ვიდრე პრეზიდენტობას საბოლოოდ დაემშვიდობებოდა, მიხეილ სააკაშვილმა ერთობ უპრეცედენტო, გნებავთ, საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მსურველს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიანიჭა. “ოთხი თვეა, წნორში ვცხოვრობ, მიწა საკუთრებაში მაქვს, ვამუშავებ, აქაურობა მომწონს და მინდა, საქართველოს მოქალაქე გავხდე”, - განაცხადა ინდუსმა და მისმა სიტყვებმა სულხან-საბას ,,მაოხრებელი მკვდარი” გამახსენა. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილი მოქალაქეობაზე, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილებს, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწნენ და, გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოს მოქალაქეობის დათმობა მოუხდათ, უარს ეუბნებოდა... რა საფრთხეს შეიცავს ჰაიჰარად ჩამორიგებული მოქალაქეობა? - ,,ქართული სიტყვა” ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პროფესიით იურისტი სააკაშვილისგან საქართველოს მოქალაქეობის ანგარიშგაუწევლად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ჩამორიგება?
- ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დაბადებითი კი არა, შეძენილი მოქალაქეობის მიღება ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი რადიო გადმოსცემდა, თუ როგორ მიიღო მოქალაქეობა ცნობილმა მომღერალმა ტინა ტერნერმა, რომელიც 1975 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ ოცი წლის მერე მისცეს. ტერნერმა მხოლოდ შვეიცარიაში დაწესებული ყველა პროცედურა კი არ გაიარა, არამედ, ენაც შეისწავლა. ამ დროს კი, საქართველოს პრეზიდენტი მასობრივად არიგებს მოქალაქეობას პირადი საქმეების წინასწარი შესწავლის გარეშე. სააკაშვილმა განაცხადა, მოქალაქეობას შესწავლის გარეშე არავის მივანიჭებო, მაგრამ პრეზიდენტობის რამდენიმე დღეღა ჰქონდა დარჩენილი და ყველა კრიტერიუმით შესწავლა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ამ შემჭიდროვებულ ვადაში იმის გაგებაც კი ვერ მოხერხდებოდა, საქართველოს მოქალაქეობის რომელიმე მსურველი ინტერპოლის მიერ ხომ არ იყო ძებნილი. ალბათ, გახსოვთ: უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ექსკლუზიურად მიანიჭა, აღმოჩნდა, რომ საკუთარი ქვეყანა ეძებდა.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რამდენიმე ათასი თურქი მოქალაქე უნდა მოექცეს.
- რატომ?
- როცა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ, წარმოშობით ქართველ თურქებს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ, წინასწარ არავის გამოუთხოვია საბუთები, ისინი ოდესმე მართლა ქართველები იყვნენ თუ არა, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებდა. ისინი ქართველები რომც ყოფილიყვნენ, მას შემდეგ ასი წელია, რაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. დემოკრატიულობის მიუხედავად, თურქეთი იმ რელიგიის მატარებელია, რომელიც მოსახლეობას გაცილებით უფრო მჭიდროდ აკავშირებს და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ბარიერებსა თუ სტრუქტურებზე დამოკიდებულს ხდის. შესაბამისად, ისინი უფრო იოლად სამართავნი არიან, ვიდრე სხვა რელიგიის მატარებელი ხალხები. ძალიან ბევრი ფაქტორი იმუშავებს, რომ ,,თურქმა ქართველებმა”, თუ შეიძლება, ასე ვუწოდოთ, პირველ ადგილზე თავიანთი ამჟამინდელი სამშობლოს ინტერესები დააყენონ. თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, საქართველოც აქეთკენ მიისწრაფვის, მაგრამ, სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ეს მაინც ორი სხვადასხვა სახელმწიფოა, ორი სხვადასხვა ხედვით, მიზნებითა და ამბიციებით. საყოველთაოდ ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით-ოღლუს დოქტრინა, რომელიც თურქეთის იმპერიის ძველი საზღვრების ფარგლებში აღდგენას ეტაპობრივი კულტურულ-ეკონომიკური ექსპანსიის გზით ითვალისწინებს. აღარ ვლაპარაკობ თურქული სერიალების ნიაღვარზე. თუკი თურქეთის სახელმწიფოს დასჭირდება, ეს ადამიანები თურქეთის ინტერესების სადარაჯოზე დადგებიან, რომელიც შეიძლება, საქართველოს ინტერესებს არ ემთხვეოდეს.
- ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ჩვენ როგორ ვიცავთ?
- ჩვენი ინტერესები არაა დაცული. მარტივ მაგალითს მოვიყვან: კანონმდებლობით, საზღვრისპირა მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა აკრძალულია და, უსაფრთხოების მიზნით, ამ მიწების განკარგვის დროს, პრიორიტეტი საკუთარ მოქალაქეებს ენიჭებათ. ასეთი შეკითხვა მაქვს: საქართველოს მოქალაქე თურქებმა საზღვრისპირა მიწების ან, სულაც, მთელი საზღვაო ზოლის შესყიდვა რომ მოისურვონ, რა მექანიზმი არსებობს, რომ საკუთარ მოქალაქეს უარი უთხრან ამ მიწების შესყიდვაზე? დავდგებით რეალობის წინაშე - საქართველოს საზღვრის გასწვრივ ისეთი მენტალობის შემცველი მოსახლეობა შეგვრჩება, როგორც საზღვრის იქით მცხოვრებნი არიან, ანუ პარქტიკულად, ვიღებთ დაუცველ საზღვარს და პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, ამას თურქეთის ხელისუფლება როგორ გამოიყენებს.
- ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურები ხომ არსებობენ?
