დასავლეთში იმ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე ან ამა თუ იმ სფეროში მონოპოლიის მოპოვებას ცდილობენ, "მტაცებლებს" უწოდებენ. იქ დიდი ხნის წინ შექმნეს მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც, მონოპოლისტებს ებრძვიან - შესაბამისად, დაცულია როგორც მომხმარებლის უფლებების, ისე თავისუფალი კონკურენციის პრინციპები. საქართველოში "მტაცებლებზე ნადირობა", სავარაუდოდ, 2014 წლის იანვრიდან დაიწყება. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ახალ წლამდე პარლამენტი დაამტკიცებს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას (ოფიციალურად მას ეწოდება: კანონპროექტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის" შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ). იგეგმება კონკურენციის სააგენტოს შექმნაც. ამ მეტად აქტუალურ პრობლემაზე კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის კონცეფციისა და საკანონმდებლო წინადადების ავტორი, პროფესორი ქეთევან ლაფაჩი და ეკონომიკის ექსპერტი ავთანდილ სილაგაძე გამოხატავენ თვალსაზრისს.
- ქალბატონო ქეთევან, დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა საკითხზე - საჭიროა თუ არა ანტიმონოპოლიური სამსახური?
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა კონკურენციას განიხილავს, როგორც ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების კეთილდღეობის მნიშვნელოვან ფაქტორს. კონკურენციული პოლიტიკის განმტკიცება განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში განიხილება როგორც რეფორმების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რაზეც მიუთითებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა ამ მიმართულებით, ასევე საზღვარგარეთის 120-მდე ქვეყნის კონკურენციული რეჟიმები. სამწუხაროა, რომ საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკური რეფორმების პროცესში და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაში წლების განმავლობაში საერთოდ უგულებელყოფილი იყო. დღეისათვის კვლავ აქტუალურია კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი ელემენტების - კონკურენციის კანონისა და სათანადოდ უფლებამოსილი უწყების (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მას სააგენტო ერქმევა თუ სამსახური) ამოქმედების საკითხი.
- კანონით, მონოპოლიებთან და კარტელური შეთანხმებების წინააღმდეგ ბრძოლის რა ფორმები იქნება გამოყენებული?
- კონკურენციის კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები სულაც არ არის კომპანიებზე, ეკონომიკურ აგენტებზე თავდასხმის იარაღი, სიტყვა "ბრძოლის" გამოყენება უადგილოდ მეჩვენება მონოპოლიური მდგომარეობის მქონე კომპანიებთან მიმართებაშიც, რამეთუ "კონკურენციის შესახებ" კანონით უკანონოდ ითვლება არა მონოპოლიური მდგომარეობა, არამედ ამ მდგომარეობაში მყოფი კომპანიის გარკვეული ქმედებები, რომელიც ხორციელდება კონკურენციის შეზღუდვის ან აღკვეთის მიზნით. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, კონკურენციის კანონი მიზნად ისახავს კონკურენციის წახალისებას და დაცვას და შესაბამისად, ყველა ტიპის ანტიკონკურენციული ქმედებების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. კანონი ვრცელდება როგორც კომპანიების ანტიკონკურენციულ ქმედებებზე, ასევე ისეთ მარეგულირებელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეც, რომელთა მიზანია, ან რომლებსაც შედეგად მოსდევს კომპანიების დისკრიმინაცია, კონკურენციის შეზღუდვა და აღკვეთა.
კანონპროექტის ძირითადი დებულებები ეხება ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ბაზარზე მონოპოლიური, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ასევე განსაზღვრულია, თუ რა ითვლება მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად: კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულებები, გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები კომპანიებს შორის (მათ შორის კარტელური გარიგებები: როგორიცაა ბაზრების დაყოფა სასაქონლო, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით, შეთანხმებული ფასების დაწესება და სხვა), ანტიკონკურენციული ეფექტის მქონე მარეგულირებელი გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომლებიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბაზრის მონაწილეებს, სახელმწიფო დახმარებების გარკვეული ფორმები, საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაცია და სხვა.
პროექტი ითვალისწინებს აკრძალვებიდან გარკვეულ გამონაკლისებსაც: აკრძალვები არ ვრცელდება მცირე საბაზრო წილის (5-15 პროცენტამდე) მქონე კომპანიების შეთანხმებებზე.
ასე რომ, თავისთავად, კომპანიის მიერ ამა თუ იმ ბაზრის დიდი სეგმენტის ფლობა არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობით და მათ შორის, არც ამ კანონპროექტით, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, მაგრამ თუ კომპანია საბაზრო ძალაუფლებას გამოიყენებს კონკურენციის შეზღუდვის ანდა აღმოფხვრის მიზნით, ამ შემთხვევაში ჩაითვლება მისი ქმედება მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად. კომპანია დომინირებული მდგომარეობის მქონედ მიიჩნევა, თუ მას საშუალება აქვს იმოქმედოს კონკურენტების, მომწოდებლების, კლიენტებისა და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია.
კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილი ამ კანონპროექტით 40 პროცენტია (ქვეყნების უმრავლესობაში ეს მაჩვენებელი 35 - 50 პროცენტის ფარგლებშია), თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინდიკატორია.
- ამ კანონის ამოქმედება მოახდენს თუ არა გავლენას პროდუქციის ფასებზე?
