"სააკაშვილს ახლა ორი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორმე დაისხნას კეზერაშვილი, ასევე ბოლომდე გაერკვიოს, რა ბრალდება აქვს წაყენებული და რამდენად არის ამ ბრალთან შეხებაში. ჩემი ინფორმაციით , კეზერაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო, თუმცა მისი საკითხი დახურულია და გასაიდუმლოებული. სააკაშვილს ძალიან აინტერესებს შეექმნება თუ არა სამართლებრივი საფრთხე. ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილი ამჟამად ევროპაშია და ძირითადად ამ საქმიანობითაა დაკავებული. მეორე პრობლემა, რაც სააკაშვილს ამუხრუჭებს, ეს არის მისი შელახული იმიჯი, მეორე ეტაპი, ალბათ, იქნება ის, რომ სააკაშვილი წავა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი ძველი კავშირების მეშვეობით ეცდება რეაბილიტაციას, რათა ხელახლა წამოიწყოს ახალი მოძრაობა", - აცხადებს "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ"ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალების" ორი საიდუმლო გეგმა.
"სააკაშვილი და "ნაციონალების" სხვა ლიდერები შეეცდებიან გარე ძალების დახმარებით უკან მობრუნებას. მათ ეს უნდა გააკეთონ ორი მიმართულებით, ერთი გეგმა არის ასეთი, - მსოფლიოში უნდა დაიწყონ მედიის საშუალებით პიარი, მათი მეორე გეგმის მიხედვით, ისინი აპირებენ საქართველოს მოსახლეობასთან აქტიურ მუშაობას, ოღონდ მას შემდეგ, როცა მსოფლიო მედიის საშუალებით საკუთარ იმიჯს აიმაღლებენ, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი, ვიდრე ბარაკ ობამაა ამერიკის პრეზიდენტი, მხარდაჭერა მოიპოვოს დასავლეთისგან და აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ის გახდეს მისაღები. ასევე მეპარება ეჭვი, მოიპოვოს სააკაშვილმა მხარდაჭერა ევროპის პოლიტიკურ წრეებში ერთი მარტივი მიზეზის გამო, ევროპელები ძალიან პრაგმატულად უდგებიან ნებისმიერი პოლიტიკოსის საქმიანობას და ნებისმიერი ქვეყნის ლიდერების განცხადებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"ულტიმატუმები ჩვენი მისამართით ჯერჯერობით არ არის, ძალიან სამწუხაროა ის ულტიმატუმი გერმანიის მხრიდან, რასაც უყენებენ უკრაინელებს. ბევრი ავტორიტეტული პოლიტიკური გაერთიანება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენთან საუბარში გაკვირვებულები არიან ევროკავშირის წინდაუხედაობით უკრაინის მიმართ და თუ ჩვენც ულტიმატუმები წაგვიყენეს, ჩავთვლით, რომ ჩვენი მიღება არ უნდათ და მიზეზებს ეძებენ. ჩვენ თუ პირველი ნაბიჯი არ გადაგვადგმევინეს ევროპულ ოჯახში, ვილნიუსის სამიტის შემდეგ მიზეზებზეც ხმამაღლა ვილაპარაკებთ. მინიშნებით კი გეტყვით, - თუ პრობლემებს შეგვიქმნიან ევროპელები, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევრაზიული კავშირისთვის გვწირავენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პრემიერის გამოსვლა უმცირესობის წინაშე იყო პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ადამიანის გამოსვლა, რომელსაც გულწრფელად უნდა, რომ ხალხი და ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში აცხოვროს. რაც შეეხება გია ბარამიძის ისტერიკას, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის არის თაღლითობოსა და თვალმაქცობაში გამობრძმედილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და ახალი მთავარი პროკურორიც, ბევრად უფრო მეტად მომთხოვნები იქნებიან, ვიდრე მათი წინამორბედი იყო. ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა სამართლებრივი დევნა დაიწყოს სწორედ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო, სწორედ იმიტომაა პანიკაში, რომ მას არ უნდა საერთაშორისო საზოგადოებამ ცნოს, როგორც დამნაშავე, ამიტომაც ის აფიქსირებს თავის კონფლიქტს ახალ პრემიერთან, შეიქმნას დევნილი და შევიწროებული პოლიტიკოსის იმიჯი და პრემიერთან დაპირისპირების გამო დაერქვას პოლიტიკური დევნილი", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი.