"ხუდონჰესის უკან რუსები დგანან!"

"ამ მდუმარე აქციით გვინდა იმის გარკვევა, ესმის თუ არა ხელისუფლებას ხალხის ხმა. ჩვენ ამ თემაზე ამ თემაზე არაერთი აქცია და შეხვედრა გავმართეთ. წარმოვადგინეთ საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტები. ახლა გვაინტერესებს, შეისმინეს ეს არგუმენტები თუ ჩვენი მცდელობა კედელზე ცერცვის შეყრაა და სხვა არაფერი. თუ ხელისუფლება ამას არ გაიზიარებს, ეს იქნება ძალიან ცუდი რამე. თუ არ შეისმენენ ხალხის მოთხოვნას, მაშინ ამიხსენით, რითი განსხვავდებიან წინა ხელისუფლებისგან? დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამ იცის თუ რა ზიანის მომტანია გიგანტური ჰესები ქვეყნისთვის. ამის მიუხედავად, ისინი ხალხთან დიალოგისკენ ერთ ნაბიჯას არ დგამენ, რაც ძალიან ცუდია და ეს ხელისუფლებას თავად შეუტრიალდება", - აცხადებს საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით მირონ ფირცხელანი: "ხუდონჰესის უკან რუსები დგანან!" / რა ახალი საფრთხე ემუქრება საქართველოს.

"ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ მთავრობის წევრი გამოდის და ამტკიცებს, რომ გიგანტური ჰესის აშენება ქვეყნისთვის სასარგებლოა. მაშინ გადავხედოთ მცირე ტექნიკურ მხარეს. ხელშეკრულების თანახმად, ეს ჰესი კერძო კომპანიის საკუთრებაა. ის არც საქართველოს და არც საქართველოს მოქალაქეებს არ ეკუთვნის. ამით ისინი არღვევენ კონსტიტუციის მესამე მუხლს საკუთრების ნაწილში და ორგანული კანონის მეოთხე მუხლს. აქედან გამომდინარე, ჰესიდან შემოსავალი მთლიანად გავა საზღვარგარეთ, გვპირდებიან დენის გარკვეული რაოდენობის მოწოდებას. ეს, იცით რამდენია? ენერგეტიკოსების დაანგარიშებით ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ 10 დღის მარაგი. გავითავლისწინოთ, რომ ამ ენერგიას ძალიან მაღალი ფასი ექნება და 18 თეთრი ეღირება. თუკი ეკონომიკურად არ არის სარგებლობის მომტანი, თუკი ქმნის ყველაზე დიდ რისკფაქტორს - როგორც ენგურზე, ასევე ხუდონის წყალსაცავში მილიარდნახევარი კუბური მეტრი წყალი გუბდება. ეს მთელ დასავლეთ საქართველოს უქმნის საფრთხეს. განსაკუთრებით ცუდ დღეში შესაძლოა, სამეგრელო, აჭარა და აფხაზეთი აღმოჩნდეს - რა აზრი აქვს მის აშენებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირონ ფირცხელანი.

"ასევე გასათვალისწინებელია რუსების ფაქტორიც. რუსები კაშხლიდან, რომელიც ხუდონჰესისთვის უნდა აშენდეს 10 კილომეტრში დგანან. რუსები არ მალავენ, რომ ენგურის ხეობის მთლიანად გაკონტროლება სურთ. ერთადერთი გზაა კოდორის ხეობაში შესასვლელი, ორმელეთის ხეობის გავლით. იქ რუსები დგანან. ხაიშიდან სულ რაღაც 10 კილომეტრიც არ არის. ეს კაშხალი უცხოელების საკუთრებაში იქნება, რასაც რუსები არ დაუშვებენ. არ დაუშვებენ იმიტომ, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ერთადერთი ხაზი, რომელიც იქ გადის, რუსების საკუთრებაშია. რუსები მისცემენ სხვებს უფლებას მათმა ენერგიამ ამ მაღალი ძაბვის გადამცემში გაიაროს? მათ თურქეთთან გაფორმებული აქვთ უკვე ხელშეკრულება. ახალი გადამცემი ხაზიც აშენდა და ქვესადგურიც. რუსეთმა თურქეთს მომავალ წელს 10-15 მილიარდი კვტ/სთ უნდა მიჰყიდოს. არც ერთი ჭკუათმყოფელი უცსოელი მილიარდ 200 მლნ დოლარს არ ჩადებს ამ ხეობაში, რადგანაც იქ რუსების ინეტერესებია. მარტო ამიტომ კი არ გამოვდივართ ჰესის წინააღმდეგი, რომ ის გარემოს დააზიანებს. ჩვენ ვიცით, რომ რუსებს უნდათ ენგურის ხეობის დაპყრობა - ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ ჩვენ ხელს ვუშლით ქვეყნის განვითარებას. აქ რუსული სქემა ტრიალებს", - მიიჩნევს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე.

