ახალი აეროპორტის აშენება საბოლოოდ გადაწყდა და ტერიტორიაც შეირჩა

ახალი აეროპორტის აშენება საბოლოოდ გადაწყდა და ტერიტორიაც შეირჩა

მთავრობამ ახალი აეროპორტის აშენების თაობაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო და შესაბამისი ტერიტორიაც დაასახელა. ვაზიანიდან 2029 წლისთვის პირველი ავიარეისები უნდა შესრულდეს. საუბარია მეგაპროექტზე, რომელიც 19 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ახალი აეროპორტის პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ყურადღება მის დროულად განხორციელებაზე გაამახვილა.

„ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4-5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია, ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.

განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას, მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, მთავრობის გათვლით, 0,2%-ით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში, საშუალოდ, 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას.

ქვეყანაში 2050 წლისთვის მგზავრთნაკადი 19 მილიონამდე გაიზრდება. ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა. ამიტომ მთავრობა აქედანვე აპირებს თადარიგის დაჭერას, რადგან რამდენიმე წელიწადში აეროპორტმა მგზავრთა გატარება მოახერხოს. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წინასწარი გათვლებიდან გამომდინარე, საქართველოს ვაზიანის აეროპორტი სჭირდება, რომელიც ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევს.

„საბჭომ იმსჯელა და მიზანშეწონილად ჩაითვალა, ვაზიანში მოხდეს ახალი აეროპორტის განვითარება, რადგან ამას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია, მათ შორის მოცულობა, მგზავრთნაკადი, რომელსაც ვთვლით, რომ 2025 წლისთვის გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მატულობს, ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მობილობა გაიზრდება, ვითარდება ტურიზმიც და ვვარაუდობთ, რომ 19 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი დაგვჭირდება 2050 წლისთვის. ეს რეალური შეფასებებია და აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა ეკონომიკური თუ ფინანსური გეგმა. ამ მონაცემების მიხედვით აეროპორტი მართლაც მიმზიდველი საფინანსო საინვესტიციო პროექტია“, - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, აეროპორტის განვითარებისთვის ფინანსების დიდ ნაწილის მობილიზებას აეროპორტების გაერთიანება საბიუჯეტო დახმარების გარეშე შეძლებს.

„არაერთი პოტენციური ინვესტორი გვყავდა, რომელიც დაინტერესებულია აეროპორტის გაფართოებაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა სახელმწიფო და ამ შემთხვევაში აეროპორტების გაერთიანება შეძლებს ფინანსების დიდი ნაწილი მოიზიდოს საბიუჯეტო დახმარების გარეშე. მთავარი ამოცანაა, ბიუჯეტისთვის არ იყოს დამატებითი წნეხი ამ პროექტის განხორციელება. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც შეიძლება ფინანსურად არც ისე მიმზიდველი იყოს აეროპორტთან შედარებით და აქედან გამომდინარე, ნაკლებ ფინანსურად მიმზიდველ პროექტებზე უნდა მოხდეს სახელმწიფოს, ანუ სუვერენული დაფინანსების მიმართვა.

აეროპორტი კი ფინანსურად მიმზიდველი პროექტია და ვთვლით, რომ ფინანსებს დიდწილად თავად აეროპორტების გაერთიანების კომპანია მოიზიდავს, ამაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიდის საუბარი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რაც შეეხება მფლობელსა და მმართველს, შესაძლოა, მთლიანად სახელმწიფო იყოს.

წინასწარი ინფორმაციით, 2028 წლის ბოლოს ქვეყანა შეძლებს ჰქონდეს სრულყოფილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ახალი რეისები განახორციელოს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მთავრობის დავალებით, ერთი წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარა, სადაც ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი. დეტალურად იქნა შეფასებული 2 ვერსია: არსებული აეროპორტის განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია.

„შეირჩა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც დღეს საერთოდ არ ფუნქციობს. პრემიერმა გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში. რაც ნიშნავს თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და მშენებლობას. უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ეს იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები და საკმაოდ ამბიციური განაცხადია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი აეროპორტი არის 4.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობის და ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში 10 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობაზე, საბოლოო პროექტი კი 20 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობას გულისხმობს.

აქ მხოლოდ აეროპორტების და სახელმწიფოს როლზე საუბარი არ არის, კერძო სექტორსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება, იმისთვის რომ ეს ამბიციური განაცხადი ვაქციოთ რეალობად და მოვიზიდოთ ამ რაოდენობის მგზავრები, ავიაკომპანიები და სრულიად სხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი“ - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძე.