'ეს არის მსოფლიო სკანდალი!' - რატომ უნდა გაიხსნას სასწრაფოდ ეროვნული ბანკის ტრანზაქციები?

'ეს არის მსოფლიო სკანდალი!' - რატომ უნდა გაიხსნას სასწრაფოდ ეროვნული ბანკის ტრანზაქციები?

ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე 'ალია' წერდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გადადგებოდა, რადგან ახალ პოლიტიკურ რეალობას არჩილ კბილაშვილის ჰუმანურობა ვერ გაუძღვებოდა. კბილაშვილისთვის უცხო არ იქნება ის ტექსტი, რასაც პირად საუბრებში მას კოალიციის გარემოცვა ეუბნებოდა, რომ ის ვერ გამოვიდა ადვოკატობიდან და ვერ შედგა, როგორც პროკურორი. ბრალდებულის მხარეს უყურებდა როგორც დასაცავ ობიექტს და არა როგორც ბრალდებულს. კბილაშვილის მიმართ იყო პრეტენზიები, რომ მან ვერ მოახერხა პროკურატურის რეფორმირება. ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, - რაც კბილაშვილის გასაკეთებელია, ხშირად მე მიწევს იმის გაკეთებაო. მის პატიოსნებაში ეჭვი, რა თქმა უნდა, არავის ეპარება, მაგრამ მან ვერ მოახერხა საზოგადოების დაკვეთა, დინამიურად აღდგენილიყო სამართლიანობა. ამ პასუხისმგებლობას თვითონაც გრძნობს და ამიტომაც გადადგა. თუმცა ჩნდება კითხვა, - თუკი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პროკურატურაში რეფორმა ვერ გატარდა, ამაზე პასუხისმგებელი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მთავარი პროკურორი, ლოგიკურად, პოსტს უნდა ტოვებდეს მისი პირველი მოადგილე - ლაშა ნაცვლიშვილიც და ის ადამიანებიც, ვინც ამ პასუხისმგებლობას იზიარებენ. 

თუმცა სამოქალაქო სექტორში გადასული კბილაშვილი მარტო აღმოჩნდება და მისი მოადგილეები, როგორც ჩანს, გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. კულუარებში საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა ამ პოსტზე ლაშა ნაცვლიშვილი დაინიშნოს. ცხადია, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე იცავდა, ნაცვლიშვილის მიმართ ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულებაა, ჩვენ აღარ ჩამოვთვლით იმ დეტალებს თუ რატომ, თუმცა 'ალიასთვის' ცნობილი ხდება, რომ დასახელებული კანდიდატებიდან: ქალაქის პროკურორი - მაია მწარიაშვილი, კოალიცია 'ქართული ოცნების' წევრი - ზაქარია ქუცნაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი - იურისტი კახა კახიშვილი, ვერც ერთი პროკურორის პოსტს ვერ დაიკავებს, ამ ეტაპზე საუბარია, რომ მთავარი პროკურორი გახდება ლაშა ნაცვლიშვილი. არის ვარაუდი, რომ სააკაშვილის რეჟიმის წევრებთან ბრძოლაში ისეთი ეფექტური ვერავინ იქნება, როგორც ლაშა ნაცვლიშვილი. რაც შეეხება უკვე რიტორიკულ კითხვას, - დაიჭერენ თუ არა სააკაშვილს, კულუარებიდან პასუხი ასეთია, - ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ მასზე დაიდება ისეთი მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კი გააჩუმებს. 
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დატოვოს თანამდებობა. ცხადია, 'ალია' დაინტერესდა, რა ხდება კულუარებში და როგორც გავარკვიეთ, ორი დღის წინ მას ეს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და საერთოდ არ ფიქრობდა მინისტრობიდან წასვლაზე. თუმცა მანამდე არსებობდა პრობლემები და ჰქონდა პრეტენზიები წულუკიანს პროკურატურის რეფორმებთან დაკავშირებით და ის არ ემხრობოდა იუსტიციის სამინისტროდან პროკურატურის ბოლომდე ჩამოცილებას, თუმცა მან ვერ მოახერხა, რომ შეენარჩუნებინა სანახევროდ პროკურატურაზე ზეგავლენა, მაგრამ ეს კონფლიქტი თავის დროზე ამოიწურა, კულუარებში იმასაც გვეუბნებიან, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის წასვლის შემდეგ არ არის გამორიცხული, წულუკიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს. დიდი ხანია საუბრობენ, რომ წულუკიანი ელოდება, როდის გამოთავისუფლდება სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის კვოტა, ყველა ელოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ის აუცილებლად დატოვებდა იუსტიციის მინისტრის პორტფელს. ასე რომ, წულუკიანის გადადგომაც არ იქნება მოულოდნელი. თუკი ხმები კბილაშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლაზე გამართლდა, არც ისაა გამორიცხული, რომ წულუკიანმა უფრო მაღალი თანამდებობის მისაღებად დატოვოს იუსტიციის სამინისტრო. 

'კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის~ ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი 'ალიას' კითხვებს პასუხობს:

- 'ალია' წერდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტს დატოვებდა. თქვენი ინფორმაციით, ვინ იქნება შემცვლელი?
- არჩილ კბილაშვილი ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა, ის მიხვდა, რომ მისი პოტენციალი არ ჰყოფნიდა პოსტსააკაშვილისეულ საქართველოს და გადადგა. ძალიან კარგი იქნება, თუკი სხვა მინისტრებიც გადადგებიან, თუ ვერ აკმაყოფილებენ საზოგადოების მოთხოვნებს, არ დავკონკრეტდები და მათ გვარებს არ ჩამოვთვლი. მე ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესები დაიწყო სააკაშვილის წასვლის შემდეგ, პირველი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე კონფლიქტების მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით გააქტიურება. 

- და მაინც, ვინ იქნება კბილაშვილის შემცვლელი? აქვე გკითხავთ, - თუკი მთავარი პროკურორი მინუსად თვლის, რომ მან ვერ გაატარა პროკურატურაში რეფორმები, მისი მოადგილეები პასუხისმგებლები არ არიან და არ უნდა გადადგნენ?
- მე ვფიქრობ, მთავარ პროკურატურაში ცვლილებები მოხდება, სხვა თანამშრომლებიც მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს. ახალი პროკურორი უნდა იყოს აპოლიტიკური, მისი საზომი უნდა იყოს პროფესიონალიზმი.

- სახელდება რამდენიმე კანდიდატურა: მაია მწარიაშვილი, კახა კახიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა კულუარებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის პოსტს ლაშა ნაცვლიშვილი დაიკავებს. 
- ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს სახელსა და გვარს, მთავარია, პროკურორის მოვალეობა შეასრულოს პირნათლად, მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი პროკურორი დასახელდება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ხელისუფლება სწორი კურსით მიდის, უნდა აკმაყოფილებდეს ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას და ეს პროცესი დაიწყო. ასე რომ, უნდა ველოდოთ გაჯანსაღების პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელ ხელისუფლებას სერიოზულ სიმაღლეზე აიყვანს და დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს. 

- თქვენ ასევე ხართ დარწმუნებული, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა არის სიგნალი იმისა, რომ დამნაშავე რეჟიმი გასამართლდება და დაიდება სერიოზული მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?
- მე ვფიქრობ, დღემდე რა ბრალიც წაუყენეს 'ნაცმოძრაობის' ლიდერებს, ის იყო არაკვალიფიციური, სწორედ ამიტომაც არ გაიხსნა ძალიან ბევრი საქმე. რაც შეეხება სააკაშვილის დაპატიმრებას, ამ ადამიანმა წინასწარ გარგაში ატეხა დასავლეთში თავის თანამოაზრეებთან, ძალიან დიდი გულისყურით დააკვირდება საერთაშორისო სამართალი იმ ბრალს, რასაც წაუყენებენ მიხეილ სააკაშვილს ან სხვა ლიდერებს. ამიტომაც, პროკურატურა უნდა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ მას შეეძლოს ჩავიდეს საერთაშორისო ორგანიზაციების სათავო ოფისში და დაიცვას მის მიერ წაყენებული ბრალი. საქართველოს მოსახლეობა არ დაივიწყებს, რაც 9 წლის მანძილზე ხდებოდა, არ დახუჭავს თვალს უსამართლობაზე, ახალმა პროკურორმა უნდა გაატაროს რეფორმა, პირველ რიგში კონკურენტუნარიანი გარემო უნდა შექმნას. ახალი პროკურორის საქმიანობა უნდა იყოს ორიენტირებული საერთაშორისო სამართალზე. იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს და ეს კითხვები საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ძალიან ბევრი იქნება. 

ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ექნება პრობლემა დასავლეთში, თუკი 'ნაცმოძრაობის' ზოგიერთი წევრის მიმართ სასამართლო პროცესი დაიწყო. მე ვფიქრობ, სასამართლო პროცესი მათ წინააღმდეგ დაიწყება, რა შედეგზე გავლენ არ ვიცი, მაგრამ ამდენი დანაშაული მათ არ უნდა შერჩეთ. ვიცი, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი გავლენიანი პიროვნება შეაწუხა ევროპაში და მათ სთხოვა მხარდაჭერა, ის ელოდება, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, რამდენად გამოძვრება ამ სიტუაციიდან არ ვიცი, თუმცა ერთი რამ ნათელია, - 'ნაციონალებისა' და სააკაშვილის გულისთვის, არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი საქართველოს მოსახლეობას არ გაანაწყენებს. 

ახლა სააკაშვილი ძალიან ცუდ ხასიათზეა, რადგან მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, იმოქმედოს ღარიბაშვილზე, ის არის სუფთა და ერთწლიანი მინისტრობის პერიოდში ჩავარდნები არ ჰქონდა... და მთავარი, - ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დასავლეთში ძალიან დადებითი განწყობაა და მის მიმართ ცხოველი ინტერესია, როგორც ახალგაზრდა, პერსპექტიული და თან გრძელვადიანი პოლიტიკოსის მიმართ, ეს არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მოვიდა გუშინ და ხვალ წავა. ამიტომ დასავლეთის იმედი 'ნაციონალურ მოძრაობას' ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჭიდაობაში არ უნდა ჰქონდეს.

- რა გახდება სააკაშვილის დაკავების მთავარი მიზეზი?
- 5-მილიარდიანი ტრანში, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ გადმოირიცხა, აუცილებლად გაირკვევა ეს ფული სად და როგორ დაიხარჯა, გაიხსნება ფინანსური მაქინაციის სქემა, რომელსაც აწარმოებდა ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ერთად, რომელმაც, ჯამში, 700 ათასი მოქალაქე დააზარალა. ასევე, ერთს გეტყვით, - ნუ დაგავიწყდებათ კეზერაშვილის სკანდალური საქმე, ის ეჭვმიტანილია იარაღის კონტრაბანდაში, ეს არის მსოფლიო სკანდალი, ყველაზე საინტერესო ეპიზოდი კეზერაშვილის საქმიანობაში ის არის, რამდენად შესაძლებელი იყო იარაღით მოვაჭრე ლიცენზირებულ კომპანიებთან შეუთანხმებლად გაეყიდა იარაღი. სულ არის 5 ლიცენზირებული კომპანია, რომლებიც განთავსებულია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ამერიკა, თურქეთი... რამდენად შესაძლებელია ეს იარაღი მოხვედრილიყო კეზერაშვილის საშუალებით ტერორისტების ხელში და კონტრაბანდისტებში. დღეს ამაზე მიდის ძიება, ეს არის ძალიან დიდი თემა, არის ვერსია, რომ კეზერაშვილს ვითომ შემოჰქონდა საქართველოში იარაღი, სინამდვილეში ის იყიდებოდა ორჯერ და სამჯერ მეტად მესამე ქვეყნებზე, დანამდვილებით ვიცი, რომ მიმდინარეობს ყველა იმ მარშრუტის ძიება, სადაც თავდაცვის მაშინდელი მინისტრი იყო ჩართული და მარტო საფრანგეთი არ იძიებს კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობის საქმეს, ამ საქმით დაინტერესებულია ისრაელი და შეერთებული შტატებიც, თუ არ ვცდები თურქეთიც. არის ვერსია, რომ იარაღის კონტრაბანდამ გაიარა თურქეთზე. კეზერაშვილის საქმიანობით ოთხი დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებია დაინტერესებული, ისრაელი, ამერიკა, საფრანგეთი და მათ შორის რუსეთი. თუ კეზერაშვილს მოგებული თანხები გადარიცხული აქვს სააკაშვილის ანგარიშებზე, მას პასუხი აუცილებლად მოეკითხება. ამიტომაც საჭიროა სასწრაფოდ გაიხსნას ეროვნული ბანკის ტრანზაქციები, აქ კი ბევრი მტკიცებულება გამოჩნდება სააკაშვილის წინააღმდეგ.