ჯერ კიდევ 3 თვის წინ ვწერდი, რომ მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი თანამდებობას დატოვებდა და მას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც მიჰყვებოდა. ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილის კარზე მართლაც 3 თვის წინ გადაწყდა...
მაშინ 'ალიას' ინკოგნიტო წყარო ამტკიცებდა, რომ პრემიერს საკუთარმა გარემოცვამ ურჩია, ადვოკატი კბილაშვილი, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა, გადაეყენებინა, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, არჩევნებამდე ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინათ.
თეა წულუკიანი შემთხვევით არ მიხსენებია, პრემიერის კარზე მის შესახებაც იყო საუბრები - ქალბატონმა თეამ თავიდან შემტევი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ შემდგომში ბევრი უაზრო განცხადება გააკეთა და სწორედ ეს არ მოეწონათ იქ, 'ზემოთ'.
ბიძინა ივანიშვილმა ამ ადამიანზე საბოლოოდ ხელი მაშინ ჩაიქნია, როცა მან იპოთეკარების საქმეზე გამოსახლებების შეჩერება დააპირა.
დავუბრუნდეთ არჩილ კბილაშვილის გადადგომას... დღეს საქართველოში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადვოკატი, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, ძალიან სუსტი გამოდგა. სხვათა შორის, არჩილ კბილაშვილის განცხადება გადადგომის თაობაზე, თავის მართლებას უფრო ჰგავდა და ამით უნებლიეთ ისიც გაამჟღავნა, რომ უთანხმოება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან:
'არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნის დროსთან დაკავშირებით ჩემი და პრემიერ ივანიშვილის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს ეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე, ვფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება, პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ პრემიერთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ და საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში'.
ესე იგი, გამოდის, ივანიშვილი სწრაფი რეფორმების მომხრე არ არის? ამ დროს ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს, ანუ პირიქით, პრემიერი უკმაყოფილო იყო იმით, რომ, ჯერ ერთი, კბილაშვილმა ვერ მოახერხა პროკურატურის გაწმენდა მავნე ელემენტებისგან და მეორეც _ ვერც ერთი საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე. როგორც ყოფილი პარლამენტარი, ჯონდი ბაღათურია ამბობს `ალიასთან~ საუბარში, კბილაშვილი წესიერი ადამიანია, მაგრამ სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა:
- პროკურატურის მუშაობა ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას... ეს უწყება უფრო ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს დღეს, ვიდრე სააკაშვილის დროს ტოვებდა. თუმცა, წარუმატებლობა მხოლოდ კბილაშვილის ბრალი არ არის, ეს განაპირობა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ზეწოლამაც.
- რა ზეწოლაზეა საუბარი?
- კბილაშვილს ბოჭავდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ უფრო თამამად ემოქმედა. ამ შემთხვევაში ასევე იყო პოლიტიკური ინტრიგები. მას რომ ისეთივე ზურგი ჰქონოდა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა, ალბათ, უფრო მეტს გააკეთებდა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მოდი, ვაღიაროთ, ღარიბაშვილს პიროვნულადაც აღმოაჩნდა მეტი ფხა... არ მინდა, კბილაშვილის მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ ირაკლი უფრო გაბედული ტიპი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის დიდი შეცდომა იყო ის, რომ კბილაშვილს არ მისცა კარტბლანში და მუდმივად ამუხრუჭებდა.
- ახლა მუხრუჭები აღარ სჭირდებათ და ამიტომ უნდათ, რომ უფრო გაბედული პროკურორი დანიშნონ? ანუ სხვა ეპოქა იწყება ქვეყანაში?
- აშკარად ახალი ეპოქა იწყება, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ინდივიდუალისტია და აუცილებლად შეეცდება, დამოუკიდებელ პიროვნებად შედგეს. მე პოლიტიკურ პიროვნებას ვგულისხმობ, თორემ დამოუკიდებელი ახლაც არის. თუ ის გამოვა ივანიშვილის ჩრდილიდან, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, ირაკლის ბიძინას მიმართ ძალიან ბევრი მორალური ვალდებულება აქვს, მაგრამ სრული თავისუფლება ბიძინამაც უნდა მისცეს.
- ბატონო ჯონდი, თქვენ ახსენეთ ინტრიგები, ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ?
