უახლოეს მომავალში ვნახავთ, რა ფორმით მიიღებს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტს, რომლის ავტორიც რეგიონული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა, რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:
- პროექტის მიხედვით, ქალაქებს, სადაც 15 ათასი და მეტი მცხოვრებია, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, ქალაქის გარშემო არსებული სოფლები კი თვითმმართველ თემებად ჩამოყალიბდება. მთავარია, რეფორმა დაიწყოს, შემდგომ ეს ეტაპობრივად განხორციელდება. დღევანდელი მდგომარეობით, თვითმმართველის სტატუსის დაახლოებით 13 ქალაქი იქნება, კანონივე განსაზღვრავს არჩეული მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმსაც. ისე არ მოხდება, როგორც დღეს თბილისის მერის შემთხვევაში გვაქვს, როდესაც კანონის მიხედვით მისი გადაყენება შეუძლებელია.
- ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გკითხავთ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საყვედურობენ თქვენს მთავრობას, რომ გააჩერეთ მნიშვნელოვანი პროექტები...
- მათი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოა. იმ პროექტებიდან, რაც ჩვენს სამინისტროში იყო დაგეგმილი, ყველა ხორციელდება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მაგალითად, იყო ლაპარაკი შავი ზღვის სანაპიროს მოწყობაზე, ეს პროექტი კეთდება, ოღონდ ოქროს ქვიშის გარეშე. სააკაშვილის კაპრიზი იყო, რომ ოქროს ქვიშა დაგვეყარა სანაპიროზე, რაც, ბუნებრივია ჩაირეცხებოდა და ყოველწლიურად მილიონობით ევრო წყალში იქნებოდა გადაყრილი. იყო რამდენიმე ისეთი პროექტი, რომ არ შეგვეჩერებინა, კულტურულ მემკვიდრეობას დავკარგავდით. ე.წ. თეთნულდის საბაგირო გზის პროექტის გაჩერებას გვსაყვედურობენ, არადა, დღესაც ჩვენი სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება მესტიაში, რათა საფრანგეთიდან ჩამოსული, პროექტისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები მიიღოს და დაასაწყობოს.
- რა ელის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას?
- ეს მშენებლობა გრძელდება, თანაც ძალიან ინტენსიურად.
- რუსთავის ავტობანის პროექტიც შეჩერებულია...
- ამ ავტობანთან დაკავშირებით იყო ერთადერთი პრობლემა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაკოტრდა, ამიტომაც ახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო. ტენდერი უკვე დასრულებულია, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს, კიდევ გარკვეული დეტალებია შესათანხმებელი და პროექტის განხორციელებაც დაიწყება.
- წინა ხელისუფლებას ლაზიკის პროექტის გამო ბევრი კრიტიკა შეხვდა, თუმცა როგორც გაირკვა, იქ თქვენი ხელისუფლებაც გეგმავს პორტის აშენებას...
- ამ პროექტზე ძირითადად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რასაკვირველია, ამ პროცესში ჩვენც ჩართულები ვართ. აქ ლაპარაკია მხოლოდ პორტზე და არა ქალაქ ლაზიკაზე, არავინ აპირებს იუსტიციის სახლის მსგავსი უმაქნისი შენობების აშენებას იქ, სადაც მხოლოდ კოღოები ცხოვრობენ. წინა მთავრობა ცდილობდა 2 ჰექტარ ჭაობზე დაესხა ასფალტი. ააშენეს კიდეც იუსტიციის სახლი, რომელიც, ალბათ, კოღოებს თუ დაითვლის. ჯერჯერობით ამ პორტის მნიშვნელობას ვსწავლობთ, როდესაც ეს დასრულდება, უკვე პროექტიც დამუშავდება და ისიც გაირკვევა, როდის დაიწყება მისი განხორციელება.