ქვა, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე გდია...

ქვა, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე გდია...

"უპირველესად, მივესალმები ახალ საქართველოს ახალი კონსტიტუციითა და ახალი პრეზიდენტით. სამომავლოდ გადავდოთ საუბარი თემაზე, იყო თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ამ კონსტიტუციას მიხეილ სააკაშვილი თავისი პრემიერობისთვის იმზადებდა და ეს მისი ოცნება იყო, თუმცა ქართველმა ხალხმა მას ამ სურვილის ასრულების უფლება არ მისცა. ეს უკვე წარსულშია - დღეს ჩვენი ნატვრისთვალი ვილნიუსშია, სადაც ევროპულ სივრცესთან დაახლოების მრავალწლიანი მცდელობა, შესაძლოა, რეალობად იქცეს. უფრო სწორად, განისაზღვრება მკაფიო გზა, რომლის გავლითაც ევროპაში უნდა შევიდეთ", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქვა, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე გდია... / "რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გახლდით და დამძიმებული ჩამოვედი იმის გამო, რომ ევროპელები დღემდე ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან ტიმოშენკოს და მერაბიშვილს".

"რასაკვირველია, ეს მარტივი პროცესი არ იქნება. ვილნიუსის სამიტამდე მოწმენი გავხდით ორი სერიოზული რყევისა, რამაც შეაძრწუნა ევროკავშირის ქვეყნები - ევროპისკენ მიმავალი გზის დასაწყისშივე წაიბორძიკეს სომხეთმა და უკრაინამ. შესაბამისად, დღეს მთელი ყურადღება საქართველოსკენ არის მომართული. ეს ქვა შემთხვევით ეგდო ევროპისკენ მიმავალ ბილიკზე თუ ვინმემ შეგნებულად დაუდო ერევანსა და კიევს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინის პრემიერ-მინისტრს უსუსური მიზეზები მოჰყავს, სავარაუდოდ რატომ არ მოაწერს ხელს უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას - უმუშევრობის რიცხვი გაიზრდება და უკრაინულ ნაწარმს საექსპორტო სივრცე შეეზღუდებაო. სამწუხაროდ, უკრაინაში საბოლოო სიტყვა თქვეს კორუმპირებული ბიზნესის წარმომადგენლებმა. ეს მოსალოდნელიც იყო - მათზე რუსეთის მხრიდან ზეწოლა უფრო იოლია. ევროკავშირმა უკრაინას მოსალოდნელი რუსული სანქციების პრევენცია შესთავაზა. თუმცა იანუკოვიჩი პირდაპირ აცხადებს - უკრაინულმა ბიზნესმა "გასცა ბრძანება", რომ პირი ვიბრუნოთ ევრაზიული კავშირისკენო. ეს ტრაგედიაა უკრაინისთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

"ყველა ფაქტორიდან პუტინის მუქარას გამოვყოფდი - თავის დროზე მან ყარაბაღის თემით მოახდინა ზეწოლა სომხეთზე. უკრაინისთვის კი ყირიმი იმაზე მეტია, ვიდრე ყარაბაღი სომხეთისთვის. გაუკვირდება ვინმეს, რომ პუტინი უკრაინას "ყირიმის აფეთქებით" დამუქრებოდა?! არ გამიკვირდება, თუ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის რატიფიკაციის დროის მოახლოებისთანავე ანალოგიური ზეწოლა მოხდება ჩვენზეც. მაგალითად, კვლავ გადაიკეტოს რუსული ბაზარი ან დაიძაბოს მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამდენად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების სწორად მართვა", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაუძლებენ პრესინგს მოსკოვის მხრიდან?" - პასუხობს:

"მხოლოდ პრეზიდენტმა ან მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ეს ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი, რომელზეც დაახლოებით ასეთი კითხვა იქნება - "უნდა გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ, თუ დავნებდეთ რუსეთს?" ვიდრე რეფერენდუმს ჩავატარებთ, საზოგადოების აქტიურმა წრეებმა მოსახლეობასთან უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვიმუშაოთ სხვა მიმართულებითაც, რათა მზაკვრული კითხვა - "სამართლიანობა გვირჩევნია თუ ევროპა?" - არ გაჩნდეს და ეს არ გახდეს განმსაზღვრელი ჩვენი მოსახლეობის არჩევანისთვის. სამწუხაროდ, ეს ორი კითხვა ერთმანეთთან კავშირშია. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გახლდით და დამძიმებული ჩამოვედი იმის გამო, რომ ევროპელები დღემდე ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან ტიმოშენკოს და მერაბიშვილს".

