პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა

დღეს, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ. ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებს. ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო.

აკრედიტებული ჟურნალისტების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, მსგავსი რამ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არასდროს მომხდარა. როგორც ცნობილია, დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იხილავს. ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართება. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში, ნაწილი კი პარლამენტს გარეთ იქნება მობილიზებული.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ.

„გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ. ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მაშინ, როდესაც ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს უპირისპირდება იმ მოტივით, რომ კანონი თურმე რუსულია და, რომ ხელისუფლება კანონს რუსეთის დაკვეთით ღებულობს, სწორედ, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებლები რუსეთის ფედერაციაში ფლობენ უზარმაზარ ბიზნესებს.

მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი არის რუსეთის მოქალაქე, კობა ნაყოფია, რომელიც რუსეთში რამდენიმე ბიზნეს ფლობს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა მოხდა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ხოშტარია აცხადებს, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„ლონდონი, იაპონია, პარიზი და სხვა - ამ ოპერებში დღემდე იდგმება სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლები და მის მემკვიდრეებს მამაჩემს და მის დეიდაშვილს, მანანა ხიდაშელს, როგორც წესი და რიგია, ერიცხებათ საავტორო უფლებების თანხები. სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა, დღეს ამ რუსული მთავრობის თავდასხმის ობიექტი გახდა, ნაცვლად იმისა, რომ ვამაყობდეთ.

ყოველ ჯერზე, აი, მეც რომ არ ვიცი, სუს-მა და „იმედმა“ იცის ყველა გადმორიცხვა, ოღონდ ამ დადგმების გადმორიცხვებს ბინძურად ეძახიან რუბლებს. რუსული პროპაგანდის არც პირველი და არც უკანასკნელი ობიექტი არ ვარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ და რუსეთს ვტკენ, რაც მხოლოდ მახარებს. მოიგონეს, რომ სპილო ხარ და უნდა ამტკიცო რომ არ ხარ“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი. როგორც მეგრელიშვილი წერს, ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება, რადგან ეს ის ფულია, რომელსაც „სუნი“ არ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის.

„არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე. ხელოვნების სახელს ამოფარებული ხოშტარიების ოჯახი რუსული პატრიოტიზმით თუ დაიკვეხნის. მათ წლებია უწყვეტად ერიცხებოდათ და დღესაც ერიცხებათ ფული რუსეთიდან, რომელსაც დიდი მონდომებით მალავენ და მალავდნენ მანამ, სანამ მათი ღია მხილება არ მოხდა.

რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფაც კი მიაყენა, რადგან იცის, რომ ამ თემაზე საუბარი მისი ოჯახისათვის მომგებიანი არ არის. არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე. ჰელენ, ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, მოსკოვიდან გასროლილი თანხებით ივსება ჩვენში არსებული წამყვანი რევოლუციონერ-ნეოტროცკისტი „ენჯეოშნიკების“ ჯიბეები, ამიტომაც იბრძვიან ქართული კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქვეყნოდ გამჭვირვალეს გახდის მათ უზნეობას. მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ შეიძლება რუსული ფული საქართველოში შემოვიდეს და რევოლუციურ პროცესებს მოხმარდეს.

„არასამთავრობო სექტორი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ იმიტომ იბრძვის, რომ კანონის მიღებით, არასასიკეთო მიზნებისათვის გადმორიცხული შავი ფული საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება. კიდევ ერთი მახვილი კუთხიდან განხორციელებული ფინტი კრემლიდან და ლონდონის გავლით 30 ათასი ფუნტი ჰელენა ხოშტარიას ოჯახშია მოთავსებული! აი, კიდევ ერთი ნაღდი დადასტურება იმისა თუ როგორ შეიძლება რუსული ფული „პროდასავლელი“ ხოშტარიას ყულაბაში იყოს მოთავსებული და მერე საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციურ პროცესებს მოხმარდეს!

სწორედ, ასეთი მოსკოვიდან გასროლილი თანხებით ივსება ჩვენში არსებული წამყვანი რევოლუციონერ-ნეოტროცკისტი ენჯეოშნიკების: გიგაურების, ლომჯარიების, თაბაგარების, ხიდაშელების... ანგარიშები და ჯიბეები „ჩერეზ“ ტაივანის, ბერლინის, პარიზის, ნიუ იორკის, ბრიუსელის და კაცმა არ იცის კიდევ რომელი კუნძულების გავლით! რათა შემდეგ იყიდონ მოლოტოვის კოქტეილის „პრიპასები“! დაიქირაონ გრიგორიადისები და ათასგვარი ჯურის სხვა ექსტრემისტ-ტერორისტები - ჩვენი ვაჟკაცი სამართალდამცავების ცოცხლად ცეცხლის წასაკიდებლად! ეკლესიების ასაოხრებლად!

თეატრებზე უმსგავსობების მისახატავად! რუსთაველის გამზირის და საერთოდ, საქართველოს ასაოხრებლად! ამიტომაც იბრძვიან ასე თავგამეტებით ეს თანამედროვე ტროცკისტები იმ ქართული, დიახ ქართული კანონის წინააღმდეგ, რომელიც მოკლე ხანში მათ ამოუქოლავს შავბნელი მიზნებისათვის გადმორიცხულ შავი ფულს ხვრელებს და საქვეყნოდ გამჭვირვალეს გახდის მათ უზნეობას“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.