"სააკაშვილს უკვე ცოდვები აწუხებს და შიში ბევრ რამეს ათქმევინებს"

"პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო გენერალური მდივანი გახდება კახი კალაძე, ასევე გადახალისდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. პოლიტსაბჭოში 11 ადამიანი იქნება თუ 15 ამ საკითხზე კიდევ ვფიქრობთ - ყრილობამდე 1 კვირაა დარჩენილი. ირაკლი ღარიბაშვილი გაატარებს იმ კურსს, რაც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო და ყველაფერს შეასრულებს, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო. პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და სოციალური პრობლემების მოგვარება. ასევე მთავარი იქნება სამართლიანობის აღდგენის საკითხი. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, თუმცა ერთი წელი ნამდვილად არ იყო საკმარისი. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა შესრულდეს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს მთელი საზოგადოება დაუდგა გვერდით", - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილს უკვე ცოდვები აწუხებს და შიში ბევრ რამეს ათქმევინებს"

"სააკაშვილს ახლა შიში ალაპარაკებს - ივანიშვილს ჩემი დაჭერა უნდაო. ადამიანს დაჭერის შიში მაშინ აქვს, როცა იცის რა აქვს ჩადენილი და რის გამო შეიძლება მოეთხოვოს პასუხი. თუ ადამიანს არაფერი ჩაგიდენია, რატომ უნდა გეშინოდეს? პირიქით, უფრო ამაყი და თამამი ხარ. სააკაშვილს უკვე ცოდვები აწუხებს და ცხადია, შიში ბევრ რამეს ათქმევინებს. ის თადარიგს იჭერს, ახლა ამერიკას მიაშურა, რათა მოირგოს ახალი როლი, თუ როგორი დემოკრატი პრეზიდენტი იყო და ივანიშვილი მის დაჭერას გეგმავს. ამიერიდან რაც ამ ქვეყანაში მოხდება, ეს იქნება მხოლოდ კანონისა და სამართლის ფარგლებში, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩული გამოირიცხება, ქვეყანაში არავის არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ სამხილებს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ასეთი დამოკიდებულება ექნება პროკურატურას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე და შეკითხვას - "კოაბიტაცია ნამდვილად დამთავრდა?" - პასუხობს:

"კოაბიტაცია ნამდვილად დამთავრდა და შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში ეკისრება ახალ მთავრობას, პარლამენტსა და საერთოდ ხელისუფლებას. გიორგი მარგველაშვილი არც ერთი პარტიის წევრი არ არის, მას კონსტიტუციის მიხედვით ეკრძალება კიდეც რომელიმე ძალის ლიდერი იყოს, თუმცა ის არის ჩვენი გუნდის წევრი. რა დაბრკოლებებსაც ქმნიდა სააკაშვილი აქამდე, ამას ბოლო მოეღო და დამთავრდა მისი ძალადობისა და სიყალბის დროც. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, პრეზიდენტად იმუშავებს. მიხარია, რომ მარგველაშვილი ასეთი ადამიანია. მე პირადად სააკაშვილისა და მარგველაშვილის შედარება კი არა, სააკაშვილის დავიწყება მინდა, მისი მმართველობის პერიოდი საერთოდ ცნობიერებიდან არის წასაშლელი".