მაგრამ თუკი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას, ჰყავდეს თუნდაც სიმბოლური მონარქი, მაშინ ის ღირსეულად უნდა იყოს წარდგენილი მსოფლიოს წინაშე.