"ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია მიესალმება შსს-ს აჭარის სამმართველოს სპეცოპერაციას ბორდელებთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმსა და გონიოში განხორციელდა. ის თვლის, რომ მსგავსი სპეცოპერაციების განხორციელების საჭიროება არსებობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ქალაქის ცენტრში ეს სამარცხვინო ბიზნესი ერთ-ერთ ცენტრალურადაა ქცეული", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ჯონდი ბაღათურია ბორდელების დახურვას მოითხოვს.
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველო კარგა ხანია, გადაიქცა საერთაშორისო ტრეფიკინგის ერთ-ერთ მთავარ კერად, განსაკუთრებით აჭარა და თბილისი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ ანგარიშში საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ყვავის სექსუალური ტრეფიკინგი. ამ ყველაფერს მფარველობენ მაღალი თანამდებობის პირები ძალოვან სტრუქტურებში, ამაში ასევე ჩართულია დანაშაულებრივი ჯგუფი, სადაც თურქეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებულები. სწორედ ეს ჯგუფი ახორციელებს ქალების იმპორტს შუა აზიიდან. მათი უმრავლესობა არიან არასრულწლოვანები, 14-15-16 წლის ბავშვები შემოჰყავთ, რაც კიდევ უფრო სავალალოა. ხოლო ამ ჯგუფებს უკვე აქ, ადგილზე, ქართველები "კრიშავენ", - აცხადებს "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"მე ნამდვილად მივესალმე აჭარაში განხორციელებულ რეიდს და კარგია, რომ მსგავსი ოპერაცია ჩატარდა. უკეთესი იქნება, თბილისშიც ჩატარდეს მსგავსი რამ და ეს პროცესი არ შეჩერდეს. ქვეყნის სხვა რეგიონებსაც არ აწყენდათ მსგავსი სპეცოპერაციები. მაგრამ ის, რაც თბილისში ხდება, ზღვარგადასულია: განსაკუთრებით რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მდებარე მონაკვეთზე, პლეხანოვზე, სადაც მიმდინარეობს ქართველთა შრომითი და სექსუალური ტრეფიკინგი. ასევე, ამ ადგილებში არის ბუდე ნარკოტიკებით ვაჭრობის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.
"ამაში ჩართულნი არიან უფრო თურქები, მაგრამ არიან ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებიც, ირანელები, არაბები და სხვები. ამიტომ, დაუყონებლივ, ამ ტერიტორიების გაწმენდა აუცილებელ და გადაუდებელ საქმეს წარმოადგენს და ამისი გაკეთება მხოლოდ პოლიციას შეუძლია. თუკი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოიჩენს ინტერესს, შეუძლიათ, სამ დღეში სასწრაფოდ გაწმინდონ ამ ნაგვისგან მთელი საქართველო. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ახლა ამათზეა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებაზე. ვიმეორებ, ამას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, მეტი არაფერი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ეს სააკაშვილის პოლიტიკის ნაწილი იყო. მან ქვეყნის კარი ფართოდ გააღო, ის სთავაზობდა მეზობელ ქვეყნებს, სადაც ეს ბიზნესი მკაცრად იკრძალება, აქ ეწარმოებინათ ეს ყველაფერი. მათ მიეცათ საშუალება, რომ სექსტურები ჩაეტარებინათ საქართველოში. ანუ, მთელი ნაგავი და სიბინძურე, რასაც თავის ქვეყნებში ვერ ახორციელებენ იგივე თურქები და ირანელები, ან არაბები, ვინც კი დედამ დაწყევლა, სააკაშვილმა ყველას საქართველოში მოუყარა თავი. ეს იყო საქართველოს პოლიტიკის რანგში აყვანილი თემა. რატომ? იმიტომ, რომ თავად ბინძური ფსიქიკის იყო, რომელსაც ეზიზღებოდა საქართველო და ქართველები და ასევე, ცხადია, აქ ხელის მოთბობის მიზანიც იყო. პრეზიდენტი შეგნებულად და პირდაპირ, მიზანმიმართულად უწყობდა ხელს ამ საქმის საქართველოში განვითარებას და არც მალავდა ამას. ამ გზით ვიარეთ, აქამდე მოვედით და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ამისგან ქვეყნის გაწმენდა, არამედ შსს არ უნდა შეჩერდეს და უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას უნდა აცნობოს ყველა იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ამ უბინძურესი ბიზნესით იყო დაკავებული და ამ გზით ნაშოვნი ფული სახლში მიჰქონდა. ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული და ძალიან მკაცრად დასჯილი", - დასძენს ჯონდი ბაღათურია.