საქართველოში პურის ფასი პოლიტიკაში “დაბრუნდა”

საქართველოში პურის ფასი პოლიტიკაში “დაბრუნდა”

ძვირია თუ არა პური საქართველოში და რა ღირს ყველაზე მოხმარებადი პროდუქტი მეზობელ ქვეყნებში? პურის ფასის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ პური რეგიონის მასშტაბით საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს.

არც მინისტრი და არც დარგის წარმომადგენლები რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას არ ეთანხმებიან. ისინი ვაშაძეს მანიპულაციებში დებენ ბრალს და ამბობენ, რომ ქვეყანაში პური ძვირი არ ღირს და არც მეზობელი ქვეყნებშია უფრო დაბალი ფასი.

„გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით მთელ რეგიონში. პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, სომხეთზე და აზერბაიჯანზე ძვირი ღირს“, - განუცხადა ვაშაძემ ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

დავითაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას პოპულისტური უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ პური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია.

„ვფიქრობ, ესეც პოპულისტური განცხადებაა. პურის ფასით არ განისაზღვრება კეთილდღეობა, არც წარმატება და არც წარუმატებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის ყველა პროდუქტი, მათ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ფასებიც იყოს ზომიერი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საინტერესოა პურის ფასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებიც, სადაც საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პურის სიძვირით მე-3 ადგილზეა. ხოლო, მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის კი 75-ე ადგილზე.

სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აპრილის რეიტინგში საქართველოში 500-გრამიანი თეთრი პურის ფასები 0,65-დოლარია.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,44 დოლარი ღირს, რუსეთში (87-ე ადგილი) - 0,51 დოლარია. საქართველოზე ძვირი პური ღირს თურქეთში (73-ე ადგილი) - 0,68 დოლარი, სომხეთში კი (70-ე ადგილი), 500-გრამიანი პურის ფასი 0,72 დოლარია.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ დღესდღეობით საქართველოში პურის ფასი საკმაოდ დაბალია, ხოლო Numbeo-ს რეიტინგი კი არ ასახავს რეალობას.

„კვლევას თუ დავეყრდნობით, ჩვენთან 500 გრ თეთრი პური 0.65 დოლარია (1.75 ლარი). დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ მონაცემები არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ეს არასწორი ინფორმაციაა. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე სტაბილური ფასი აქვს.

„კატეგორიულად არ ვიზიარებთ კვლევის შედეგებს. ვისაც გული შესტკივა ფასებზე, ვურჩევდი მივიდნენ სპეციალისტებთან, გაეცნონ საკითხს და შეისწავლონ. სანამ მეზობელი ქვეყნების ფასებს შევადარებთ ადგილობრივ წარმოებას, საკითხსი ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ. სამწუხაროდ, ციფრებით ხდება მანიპულირება.

წლებია პურის ფასთან მიმართებაში ბაზარი სტაბილურია. როდესაც საბაზრო ღირებულებას მეზობელ ქვეყნებს ვადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი ენერგეტიკის წყაროა. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ რუსეთი ხორბლის ქვეყანაა, ესპორტსაც აწარმოებს. აზეიბარჯანმა პურზე დამატებული ღირებულების გადასახადი მოხსნა, რუსეთში - 9%-ია, ჩვენთან - 18-%.

საინტერესოა კომპანია „ნამბეოს“ ვინ მიაწოდა ეს ციფრები და ვინ არის მათი წარმომადგენელი საქართველოში? კვლევის ასეთ ჭრილში ჩვენება უპასუხისმგებლობა მგონია. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია იმ ციფრების რეალობა“, - განაცხდა დოლიძემ.

Numbeo-ს რეიტინგში ისიც აღნიშნულია, რომ საქართველო პურის სიძვირის მიხედვით მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა, რაც სავარაუდოდ, მართლაც არარეალური ინფორმაციაა. საქართველოში თეთრი პურის ყველაზე გავრცელებული სახეობა ე.წ. ქვის პური 1.05-1.10 ლარი ღირს, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოიხმარს.

 

Aburjga Tasmanieli საკვირველია საიდან მოიტანეთ სტატიაში დასახელებული საქართველოში 500 გრამიანი თეთრი პურის ფასი 65 ცენტი??!! როცა ეს ფას სინამდვილეში არის 40-42 ცენტი?! პურს არ ჭამთ, მღაზიაში არ დადიხართ?!
8 თვის უკან