“ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს - რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას

“ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს - რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას

“ერთი წლის თავზე “ოცნება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს კვლავ პარლამენტში აბრუნებს - როგორც თავად ამბობენ, კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი”, გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. ოპოზიცია კი კვლავ ინიციატივის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატები “წერას არიან აყოლილები”. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პროტესტი აუცილებლად იქნება, თუმცა, თუ ამ ტალღამ შეძლო და “ოცნებას” კანონპროექტი კვლავ უკან გააწვევინა, გაისად “ოცნება” ისევ დააბრუნებს, თუ 2024 წლის არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ. ამასთან ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ კანონის დაბრუნება მოსალოდნელი იყო, რადგან ამას წინ უძღვოდა “ოცნების” დასავლეთისადმი კრიტიკა და განცხადებები, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დონორებს ეხებოდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს - რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას.

“ქართულ ოცნებას” მოლოდინი აქვს, რომ “ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ კანონპროექტს”, მათი განმარტებით, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” კანონპროექტის ძირითად მოთხოვნა იქნება: “თუ უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია (მედიასაშუალებას, “ენჯეოს”) მომდევნო წლის იანვარში დეკლარაციის შევსება მოუწევს და საკუთარი ანგარიშების შეტანა, რა მიიღო და რაში დახარჯა”. ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. “კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს”, - განაცხადა მდინარაძე, რომლის თქმით, “შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა და კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მდინარაძის თქმით, ე.წ. არსამთავრობო სექტორი “ყველაზე გაუმჭვირვალედ რჩება”, სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის შედეგები. “როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა”, - თქვა მდინარაძემ. უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. “დღეს, როდესაც კანონპროექტში ცალსახად შავით-თეთრზე წერია ერთადერთი რამ, 20% -ზე ზემოთ, რომელ “ენჯეო” სექტორს აქვს უცხოური დაფინანსება, ვალდებული არიან მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსონ დეკლარაცია და გაასაჯაროონ ეს. მეტი ამ კანონში არაფერი წერია. ეს არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს”, განაცხადა მათიკაშვილმა, რომ;ლის აზრით. “მცდელობა ექნება რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი, მან გამოცდილება მაღალი მიიღო ამ 1 წლის განმავლობაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის პირობა, რომელიც მოგვცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა თქვეს და მოგვცეს, რომ ისინი გაასაჯაროებდნენ და უფრო გამჭვირვალეს გახდიდნენ ხარჯებს, მათ ეს არ შეასრულეს იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი. ამიტომ, დღეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს”, - აღნიშნა მათიკაშვილმა. “ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!” - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტი სახელწოდებით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”, “საქართველოში არ უნდა გავიდეს”. ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები “რაღაც ბნელ ფულს იღებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებენ. ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს. ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რუსული კანონი, საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა. “ქართული ოცნების” არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება”, - თქვა ელისაშვილმა. ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით “ქართული ოცნება” ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს და ნათლად უსვამს ხაზს, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, - წერს სტატიის ავტორი.

“რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. “ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სხვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი და აქედან დაახლოებით 5-6 თვეში არის უნიკალური შესაძლებლობა ხელისუფლება შევცვალოთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ “ოცნებისგან” კანონპროექტის ხელახლა დაინიცირება მოსალოდნელი იყო, რადგან ამას წინ უძღვოდა ბევრი მიმანიშნებელი განცხადებები და დასავლეთის მისამართით კრიტიკა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“თითქოსდა მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ ამ კანონპროექტს დააბრუნებდნენ გამომდინარე იქიდან თუ “ქართული ოცნება” რა პროპაგანდას ეწეოდა - საარჩევნოდ მათ აირჩიეს პარტნიორების მძაფრი კრიტიკა. ამას თავად კრიტიკას ეძახიან, თორემ ესაა შეტევა ჩვენს პარტნიორებზე, ესეც რა თქმა უნდა გამიზნულია და არჩევნების კონტექსტში ჯდება. ამის რამდენიმე მიზეზი იყო - შექმნან საზოგადოებრივ აზრი, რომ არჩევნები კი ბრწყინვალედ ჩატარდა, მაგრამ დასავლეთის დაფინანსებული ადამიანები პროვოკაციას ეწევიანო, ანუ წინასწარ შექმნან საფუძველი, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პროტესტი იქნას აღქმული არა როგორც რეალური, არამედ როგორც დაფინანსებული. მეორე მიმართულება ისაა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი ავანსად მოგვცეს და თუ რეალური რეფორმები არ ჩავატარეთ ამის იქით მეტს არაფერს მოგვცემენ. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ “ოცნება” რეფორმებს ცდილობდეს, ან უნდოდეს. “ოცნების” ნარატივი და მთელი პროპაგანდა ერთი-ერთში რუსულს ემსგავსება დასავლეთთან მიმართებაში და ჩვენ ბელარუსის სტატუსს უფრო ვუახლოვდებით, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებას. კიდევ იქნება ლგბტ, სასამართლო და სხვა მსგავსი თემები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ორი აზრი არაა, რომ ფინსნსური გამჭვირვალობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სფეროში შემოსულ თანხას. თუმცა, კანონპროექტის სახელი არანაირად შეცვლილი არაა, მთავარი სიტყვა რომელიც არის უცხოური დაფინანსება და აგენტურა, ეს რჩება და, ამას ორგანიზაციას დაარქმევ, პირდაპირ არასამთავრობოს თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობდი, რომ ამ დეკლარაციის წარმოდგენა გამჭვირვალე იყო, მაგრამ თუ ხელისუფლება უფრო მეტ გამჭვირვალობას ითხოვს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ... ეს არის რუსული კანონი და არა ამერიკული. აქ საუბარი კანონის შინაარსზე კი არა, საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირების თემაა. ჩვენ რომ ისეთივე დემოკრატიული ინსტიტუტები გვქონდეს, როგორიც დასავლეთის ქვეყნებშია, რომელიც მათ ჩამოთვალეს, რა თქმა უნდა, ამ კანონის მიღების პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ გაქვს და ამიტომაცაა რუსული კანონი. დარწმუნებული ვარ რომ ეს კანონი ზუსტად ისევე იმუშავებს, როგორც რუსეთში, ამიტომაა რუსული კანონი და არა შინაარსიდან გამომდინარე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნებისმიერი კანონი იმ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მიიღო, რომელ ქვეყანაშიც ამან უნდა იმუშაოს და ჩვენი სპეციფიკა ბევრით არაფრით განსხვავდება რუსული და ბელარუსული სპეციფიკისიგან. როცა რეალური დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არ გაქვს (ოპოზიციურს არ ვგულისხმობ), როცა არ გაქვს სასამართლო სისტემა, მაშინ ეს კანონი ისე იმუშავებს, როგორც რუსეთში მუშაობს. ძნელი სათქმელია ისეთივე სიმძლავრის პროტესტი იქნება თუ არა, მაგრამ აქედან მარტივი დასკვნა უნდა გაკეთდეს, შარშან ტალღა აგორდა, კანონი ჩავაგდეთ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ დააბრუნეს, ახლა მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ამ კანონს მიიღებენ თუ ჩავარდება, მნიშვნელობა იმას აქვს, “ოცნება” არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს თუ არა. თუ რაიმე ძალა და ენერგიაა, არჩევნებისკენ უნდა იქნას მიმართული და არა ამ კანონის ჩაგდებისკენ, თუ “ოცნება” უმრავლესობას ვერ მიიღებს, ამ კანონის გაუქმება პრობლემა არ იქნება, თუ უმრავლესობას მიიღებს, ახლა რომც ჩავაგდოთ, გაისად ისევ შემოიტანენ და რა აზრი აქვს? პროტესტი იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან მშვიდი”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით “ოცნებას” რაღაც კოზირი უკავია” და ეს კანონპროექტი უკან იმიტომ შეაბრუნეს პარლამენტში, თუნდაც სახეცვლილი ვარიანტით. “ყურადღებით მოვუსმინე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ “ოცნებას” უკვე რაღაც კოზირი უკავია არა მხოლოდ საქართველოში არსებული ორგანიზაციების, არამედ მათი დონორების მიმართ. ხელისუფლება დონორების საქციელითაა უკმაყოფილო და ესაა ძირითადი მიზეზი, რომ კანონი შემოაქვს. დონორები რომ პარტნიორობაზე უფრო ორიენტირებულები ყოფილიყვნენ, შესაძლოა ამ კანონის საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც მდინარაძემ დაიჩივლა, დონორებმა თანამშრომლობა არ ისურვეს. სავარაუდოა, რომ უცხოელებთანაც რაღაც მოლაპარაკებები იყო, იმას გაესვა ხაზი, რომ აშშ-ის ელჩის დამოკიდებულება სხვანაირი იქნებაო, ესე იგი მასთანაც ამ თემაზე ისაუბრეს”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის თქმით, “კიდევ იმაზე იყო აქცენტი, რომ ხალხი არ გამოვა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“რაზედაც ეჭვი მაქვს, რომ აგრეთვე შესაბამისი სამსახურებიდან აქვთ ინფორმაცია, რომ იმ ტიპის საპროტესტო აქცია, რაც წინა შემთხვევის დროს იყო, ვარაუდობენ, რომ ახლა ასეთი მოძრაობა არ იქნება. მოლოდინი არის, რომ რაღაც ქაოტური პროცესების ტალღა აგორდება, თუმცა, ამის რეალური შანსი დღეს რომ ნაკლებადაა, ამას გულისხმობდა მდინარაძის ტექსტი და არა იმას, რომ კანონპროექტში რა არის ძველებურად და რა არის შეცვლილი. კანონპროექტის რეალური შინაარსი არც მაშინ გაუგია არავის და სავარაუდოა, რომ არც ახლა აწუხებთ. იქ იყო ტალღის აგორება და ამ აგორების მექანიზმები შესაძლოა ახლა მეტ-ნაკლებად კონტროლირდება და ამ მოვლენებს ამიტომ უყურებენ სხვა თვალით. ოპოზიცია აღნიშნულ თემაზე საპროტესტო გამოსვლებს წესით დღის წესრიგში დააყენებს, რადგან ფაქტიურად ეს ოპოზიციისთვის გამოწვევაა. მაშინ ოპოზიცია იყო აქტიური, რომ რუსული კანონია და ა.შ. ენმ-ის ლიდერებმა მას მერე დაიწყეს რუსული პარტიის ძახილი, ამ თემაზე მთელი პარტიული პროპაგანდა იყო აწყობილი. პროპაგადა ნებისმიერი პარტიისთვის და მით უფრო ოპოზიციისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ წესით მათ ეს ბრძოლა უნდა გააგრძელონ. თუ არა და სიჩუმე ყველაზე მკაფიო არგუმენტი იქნება იმისა, რომ ესე იგი მაშინ იყო მათი განცხადებები ცრუ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.