"აქ არავითარი ინდური კომპანია არ არის. მათ არც ფული აქვთ და კომპანიაც რაღაც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. აქ არის რუსული კაპიტალი. ჩვენი ჩინოვნიკები ცდილობენ, ეს გადაასხვაფერონ. ჩვენ ასევე ვსვამთ კითხვას - საქართველოში არსებული ყველა თბო და ელექტროსადგური რატომ არის რუსების საკუთრება, მათ შორის ენგურჰესის ნაწილი? ეს ხელშეკრულება დღემდე გასაიდუმლოებულია. არის სერიოზული ეჭვი, რომ ხუდონჰესის უკან რუსების დგანან - მაშინ რატომ არის მისი აშენება სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო და მის წინააღმდეგ წასვლა ქვეყნისთვის საზიანო? პირიქით ხომ არ არის. იქნებ საქმე გვაქვს მეხუთე კოლონასთან, რომელიც საზოგადოებას თვალში ნაცარს გვაყრის? თვითონ ქეშად იღებენ ათობით მილიონს და საქართველოს კიდევ ერთხელ ყიდიან? არის ინფორმაცია, რომ ვიღაცები წინასწარ ქეშად აიღებენ ამ ფულს. ეს ის ხალხია, ვინც დაუფარავად ლობირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას. მაშინ დაგვისხდნენ და დოკუმენტები წარმოადგინონ - თუ დაგვიმტკიცებენ, რომ მართლები არიან, ჩვენს ხმას არ ამოვიღებთ", - ამბობს მირონ ფირცხელანი.

"სვანეთში რამდენიმე აქცია გავმართეთ. ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, სვანეთში ავალ და პირადად დაველაპარაკები ამ ხალხსო. მოვისმინეთ მისი ეს განცხადება, და იმედი გვქონდა, რომ აქციაზე მოვიდოდა. სამწუხაროდ, არ ამოვიდა ბატონი ბიძინა სვანეთში. ამის შემდეგ სვანები ჩამოვიდნენ აქ მასთან შესახვედრად, ივანიშვილთან აუდიენცია ითხოვეს - პრემიერთან ამ თემის განხილვა უნდოდათ, მაგრამ ისინი ივანიშვილს არ შეახვედრეს. 300-მდე სვანი მის რეზიდენციასთანაც ავიდა, პატარა აქცია გამართეს - ამით იმის გარკვევა სურდათ, ესმის თუ არა ივანიშვილს ხალხის. არადა, პირობა აქვს დადებული", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ავრცელებენ ხმებს, თითქოს პატრიარქმა ყაზბეგსა და სვანეთში ჰესების აშენებაზე კურთხევა მისცა..." - პასუხობს:

"ვერავინ დამაჯერებს, რომ უწმინდესმა ჰესების აშენებაზე კურთხევა მისცა, იმიტომ რომ ვიცი პატრიარქის პოზიცია. რამდენიმე თვის წინ პატრიარქი თავად იყო სვანეთში ასული. უწმინდესს გადასცეს ჰესის წინააღმდეგ შეგროვილი 2 000 ხელმოწერა. ეს ხელმოწერები ტავად პატრიარქმა წამოიღო ბიძინა ივანიშვილთან. მეტსაც გეტყვით. ხაიშში აქციაზე მეუფე და მამაოც მივიდნენ. ისინი მაშინ წინ აღუდგნენ ეკლესიების ნგრევასა და საფლავების გადათხრას. ამის შემდეგ როგორ შეიძლება საპატრიარქო თანახმა იყოს... საქართველოში ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, ამას ჩვენ ვეთანხმებით. ოღონდ საშუალო და მცირე ჰესებით. გიგანტური ჰესები სხვაა. ვაფრთხილებთ ყველას, ნუ სპეკულანტობენ ეკლესიით. ჩვენ პირადად შევხვდით პატრიარქს და ვიცით მისი პოზიცია"