"ბენდუქიძე, გია ნოდია და აშშ-ში ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი აქტიურ შეხვედრებს მართავენ ვაშინგტონში. აშშ-ში იმყოფებიან სააკაშვილი და ბაქრაძე. როგორც ჩანს, მათი შეხვედრები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დავით ბაქრაძე საქართველოში დაგეგმილზე გვიან ჩამოფრინდება - ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას უმცირესობასთან მისი ლიდერი არ დაესწრო და ამერიკიდან შემოთვალა - ჩემს რეისს პრობლემები შეექმნა და სამშობლოში დაბრუნება გვიან მომიწევსო. რეალურად ისინი კულუარულ მოლაპარაკებებს მართავენ ამერიკაში და თვითგადარჩენისთვის იბრძვიან", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა გასაიდუმლოებულ შეხვედრებს მართავენ აშშ-ში სააკაშვილი და ბაქრაძე?
"ვილნიუსის მოახლოებული სამიტის შესახებ კონფერენცია "მარშალის ფონდის" ვაშინგტონის სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ევროპელი დიპლომატები, ასევე საქართველოს საკითხზე მომუშავე ანალიტიკოსები. თბილისიდან სტუმრებს კი კახა ბენდუქიძე, ეკა ტყეშელაშვილი და გია ნოდია წარმოადგენდნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის ხაზი გადაესვათ. მნიშვნელოვანია, რომ კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა თომას დე ვაალმა კონფერენციაზე რამდენიმე ციტატა წაიკითხა თომას ჰამარბერგის მოხსენებიდან - "მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებდა პარლამენტს, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ადმინისტრაციებს. მიწისა და სხვა კერძო საკუთრების კონფისკაცია ხდებოდა და ამის გასაჩივრების საშუალება მცირე იყო ან საერთოდ არ არსებობდა. სახელმწიფოს კერძო საკუთრება გადაეცემოდა ზეწოლის ან შიშის საფუძველზე, იყო საჩივრები ელიტარულ კორუფციაზე" - თომას დე ვაალის ამ ციტატას კახა ბენდუქიძის პასუხი მოჰყვა, რომ აქამდე ახალი ხელისუფლების მიერ ელიტარული კორუფციის `მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი~, - აღნიშნავს გამოცემა.
"ბენდუქიძე, რომელიც არის ტიპური მძიმეწონიანი დემაგოგი, როგორც ჩანს, ვეღარ დაარწმუნებს ოფიციალურ ვაშინგტონს, რომ მათი ხელისუფლება არ იყო ყელამდე კორუფციაში ჩაფლული. უკვე რამდენიმე წლის წინათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ დასკვნაში წერდა, რომ საქართველოში არსებობდა ელიტარული კორუფცია, საქართველო იქცა იარაღით უკანონო ვაჭრობისა და ნარკოტრაფიკის ბუდედ. ახალმა პრემიერმა კი დააანონსა, რომ საქართველოში უგზო-უკვლოდ ძალიან ბევრი ადამიანი იკარგებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. დასავლეთი თვალს ვერ დახუჭავს იმ ფაქტზე, რომ ათასობით სარჩელია შეტანილი პროკურატურაში - ადამიანები დავობენ სწორედ იმას, რომ ხელისუფლებამ მათ უკანონოდ ჩამოართვა ქონება. ამერიკამ ვარდისფერი სათვალე მოიხსნა და ის თვალს აღარ დაუხუჭავს სააკაშვილსა და მის რეჟიმს იმ უკანონობის გამო, რასაც 9 წლის მანძილზე სჩადიოდნენ", - დასძენს გამოცემა.
"სააკაშვილისა და მისი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სიარული დასავლეთში უკავშირდება თვითგადარჩენას. მისი ჩასვლა ვაშინგტონში შემთხვევითი არ არის - სააკაშვილმა აამუშავა უკანასკნელი ბერკეტები ლობისტური კომპანიების სახით. ეს იყო ერთგვარი დემონსტრაცია მისი შესაძლებლობების. მოგეხსენებათ, კეზერაშვილის დაპატიმრება არის ამერიკისა და საფრანგეთის ერთობლივი სპეცოპერაცია. ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილი ცდილობს თავისი ლობისტების დახმარებით გავიდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე. შეხვედრებს მართავენ "მარშალის ფონდში", მაკეინთან - სხვათა შორის, ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, მაკეინი იყო პინოჩეტის ლობისტი - არის დოკუმენტური მასალა, სადაც მაკეინი ამბობს, რომ პინოჩეტი არის მისი მეგობარი. ასე რომ, სააკაშვილის მეგობრობა მაკეინთან არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას. ადამიანი, რომელიც მეგობრობს პინოჩეტთან, ბუნებრივია, იმეგობრებს სააკაშვილთანაც", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უსაფრთხოების ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია.
"როგორც კი კეზერაშვილი დააკავეს, დაიწყო "ნაცმოძრაობის" სრული დემორალიზაცია. შავი თანხები, რომლებიც ილექებოდა ოფშორულ ზონებში, კეზერაშვილის დაკავების შემდეგ ფაქტობრივად დაიკარგა, მაშინვე დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" რღვევა, რომელიც დატოვეს კობა ნაყოფიამ, დავით ბეჟუაშვილმა და როგორც ვიცი, კიდევ სხვა პიროვნებები აპირებენ პარტიის დატოვებას. როგორ ფიქრობთ, დავით ბეჟუაშვილი დატოვებდა "ნაციონალებს" საგანგაშო ინფორმაცია რომ არ ჰქონოდა? მის ძმას - საგარეო დაზვერვის უფროს გელა ბეჟუაშვილს აქვს სერიოზული ინფრომაცია და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკულ მხარესთან. სხვათა შორის მერაბიშვილი ყოველთვის დაინტერესებული იყო ამ ურთიერთობებით და სწავლობდა ბეჟუაშვილის კონტაქტებს. გარწმუნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქმე ცუდად აქვს, მისი ბედი კი დამოკიდებულია იმაზე, რა ბრალდებას წაუყებენ კეზერაშვილს. თუ სააკაშვილმა წითელი ხაზი გადალახა და ეს დოკუმენტურად არის დაფიქსირებული - ვგულისხმობ იარაღით უკანონო ვაჭრობის საკითხს, მას ამერიკელები არ აპატიებენ. კეზერაშვილის საქმეს იძიებს როგორც საფრანგეთის მხარე, ასევე აშშ", - განაგრძობს ექსპერტი.
"სააკაშვილი ერთ კვირაზე მეტია ამერიკაში და მაკეინის გარდა მას არავინ ხვდება. როგორც ჩანს, ძლიერმა ლობისტურმა კომპანიებმა უარი თქვეს სააკაშვილთან ურთიერთობაზე. სააკაშვილს ჩამოსცილდნენ ძლიერი ლობისტები, გავლენიანი პოლიტიკოსები და ხელში შერჩა ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომელთაც ამერიკაში არანაირი გავლენა არ აქვთ. "მარშალის ფონდი" და მაკეინი ყველამ იციას რას წარმოადგენს, მაკეინი არის ჩამოწერილი პოლიტიკოსი. სააკაშვილს შემორჩნენ ულტრაკონსერვატული ძალები, რომლებიც ამერიკაში ამინდს ვერ ქმნიან. თუ იარაღით საერთაშორისო მოვაჭრე ბუტისა და კეზერაშვილის კავშირები ამოვარდა, ეს გამოწვევს ამერიკის ძალიან დიდ შეშფოთებას - ეს არის ამერიკის წინააღმდეგ წასვლა", - დასძენს ვახტანგ მაისაია.