წინასწარი ვარაუდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრს შეცვლიდა, არ გამართლდა. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტის წინაშე სულაც არდავიწყებული ძველი შემადგენლობით წარდგა. როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ირაკლი ღარიბაშვილმა გაპრემიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე წარადგინა.
დიდ სამთავრობო ცვლილებებს ამ ეტაპზე თითქმის არავინ ელოდა, მაგრამ თუნდაც ის, რომ ზოგიერთმა ნაკლებად წარმატებულმა მინისტრმა ისევ შეინარჩუნა თანამდებობა, ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ ღარიბაშვილი პირველ ეტაპზე მოერიდა ვითარების დაძაბვას და გადაწყვიტა, ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც იყო. ამ თვალსაზრისით ცვლილებები მანამ არ იქნება მოსალოდნელი, ვიდრე ღარიბაშვილი სერიოზულ საყრდენს არ იპოვის პოლიტიკურ სპექტრში. მისი კოზირი ის არის, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის კადრია, ივანიშვილისთვის საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ნაწილობრივ მასზეც ვრცელდება. ისიც ცხადია, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ყველაზე სუსტი პოზიცია დღეს იმ პოლიტიკურ ძალას აქვს, რომელსაც ღარიბაშვილი წარმოადგენს. როგორც უკვე ცნობილია, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც ახალ პოლიტსაბჭოს, გენერალურ მდივანსა და პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ უკანასკნელ პოსტზე ბიძინა ივანიშვილს, მისივე სურვილით, აქაც ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდება. დიდი ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ცდილობდა პარტიის გაძლიერებას, თუმცა ეს მან ვერ მოახერხა. სავარაუდოდ, ახლა ამისთვის უკვე მოიცლის, მით უფრო, ცნობილია, რომ ივანიშვილი პარტიის რიგით წევრად რჩება და მისი ფინანსური მხარდაჭერის იმედიც პარტიაში უნდა ჰქონდეთ. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი შეეცდება პოლიტიკური საყრდენი სწორედ ამ პარტიის სახით შეიქმნას. შემთხვევითი არ არის, რომ პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელობიდან ამ რამდენიმე დღის წინ გადააყენეს ზაქარია ქუცნაშვილი, მისი ადგილი კი გია ვოლსკიმ დაიკავა. როგორც ამბობენ, მას გაცილებით მეტად ენდობიან ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლი ღარიბაშვილიც, გარდა ამისა, დაპირისპირებას უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა (რომელიც ამავე პარტიას წარმოადგენს) და მაჟორიტარებს შორის, ნაწილობრივ სწორედ ქუცნაშვილი უჭერდა მხარს. იმ შემთხვევაში, თუ ღარიბაშვილი კოალიციის წევრი რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრის გათავისუფლებას გადაწყვეტს, მას დასჭირდება გარანტია, რომ ამის გამო პარლამენტში ბუნტს არ მიიღებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს უახლოეს მომავალში დაატოვებინებენ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული აზრით. დავით საგანელიძის განცხადებით, ის დისციპლინურ გადაცდომებშია შემჩნეული. მოკლედ, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შიგნით სიტუაციის დალაგებისა და ვითარების კონტროლის დრო მოვიდა. მით უფრო, რომ გაურკვეველია, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციის წევრები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე. რაც შეეხება შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს - ექსპერტთა ნაწილი თანხმდება, რომ ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში გარდაუვალია, ისევე, როგორც გადაჯგუფება თავად კოალიციაში. ვარაუდობენ, რომ იანვარ-თებერვალში ღარიბაშვილი რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ საინაუგურაციო ღონისძიებებზე ღარიბაშვილმაც და ირაკლი ალასანიამაც ყველაფერი გააკეთეს ურთიერთკეთილგანწყობის სადემონსტრაციოდ, მაინც უამრავი ეჭვი გამოითქმის მათი
შემდგომი ერთობლივი საქმიანობის თაობაზე. მოხერხდება თუ არა კოალიციური მთავრობის შენარჩუნება? თუ, როგორც კი საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს გაიმყარებს, ღარიბაშვილი შეეცდება ერთპარტიული მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბოს? - ერთი შეხედვით, შესაძლოა, დღევანდელი ჭრელი პარლამენტის პირობებში ეს ძალიან გაუჭირდეს, თუმცა არავინ იცის, როგორი პოლიტიკური გადათამაშება და რა ტიპის ახალი უმრავლესობა შეიძლება ვიხილოთ.