ოცნების ეკონომიკა -

ოცნების ეკონომიკა - "უპატრონოდ და მარტოდ-მარტოთ უმძიმესი პრობლემების წინაშე"

საქართველოს «ძველ-ახალი» მთავრობის დამტკიცებისას მოულოდნელი არაფერი მომხდარა. რასაკვირველია, «ოცნებას» ეყო ხმები, რათა მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობა გამოეცხადებინა. «ნაციონალები» ღარიბაშვილს დაესივნენ, თუმცა ბევრი ვერც ვერაფერი დააკლეს. ერთადერთი, რასაც მიაღწიეს და რაშიც ღარიბაშვილის აღელვება და გამოუცდელობა გამოიხატა, მეტისმეტი ჟესტიკულაცია იყო. თუმცა ეს მაინც წვრილმანია: პრემიერი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა თავდაჯერების საფუძველი. არადა მაყურებლისთვის (ანუ ხალხისთვის, რომელიც პირველ რიგში თავდაჯერებულობას ელის ხელისუფალისაგან) ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

თუმცა, ამ «საპარლამენტო მოსმენების» დროსვე გამომჟღავნდა რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც აშკარად მეტყველებს, რომ სინამდვილეში საქმე არც ისე კარგად არის, როგორც ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს.

პირველ ყოვლისა, თვით 31 წლის პრემიერი ღარიბაშვილი და კოალიციის სხვა ლიდერებიც მეტისმეტად ხშირად და მეტისმეტი გულამოსკვნით უხდიდნენ მადლობას ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ მადლიერება და უმადურობა ქართული მენტალობის ძალიან მნიშვნელოვანი დისკურსია, მაგრამ გადაჭარბებამ გააჩინა ეჭვი, რომ სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი «მართლა წავიდა», არანაირ ჩრდილიდან მართვასა და დენ სიაპინობას არ აპირებს და 10 მილიარდიანი ფონდიც ლამაზი ზღაპარია. ამას ღარიბაშვილიც ხვდება და, შესაძლოა, გადაჭარბებული გულამოსკვნაც სწორედ ამით იყო განპირობებული: «. . . . ნუ გვშთენ უპატრონოდ და მარტოდ-მარტოთ უმძიმესი პრობლემების წინაშე!»

იმავეს ადასტურებს ის ფაქტი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკის მცირე ზრდაზეა გათვლილი: 2-3 პროცენტზე. თანაც, დავაკვირდეთ: 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით. არადა განვილი წელი ხომ სრული კატასტროფა იყო?!

თუ «თანაინვესტირების ფონდი» რეალობაა და (რაც მთავარია) თუ «ოცნების მთავრობას» ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ფული რეალურად დაიხარჯება ეკონომიკის განვითარებისთვის, მაშინ ზრდა 7-9 პროცენტის დონეზე მაინც უნდა დაეგეგმათ, ხოლო ორიენტიად არა 2013 არამედ, ვთქვათ, 2011 წელი აეღოთ. ამგვარი სიფრთხილე კი («რამე რომ იყოს, მერე გავზრდით ბიუჯეტს») მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: არც ირაკლი ღარიბაშვილმა და არც მთავრობის სხვა წევრებმა, ისევე როგორც კოალიციის ლიდერებმა, არ იციან, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი!!! ანუ მართლა აპირებს თუ არა დაეხმაროს მთავრობას თავისი კოლოსალური კაპიტალით და რამდენად რეალურია მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა, რომლებიც არსებით როლს შეასრულებდნენ ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.

გასაგებია, რომ «6 მილიარდიანი ფონდი» მართლა დაფუძნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ერთი საქაღალდის წონაა ქართული ეკონომიკისთვის. მთავარ პირობად ის დასახელდა, რომ ფონდი თანაინვესტირებას განახორციელებს. მაგრამ ძირითადი ინვესტორი თუ არ გამოჩნდა მაშინ? ხომ არ მოხდება ისე და ხომ არ ჩავარდება მთავრობა «მეცხრე არხის» აქციონერთა მსგავს კომიკურ მდგომარეობაში? აკი გვარწმუნებდნენ დაბეჯითებით: «ბატონი ბიძინა დაგვპირდა, დღე-დღეზე ტელევიზიას გადმოგვცემსო». ახლა კი თავი ისე უჭირავთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა რომ არაფერი ხდება.

მთავრობა თავს ასე ვერ დაიჭერს, რადგან პასუხს პარლამენტში ყოველკვირეულად მოსთხოვენ: ახალი კონსტიტუცია «ნაციონალებს» საშუალებას აძლევს მინისტრებსა და პრემიერს «განკითხვის დღე» მეტისმეტად ხშირად მოუწყონ.

ამდენად, «საოცნებო ხელისუფლების» ბედი ეკონომიკაში წყდება! არაფერი სხვა, სინამდვილეში, ჩვენს ხალხს აღარ აინტერესებს და აღარ აღელვებს: ე.წ. ვილნიუსის სამიტი, ევროპასთან ასოცირება, ზღაპრები უვიზო რეჟიმზე, მოლა ნასრედინის MAP-ი და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ქართული პოლიტელიტის სლოგანებია, რომლითაც 25 წელია მასას «აბოლებენ» და აჩუმებენ, თორემ ხალხს მხოლოდ პური აღელვებს! მით უმეტეს, რომ სანახაობებით ისე გააძღეს, უკვე გულს ეზიდება. ანუ, მთავარია სამუშაო ადგილები, რეალური შემოსავალი, საკუთარი ოჯახის კეთილდღობა, ბავშვების სწავლა-განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ.

ეს ყოველივე კი ხუხულასავით ჩამოიშლება იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის ზრდა დღვანდელ დონეზე დარჩა. 2014 წელს კიდევ შეავსებენ «საბიუჯეტო ხვრელებს» შიდა სესხით, მაგრამ მერე რას იზავენ?

მერე კი «ნაციონალები» ხალხს პირდაპირ ან შეფარვით ეტყვიან, რომ 1 ოქტომბერს, «ბედუკაძის ცოცხის» ზეგავლენით, ბრიყვმა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის - უარესის სასარგებლოდ, რაკი მიშას ავტორიტარული რეჟიმი ასე თუ ისე მაინც უზრუნველყოფდა რაღაც ზრდას სწორედ ავტორიტარული მეთოდებით; სამუშაო ადგილები ცოტა იყო, მაგრამ მაინც უფრო მეტი, ვიდრე დემოკრატიის ზეიმისას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

რეალურად, ეს ძალიან მკაფიო იდეოლოგიაა: ქვეყანას, რომელიც მეზობელ ზესახელმწიფოსთან ომის მდგომარეობაში იმყოფება, ნამდვილი მოკავშირეები არა ჰყავს და რესურსები არ გააჩია, ესაჭიროებოდა და ესაჭიროება პინოჩეტი!

თუ ასე მოხდა, ხალხი ჩვენებური ლიბერალებისა და პროდასავლელი დემოკრატების ლაყბობას დიდ ყურადღებას აღარ მიაქცევს: თუ ეკონომიკას არაფერი ეშველა და დღევანდელი ტენდენციები გაგრძლდა, «ნაციონალთა» არგუმენტები დამაჯერებლობას შეიძენენ.

ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში კი, პირველად 1988 წლის შემდეგ, საქართველოში სერიოზული «ევრაზიული პარტიაც» გაჩნდება! ამის სიმპტომები უკვე არის.

აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილის მთავრობისა და, მთლიანად, ხელისუფლების ბედი სწორედ ეკონიმიკაში წყდება. 1-2 პროცენტიანი ზრდა (ესეც, ვიმეორებ, უკეთეს შემთხვევაში) იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მომავალ წლამდე ვერ მიაღწევს, ხოლო თუ ეკონომიკური რეცესია დაიწყო, შეიძლება მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდეც ვეღარ მიაღწიოს, კოალიცია დაიშალოს და ქვეყანაში დიდი დომხალი დატრიალდეს, რაზეც «შუშის სახლის» ბინადარი მხოლოდ მხრებს აიჩეჩს («მადლობა მითხარით, რომ მიშა მოგაშორეთ, აწი კისერი გიტეხიათ!») და იმ საოცნებო ქვეყანაში გაემგზავრება, რომლის მოქალაქეობაც არაფრის დიდებით არ დათმო.

სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქე იგი დღემდე არ არის. თუმცა «რატომღაც» გვეგონა, რომ პრეზიდენტ მარგევლაშვილის პირველი ბრძანებულება არა ღარიბაშვილის დამტკიცება, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება იქნებოდა.

ეს უფრო დაამშვიდებდა ხალხსა და ეკონომიკას, ვიდრე ზვიად ძიძიგურის სადღეგრძელოები პარლამენტის ტრიბუნიდან.