“არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა” - ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა

“არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა” - ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა

“ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაციაა საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. ამავე დროს, პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” და საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის და ამის გამიჯვნა შეუძლებელია. მისი თქმით, “ოცნებამ” თავისი ნაბიჯებით “ევროპას უთხრა არა”. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა “უცხოურ აგენტებზე” კანონპროექტს კვლავ აბრუნებს საკანონმდებლო ორგანოში. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი”, გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის რეაქცია - ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა / “არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა”.

“მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს მინდა მივმართო „ოცნებას" და მის წარმომადგენლებს - გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება ისე მოიხსენიებთ, სჯობს არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც თქვენთვის ძალიან სამწუხაროა. ყველაზე მოსალოცი ისაა, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონის (ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ) ინიცირება იმ კვირას 31 მარტიდან, 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ეროვნული სულისკვეთებით ალბათ ყველაზე დატვირთულია. მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, “ოცნებამ” უკვე თავისი სახე გამოაჩინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია. “ოცნებამ” თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს “ოცნება” არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით... მურუსიძე-ჩინცალაზეს არ გავწირავთო, საქართველო ევროპული მომავლის ნაცვლადაც კი. არა სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან თანამეგობრობაში შემოხვიდეთო”, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის შეფასებით, “ოცნების” ულტიმატუმი ამერიკას “სასაცილოც არის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება (შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს) “ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო”. “არა” - ქალების უფლებებს და “არა”, იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გამოწვევაა საზოგადოების და პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი”, - დასძენს გამოცემა.

“არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება. ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა. რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან. პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება”, - ამბობს პრეზიდენტი, რომლის თქმით, “რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა, უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა. ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. რაც არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე. ამ დროშას ბოლომდე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებზე”, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის აზრით, “ვერაფერი იზამს ის გეგმებს თუ ხრიკები, რასაც დღეს “ოცნება” ატრიალებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.