სად იმყოფება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს ნაციონალური ლოზუნგი „ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ!“?

სად იმყოფება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს ნაციონალური ლოზუნგი „ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ!“?

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ძველმა და უკვე ყოფილმა პირველმა პირმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და როგორც ცნობილი გახდა,  ბრიუსელში გაემგზავრა. მას შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და მისი  თვითმფრინავიც საქართველოში ცარიელი დაბრუნდა.

„ექსკლუზივ ნიუსი“ წერდა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაუჩინარების შესახებ. ვრცელდებოდა რამდენიმე ვარიანტი: პირველი ვარიანტით, ყოფილი პრეზიდენტი  საქართველოს ამერიკელების დახმარებით დატოვებდა, მეორე ვარიანტით კი ამერიკელ ინვესტორებთან ერთად ერთ-ერთ ბანკში დაგეგმილ პრეზენტაციას  დაესწრებოდა ინაუგურაციის დღეს, 17 ნოემბერს და ამის შემდეგ  გაემგზავრებოდა უცხოეთში, მაგრამ, როგორც გაირკვა,  მან უნდობლობა გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას, ბოლო წუთებში გეგმები შეცვალა და  ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე დააღწია თავი ქვეყანას. მართალია, დაგეგმილი პრეზენტაცია ნაცვლად 17 რიცხვისა 16 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ ამ დროისთვის, პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოდან შორს, ევროპაში იმყოფებოდა, მისმა ოჯახის წევრებმა კი, მასზე უფრო ადრე დატოვეს ქვეყანა.

ცნობილია და ამის შესახებ „ექსკლუზივ ნიუსი“ წერდა კიდეც, რომ მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ევროპული ვოიაჟის მთავარი მიზეზი საფრანგეთში დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატთან შეხვედრა იყო, ვინც მათ დაპატიმრებულთან  დააკავშირებდა, თუმცა ეს  ვერ მოხერხდა. რადგანაც კეზერაშვილის ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა, რადგანაც კეზერაშვილს იარაღით უკანონო ვაჭრობა ედება ბრალად. ცნობილია ისიც, რომ ყოფილი პირველი პირის უძრავი ქონება და საბანკო აქტივები „ოფშორულ ზონაში“ დავით კეზერაშვილის სახელზეა გაფორმებული. ფრანგული კანონმდებლობით კი პატიმრობაში მყოფ პირს უფლება არა აქვს არც საბანკო ტრანზაქცია შეასრულოს და მით უმეტეს, ყიდვა-გაყიდვის სანოტარო ხელშეკრულებები გააფორმოს. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მილიარდობით ღირებულების ქონება დე-ფაქტო ჰაერშია და დე-იურე კეზერაშვილის სახელზეა. ხოდა, „საკუთარი“ ქონების მაძიებელი მაშინ საფრანგეთიდან ხელმოცარული ჩამოვიდა. მისი  დავით კეზერაშვილთან კომუნიკაციის შანსი თეორიულ დონეზეც კი გამოირიცხა. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოში ჩამოსულ ყოფილ ლიდერს არც ერთი ნაც-დეპუტატი სათოფეზე აღარ ეკარებოდა, მარტომ კი მხოლოდ ის მოახერხა, რომ  უამრავი სისულელის ბჟუტური დაიწყო და ახალი ხელისუფლების ლანძღვით  გაერთო. ამასობაში კი,  შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც  გაემგზავრა  საფრანგეთში და ამ ვიზიტის შედეგად, როგორც ბოლოს გაირკვა, დავით კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოპარული ქონების შესახებ მისივე  უთვალავი „საინფორმაციო ბანკი“-თ ქართულ მხარეს უახლოეს დროში  გადმოეცემა და ქართველივე სამართალდამცავები გაარკვევენ, რა ღირებულებისაა ყოფილი პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობისას  მიტაცებული ქონება. რამდენიმე დღის  წინ კი ქართველმა სამართალდამცავებმა  ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის დადგენილება მიიღეს, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის სასამართლოს კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარის თქმის უფლება აღარ ექნება. განვითარებული მოვლენების მიხედვით მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ ხელისუფლება არ ხუმრობდა და სასწრაფოდ ფრანგი ადვოკატი დაიქირავა. ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქვეყანა დატოვა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას მერე, რაც ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაამთავრა ე.წ. „ოპოზიცია“-სთან კოჰაბიტაცია და მეტი მზაობა აქვს იმისათვის, რათა სამართლიანობა აღადგინოს, რისი უსაშველო მოლოდინიც აქვს სრულიად საქართველოს საზოგადოებას,  დიდი ალბათობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არ დაბრუნდეს და ხახვივით შერჩეს ის, რაც მან თავისი 9– წლიანი მმართველობისას ქართველ ერს დაუშავა.  ადვილი შესაძლებელია,  ამ იდეის განხორციელებაში მას ევროპელი და ამერიკელი „მამები“ დაეხმარონ. ამით კი  მომავალში შესაძლოა „დევნილი და ტანჯული ლიდერი“, ან სულაც  „მეორე იგორ გიორგაძე“ მივიღოთ.

რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, რატომღაც მათ იმედი აქვთ, რომ უახლოეს ხანში ისევ ხელისუფლების სათავეში დაბრუნდებიან და ამაში იმდენად დაჯერებულნი არიან, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღიად წერენ მსგავს ნაციონალურ ლოზუნგებს: „ჩვენ დავბრუნდებით“, „ჩვენ გავიმარჯვებთ!“. ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა და მოდელირებული „ქრონიკის“ ავტორმა გიორგი არველაძემ პირადად მომწერა „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.....თქვენ კი განწირულნი ხართ მუდმივი ბოღმისთვის!!!“. რაღა დავამატო???, „ნეტარ არიან მორწმუნენი“...