"ევროკავშირის წარმომადგენლებს ისიც ვუთხარი, რომ ჩემთვის ცნობილია მათი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი - "ხელები შორს სააკაშვილისგან~. შორს წაგვიყვანს იმის დაკონკრეტება, ვისთან მქონდა შეხვედრები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროპას კიდევ ერთი გზავნილი აქვს - "პროკურატურიდან სააკაშვილი კითხვებით არავინ შეაწუხოს". ჩვენს ევროპელ მეგობრებს შევთავაზე საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობის ახალი მოდელი. კერძოდ, იქნებ მოვახერხოთ და საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით საქართველოს მოსახლეობამ კითხვები დაუსვას მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ ის კითხვები, რაზეც პასუხს მოითხოვს ქართველი საზოგადოება, ვთარგმნოთ ინგლისურად და გავგზავნოთ დასავლეთში. იქნებ ამან მაინც გაჭრას. საქართველოში არც ერთმა სახელმწიფო მოხელემ ვალდებულად არ მიიჩნია თავი, ნახევარ გვერდზე მაინც ჩამოეყალიბებინა ხედვა - რატომ არ არიან ტიმოშენკო და მერაბიშვილი ტყუპისცალები, რა განსხვავებაა მათ შორის და ეს "გადაესროლა" ევროპაში. იმედია, ამგვარი დოყლაპიობა დასრულდება", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

"ამ დღეებში გამახსენდა, 2011 წელს როგორ წაართვა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს და შედეგი სასამართლოებში ჩივილმაც კი არ გამოიღო. რამდენიმე დღის წინ კი ამავე სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიგები დააყენა. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს მედიცინაში ჯერ არაღწერილ "სახელმწიფო ბოროტების" სინდრომთან, რომელსაც ანალიზზე უფრო დიაგნოზი ესაჭიროება. ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ, პრეზიდენტ მარგველაშვილს ექნება საშუალება, გააუქმოს არაჯანსაღ ვითარებაში მიღებული დადგენილებები და აღადგინოს სამართლიანობა. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული იქნებიან, ასეთი ახირების შედეგები აღმოფხვრან - საფრთხე, რომ დაინტერესებული პირები საქართველოს მოქალაქეობას სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ, მართლაც არსებობს. ამიტომაც საჭიროა, რომ მარგველაშვილმა მოქალაქეობის დარიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოურ ბარებში ქართველების არშეშვებას აპროტესტებენ, თუმცა პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს. კერძო საკუთრებაში შევარდნა და თეფშებისა და ჭიქების მსხვრევა პროტესტი კი არა, ვანდალიზმია. უპირველესად უნდა შეისწავლონ, რა ხელშეკრულების პირობებით აწესებენ ბარების მეპატრონეები შესვლაზე შეზღუდვას ეთნიკური ნიშნით. ისე, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შენდებოდა თბილისის ახალი აეროპორტი. ისიც მახსოვს, თურქული კომპანიის მიერ საქართველოს დედაქალაქში აშენებულ აეროპორტში აკრძალეს ქართულენოვანი ტელეარხების ჩართვა. აეროპორტის კაფეებში მხოლოდ თურქული გადაცემები გადიოდა. ამაზე საქართველოს ხელისუფლების ვერც ერთმა შტომ კრინტი ვერ დასძრა, რადგან თურქებს ამ თავხედობისთვის ფული წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. ვიმეორებ, პროტესტმა უკონტროლო ფორმა არ უნდა მიიღოს, ეს დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ცივილიზებულ სახეს", - დასძენს ექსპერტი.

"სხვათა შორის, თბილისელები გულგრილი იყვნენ მაშინ, როდესაც მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ბათუმელებს აწუხებდათ. ბათუმსა და თბილისში ტოლერანტობის დოზა უფრო მაღალია, მაგრამ როგორც კი ეს პრობლემა პატარა ქალაქებში გაჩნდება, შესაძლოა, პროტესტი გაცილებით აგრესიული და საშიში აღმოჩნდეს. სავიზო რეჟიმის გამკაცრება გამოსავალი არ არის. კონკრეტულ რეცეპტს ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ასეთ თემებს და ყოველნაირად შეეცადოს უმართავი პროცესები არ დაუშვას. მერიამ ან ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნონ კონტრაქტების ტექსტები და ვნახოთ, რა პირობებით გახსნეს თუნდაც ეს ბარები უცხოელებმა. კონტრაქტებში ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პირობები, რომ მეპატრონეს მსგავსი რამის გაკეთება აზრადაც არ მოუვიდეს"- განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.

"ძალიან გაჭიანურდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება. კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, ერთ კომპანიას ან პირს ბაზრის რამდენი პროცენტის ათვისების უფლება აქვს. თუ მისი აქტივობა კანონით დადგენილ პროცენტზე მაღალია, ის უკვე მონოპოლისტად ითვლება და შეზღუდვები უწესდება. სამწუხაროა, რომ ანტიმონოპოლიური საკანონდებლო პაკეტის საჯაროდ განხილვაც კი არ მომხდარა, საზოგადოებას შენიშვნის გამოთქმის საშუალება რომ ჰქონოდა. არადა, ეს იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პირველი დაპირება, თავი რომ დავანებოთ არშემდგარ სამართლიანობის აღდგენას. მაინტერესებს ხელისუფლების პასუხი - ერთი წლის მანძილზე რომელი მონოპოლისტის სასარგებლოდ არ დასძრეს ადგილიდან ეს საკითხი. ეს კანონი ნახევარი წელია, მზადაა და მიზეზსაც ვეღარ ასახლებენ, რატომ არ მიიღეს აქამდე. როდესაც ელიტური კორუფცია ქვეყანაში აღარ არსებობს და მონოპოლისტებად მაინც იგივე ადამიანები რჩებიან, როგორ უნდა ვებრძოლოთ მონოპოლიზმს?! დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ", - თვლის სოსო ცისკარიშვილი