- თუ მთავარი პროკურორის პოსტზე ისეთი კაცი დაჯდა, რომელიც თავზე ხელს აიღებს კარგი გაგებით, მტრისას, შიშის ზარს დასცემს ყველას. ბოდიში და დღეს ტალახშია ყელამდე ჩაფლული არა მხოლოდ ძველი ხელისუფლების ნაწილი, არამედ ახალი ხელისუფლების ნაწილიც. ამ თანამდებობის ხელში ჩასაგდებად მუდმივად იყო ინტრიგები. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ კბილაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა. შეიძლება ეს მისი სისუსტე აღმოჩნდა, მაგრამ რეალურად პროკურორს არ უნდა სჭირდებოდეს პოლიტიკური ინტრიგები. მას სამართლებრივ ასპექტებზე უნდა ჰქონდეს ყურადღება გადატანილი და არა იმაზე, რას ეტყვის უსუფაშვილი, ან რამდენჯერ ჩაუხველებს ხუხაშვილი.
- თეა წულუკიანი იყო კბილაშვილის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, ის არაფერ შუაშია?
- თეა წულუკიანი თვითონ გახდა პოლიტიკური ინტრიგების ობიექტი. სხვათა შორის, მას კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტიის ლიდერი 'ნაციონალებთან' ერთად ებრძვის ფარულად. ჩემი ინფორმაციით, დალაგებული ურთიერთობა არც კბილაშვილსა და თეა წულუკიანს ჰქონდათ. თუმცა პროკურატურის სისუსტეს მე წულუკიანს ვერ დავაბრალებ, ყველაზე მეტი სიმძიმე მაინც ივანიშვილზე მოდის, ის არ აძლევდა გასაქანს. მე მესმის პრემიერ-მინისტრისაც, მის არგუმენტებში არის რაციონალური მარცვალი, მაგრამ არ ვეთანხმები, ხელისუფლებაში ყოფნა ადვილი არ არის, მას დღეს ხმალი ადევს კისერზე. შენ რომ მიხსნი, ხმალი მადევს და ზოგიერთ რაღაცას ვერ გავაკეთებო, ეს არ არის არგუმენტი. თუ სამართლიანობა არ აღდგება ქვეყანაში, ეს ყოველთვის იქნება საფეოდალო ფსევდოლიბერალური მიმართულებით. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, დანაშაულს ვერავის ვერ ვაპატიებთ.
- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ იქნება მთავარი პროკურორი?
- მე ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე ლაშა ნაცვლიშვილი დაინიშნება. ეს ადამიანი გამოცდილია.
- მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს საზოგადოებაში.
- კი, არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა დაიდოს ფაქტები. მე თავს არ გამოვიდებ... დღეს საზოგადოებაში ბევრ რამეს ლაპარაკობენ, მაგრამ ფაქტებს ვერ ვხედავთ.
და მაინც, ვინ გახდება ქვეყნის მთავარი პროკურორი? ახალი კონსტიტუციით მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი წარადგენს... როგორც კი კბილაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა, მაშინვე დაიწყო საზოგადოებაში სავარაუდო კანდიდატების დასახელება. ერთი ვერსიით, მომავალი პრემიერი არჩევანს ზაქარია ქუცნაშვილზე შეაჩერებს, რადგან, როგორც ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილს ლაშა ნაცვლიშვილთან რიგ საკითხებზე უთანხმოება აქვს. მეორე კანდიდატურად თბილისის პროკურორი, მაია მწარიაშვილი სახელდება, მაგრამ ის ლაშა ნაცვლიშვილის კადრია. ჩემი ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას ახალი პრემიერი არ წარადგენს, ის გაცილებით გამოცდილ ფიგურებზე ფიქრობს. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ამ თანამდებობას თინა ხიდაშელი დაიკავებს, მაგრამ ვინც ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია იცის მის მიმართ, ამას გამორიცხავს. ერთი სიტყვით, დღეს მთავარი პროკურორის პოსტი ისეთი მნიშვნელოვანია, 'რესპუბლიკელები' შეეცდებიან, როგორმე 'დაითრიონ' და იქ თავიანთი წარმომადგენელი დასვან, მაგრამ არა მგონია, ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დაუშვას. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ყოფილი 'რესპუბლიკელია'...