- სწორედ უსაფრთხოების სამსახურის გასარკვევია, რა სატკივარი გავიჩინეთ. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, თურქების გარდა, კიდევ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს მივეცით მასობრივად მოქალაქეობა.
- სააკაშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი რას ემსახურებოდა?
- ამას მას მერე გავიგებთ, რაც სტატისტიკას შევისწავლით.
- ამბობენ, სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილი ელექტორატს იმზადებსო...
- ნაკლენად ეფექტური და დასაჯერებელი არგუმენტია.
- მაინც, როგორ ხდებოდა თურქეთში გამზადებული პასპორტების გადაცემა?
- არ ვიცი, ესეც გამოსაკვლევია.
- ისე, კონტრდაზვერვის შეფი ისევ გელა ბეჟუაშვილია და რას აკეთებს ეს სამსახური, რომ ქვეყანა არაკეთილმოსურნეთაგან დაიცვას?
- ამ მოცემულობაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კონტრდაზვერვის შეფი, ვერაფერს ვუსაყვედურებთ კონტრადზვერვას. როცა პრეზიდენტი განცხადებას შესვლისთანავე აკმაყოფილებს, როგორ შეძლებ გაკონტროლებას? ამიტომ, პასუხისმგებლობა პირადად მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს. თუკი მათ შორის, ვინც 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ცუდი რეპუტაციის ადამიანები იქნებიან, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი დანაშაულის თანამონაწილეც იქნება.
- ანუ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ,,მაოხრებელი მკვდარივით” მოევლინა?
- სწორედ ასეა. საქართველოს პრეზიდენტი ამას სრულიად შეგნებულად აკეთებდა. ეს პროცესი უზარმაზარი საფრთხის შემცველია და ძალიან მიკვირს, რომ ამაზე დღევანდელი ხელისუფლება რეაგირებას არ აკეთებს - როგორც ჩანს, დასავლეთიდან ისეა დაშინებული, რომ დატუქსული ბავშვივით, ნებისმიერ მოძრაობაზე თავზე ხელს იფარებს. ხელისუფლებას თურქეთთან იმის გაჟღერებისაც ეშინია, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება. ისინი, ვინც დაჩქარებული წესით მოქალაქეობა მიიღო, შესაძლოა, ფრთიანი ანგელოზებიც არიან, მაგრამ ეს ხომ კანონის თავზე გადავლაა?
- ხომ არ არსებობს რამე ფარული გარიგება, მაგალითად, თურქეთსა და “ნაცმოძრაობას” შორის?
- ამაზე მტკიცებულებების გარეშე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ არ შეიძლება, შენი ქვეყნის მოქალაქეობა ისე გააუფასურო, რომ ვადაგასული პროდუქტივით მოისროლო!
- ასე თუ ისე, წავიდა სააკაშვილი, რომელმაც ფრიად მდიდრული რეზიდენცია დატოვა. ბევრს კამათობენ ამ რეზიდენციის დანიშნულებაზე. ქალბატონო ხათუნა, თქვენი აზრით, ავლაბარში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს?
- ახალ პრეზიდენტს ნაკლები ფუნქციები აქვს, შესაბამისად, შენობასაც - ნაკლები დატვირთვა. ავლაბრის რეზიდენცია იმდენად ენერგოტევადი შენობაა, რომ მინიმალური სტაფის პირობებში, მისი გამოყენება შეუძლებელია. მომწონს გიგა ბათიაშვილის აზრი, რომ რეზიდენციაში ხელოვნების მუზეუმები განთავსდეს. დღეს ჩვენი მუზეუმები განადგურების პირასაა - საცავები ელემენტარული დაცვის სისტემების გარეშე ფუნქციონირებენ. რეზიდენციას კი, უნიკალური, თანამედროვე დაცვის მექანიზმები აქვს. სხვა თუ არაფერი, საქართველოს ხელოვნება იმსახურებს, იყოს დაცული. მეორე მხრივ, ჩვენი პრეზიდენტი იმდენად უფუნქციო როდი იქნება, მშვიდი სამუშაო პირობები არ სჭირდებოდეს...
- საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რას იტყვით?.
- პომპეზური არ იყო და ამაში ექსტრაორდინალური არაფერია.
- ისე, ინაუგურაციას “ნაციონალებმა” ბოიკოტი გამოუცხადეს...
- ყოფილი მმართველი პარტიის განწყობა მეტად მტკივნეული თემაა. დღევანდელი ხელისუფლების ლაფსუსი კი არა, პოლიტიკური შეცდომაა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ინაუგურაციაზე არ დაპატიჟა. “ქართული ოცნების” არგუმენტით, ეს პოლიტიკური ძალა იმდენად სუსტია, რომ პოლიტიკური მომავალი არ აქვს. მართალია, ისინი პარლამენტში არ არიან, მაგრამ რეალობაში ხომ არსებობენ? ხელისუფლებას ,,ნაციონალების” ვერაგობა უნდა გაეთვალა. ისინი “ოცნების” ამ შეცდომას აუცილებლად გამოიყენებენ... რადგან სხვა ოპოზიცია არ იყო დაპატიჟებული, მათ ხელისუფლება მარტო დატოვეს და განაცხადეს, რომ გიორგი მარგველაშვილი ერთი პარტიის პრეზიდენტია და არა - მთელი საქართველოსი. არადა, რეალურად, ახალ პრეზიდენტს აქვს შანსი, გახდეს ქვეყნის გამაერთიანებელი. ყველა წინა პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებულია ომი, სამოქალაქო დაპირისპირება. მარგველაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ მიულოცა გამარჯვება, არჩევნები კი, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აღიარა. ის არაა სააკაშვილის ტიპის ნატურა, რომ მისი მოღვაწეობის საფუძვლად კონფრონტაცია დაედოს.