- კეთილსინდისიერი თამაშის წესების პირობებში, ცხადია, გაძლიერდება ბაზარზე შესვლის მოტივებიც და გააქტიურდება მეტოქეობა ბაზრის მონაწილეთა შორის. გზა საბაზრო წარმატებისაკენ მომხმარებელზე გადის, სწორედ ამიტომ კონკურენციის პოლიტიკის გაჯანსაღება უცილობლად აისახება პროდუქციის, მომსახურების ხარისხზეც და ფასებზე. კონკურენცია და მომხმარებლის არჩევანი ურთიერთგანმაპირობებელი ფაქტორებია. შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლის ყველაზე საიმედო დამცველია.
- რა სანქციები ელის იმ კომპანიებს, ვინც თავისუფალი კონკურენციის წესებს დაარღვევს?
- მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სხვა სახის კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის წინა წლის წლიური ბრუნვის 10 პროცენტს. ჯარიმის კონკრეტულ ოდენობას სასამართლო დაადგენს დარღვევების სიმძიმის, ხანგრძლივობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით.
- საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია არაერთი გახმაურებული შემთხვევა კანონდამრღვევი მონოპოლიური კომპანიების დაყოფისა. ითვალისწინებს თუ არა ანალოგიურ მიდგომას ეს კანონპროექტი?
- კანონის აღსრულების მექანიზმები მხოლოდ საჯარიმო სანქციებს არ ითვალისწინებს. პროექტით გათვალისწინებულია გაფრთხილებაც, სარეკომენდაციო ხასიათის და სავალდებულო წინადადებების წარდგენა. გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილი იქნება განახორციელოს ანტიმონოპოლიური ზემოქმედების სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის: დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას, შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა.
ავთანდილ სილაგაძე: - ანტიმონოპოლიური, კონკურენციის სამსახურის რეალურად ამოქმედება აუცილებელია, მთავარია არა სახელწოდება, არამედ შინაარსი. ამ სამსახურს სახელი ბევრჯერ შეუცვალეს, არსი კი არ იცვლებოდა: მონოპოლიურ, ოლიგოპოლიურ (რამდენიმე მსხვილი კომპანიის ურთიერთშეთანხმება) სტრუქტურებზე ზეგავლენას სახელმწიფო უკვე წლებია, ვეღარ და აღარ ახდენს. კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია ის კი არ უნდა იყოს, რომელიმე მსხვილი საწარმო, რომელიც ბაზრის მაქსიმალური წილის დაუფლებას ცდილობს, გააკოტროს, არამედ, პირიქით, ბაზარზე კომპანიების თავისუფლად შესვლას უნდა შეუწყოს ხელი, ოღონდ მათი ქმედებები გარკვეული ჩარჩოთი უნდა იყოს შემოზღუდული, რომ თავისუფალი კონკურენცია არ ჩაკვდეს. დღეს მონოპოლისტი კომპანიები, რომელთა მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს, გვხვდება საწვავის, ნავთობპროდუქტების მიწოდების სფეროში, ასევე, წამლების რეალიზაციის, სარეკლამო და საბანკო სფეროში, რაც იწვევს ფასების, საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ამ მაღალ ფასს კი ისედაც მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა იხდის. როცა ბაზარზე სულ თითზე ჩამოსათვლელი მოთამაშეა, ქვეცნობიერადაც კი, მით უმეტეს კარტელური გარიგების შემთხვევაში, მათი საერთო ინტერესია, რომ ფასმა არ დაიწიოს და მოგება არ შემცირდეს.
ცნობისთვის: პირველი ანტიმონოპოლიური კანონი აშშ-ში ჯერ კიდევ 1890 წელს მიიღეს, ეს იყო ანტიტრესტული, ანუ "შერმანის აქტი", რომელიც ვაჭრობაში დისკრიმინაციას, მონოპოლიას ზღუდავდა. ამგვარი კანონი სხვადასხვა სახელწოდებით არაერთ ქვეყანაში არსებობს. თავისუფალი კონკურენციის წესების დარღვევისთვის ევროკავშირის კომისიას შესაბამისი ჯარიმები და საურავები აქვს დადგენილი. ლატვიაში კონკურენციის საბჭოს უფლებამოსილებაა, განსაზღვროს ეკონომიკური აგენტების დარღვევები და შესაბამისი ჯარიმები დააკისროს. შვედეთში გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტის დაჯარიმების შესახებ, სტოკჰოლმის საქალაქო სასამართლო იღებს. შვედეთის კანონმდებლობით, შესაძლებელია ეკონომიკური აგენტი მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან, თუ ის შვედეთის კონკურენციის ორგანოს მიმართავს და თამაშის წესების დარღვევას აღიარებს.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პირველი "მსხვერპლი" კონცერნი Standard Oil Company Trust გახდა, რომელიც ჯონ როკფელერის მიერ იყო დაარსებული. შესაბამისმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ კომპანიამ ამერიკული ბაზრის 90%-ის მონოპოლიზება მოახდინა. 1911 წელს, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონცერნი 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო.
სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ბიზნესელიტის ყურადღება მიპყრობილი იყო სკანდალთან, რომელიც ბილ გეიტსის კომპანია "მაიკროსოფტის" მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდებოდა. ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გეიტსის კომპანია ორ ნაწილად დაიყო. თავად ბიზნესმენმა კი რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი დაკარგა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსსაც გამოეთხოვა.