"არასდროს იტყუებიან იმდენს, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ", - ოტო ბისმარკის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ ჩატარებულ, მაჟორიტარი სისტემით არჩეული, პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევის შედეგს გავეცანი. დასკვნა დასაფიქრებელი და გასაანალიზებელია. მანამდე კი ისმება კითხვები: - ვინ რისთვის იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან? რატომ ვერ ცნობს ამომრჩეველი არჩეულს?
კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რეგიონებში პრობლემების კვლევისას, ნათელი გახდა, რომ პარლამენტის მაჟორიტატარი დეპუტატები არ მონაწილეობენ ან არასრულფასოვნად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაში. გამოკითხვაში სულ 1496 რესპონდენტი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 39%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი. 42.5%-ს არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. მოსახლეობის 61%-მა არ იცის, სად მდებარეობს მათი მაჟორიტარის ბიურო. ოლქის დეპუტატს მოსახლეობის 52.6% წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრია, არჩევნების შემდეგ კი მასთან კავშირი მხოლოდ 13.8%-ს ჰქონია. დეპუტატის ბიუროსთვის დღემდე 5.3%-ს მიუმართავს.
მოსახლეობის გამოკითხვის პარალელურად, საქმიანობასთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გამოკითხვაც ჩატარდა. "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის" მიერ შემუშავებული კითხვარი 63-ვე დეპუტატის ბიუროს გადაეგზავნა. ქსელთან ითანამშრომლა და კითხვარი 41-მა ბიურომ შეავსო. სენაკის, წალენჯიხისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებმა კითხვარზე პასუხების გაცემის ნაცვლად, მათი მუშაობის შესახებ მოკლე ინფორმაცია ქსელს ელექტრონული ფორმით გაუგზავნეს. ფოთის მაჟორიტარის ბიურომ კი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია PowerPoint ის ფორმატით მიაწოდა. დანარჩენი ბიუროების მიერ რიგი მიზეზების (ბიურო ფაქტობრივად, არ არსებობს, ბიუროს საქმიანობა კონფინდენციალურად მიიჩნევა, კითხვარის შევსების გაურკვეველი ვადით გადაწევა) გამო, არ მოხდა კითხვარის უკან დაბრუნება. ეს მაჟორიტარები არიან გიორგი ღვინიაშვილი (გურჯაანი), ზაზა კედელაშვილი (დედოფლისწყარო), მარიკა ვერულაშვილი (ყვარელი), გედევან ფოფხაძე (ბორჯომი), ზურაბ ჩილინგარაშვილი (ადიგენი), სამველ პეტროსიანი (ახალქალაქი), ენზელ მკოიანი (ნინოწმინდა), მურმან დუმბაძე (ბათუმი), თამაზ ჯაფარიძე (ონი), აკაკი ბობოხიძე (წყალტუბო), ნაული ჯანაშია (მარტვილი), გოდერძი ბუკია (ხობი), როლანდ ახალაია (ზუგდიდი), ვახტანგ ლემონჯავა (ჩხოროწყუ), გუბაზ სანიკიძე (ქუთაისი), კახა ბუცხრიკიძე (თერჯოლა), პაატა ლეჟავა (ვანი), გიორგი კახიანი (სამტრედია), პაატა კიკნაველიძე (ბაღდათი).
კითხვარი შევსებულია 41 ბიუროს მიერ, სრულყოფილად მხოლოდ 30-მა შეავსო. კვლევამ აჩვენა, რომ ბიუროებში საშუალოდ 5 ადამიანია დასაქმებული. აქედან ყველაზე ნაკლები (2) თანამშრომელი ჰყავს ზესტაფონის, სენაკის, მარნეულის, სიღნაღისა და ხელვაჩაურის ბიუროებს. ყველაზე მეტი (10) დმანისის მაჟორიტარის ბიუროს.
სოციალური დახმარება, ეკომიგრანტების პრობლემები, სამედიცინო ოპერაციებისა და მკურნალობის კურსის დაფინანსება, დასაქმება, სამართლებრივი და კომუნალური პრობლემები, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება: - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელთა მოსაგვარებლად მოსახლეობა ბიუროებს ყველაზე ხშირად მიმართავს.
ყველაზე მეტი მიმართვიანობაა რუსთავსა (10 000-მდე) და ტყიბულში (4000). ნაკლებია მესტიაში (33), გარდაბანში კი 60 მიმართვიდან მხოლოდ ერთია წერილობითი. კვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, მაჟორიტარი პარლამენტარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში და ბიუროებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაშია.
რა სჭირდება მოსახლეობას? - ამ მიმართულებით ბიუროების უმეტესობას კვლევა არ ჩაუტარებია ან ახლო მომავალში აპირებს. ამ კითხვაზე ამომწურავად ხარაგაულის მაჟორიტარის ბიურომ უპასუხა. მათ დაამატეს, რომ ბიუროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სოფლის კრებებში. ჭიათურის ბიურომ მრავალშვილიანი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისა და უსახლკაროების კვლევა ჩაატარა. რუსთავის ბიურო კი ყოველთვიურად აკეთებს ანგარიშს, ეცნობა განცხადებებს, ახარისხებს პრობლემებს. რის საფუძველზეც ხდება პრიორიტეტების გამოვლენა.
ბიუროს საქმიანობისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ერთჯერადად 5.000 ლარი გამოიყოფა. შემდეგ ყოველთვიურად 5.000 ლარი. ძირითადი საშუალებების შეძენის, ოფისის იჯარის, თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, ასევე საკომუნიკაციო, საწვავის; სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობისა და სხვა ხარჯებისთვის.
ბიუროების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ეს თანხა საკმარისია. გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიუროებს დაემატოთ ფონდები სოციალური, კულტურული, სამედიცინო პრობლემების დასახმარებლად.
კვლევაში ჩამოთვლილია ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ბიუროების ლობირებით მოხდა. მათ შორისაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები.
- კვლევის შედეგებს მედიამ საგანგაშო უწოდა. თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მოსახლეობა ბიუროს საქმიანობის შესახებ ნაკლებადაა ინფორმირებული?
ზვიად დევდარიანი: არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" დირექტორი:
- მაჟორიტარები ამომრჩევლებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. შესაბამისად, ეს ბიუროების საქმიანობაზეც აისახება. საყურადღებოა, რომ გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მაჟორიტართან ურთიერთობა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა, შემდეგ აღარ უნახავს. რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატობის კანდიდატს გაცნობიერებული აქვს, ამომრჩეველთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მანდატის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობასთან ურთიერთობის ინტენსივობა იკლებს. ბიუროებმა უნდა იმუშაონ ამომრჩევლებთან, გაარკვიონ მოსახლეობა, რა საკითხებზე უნდა მიმართონ სხვა უწყებას და რა საკითხზე - ბიუროს.
რამდენიმე დეპუტატის ბიურომ გამოთქვა სურვილი, შეიქმნას სხვადასხვა ფონდი. არა მგონია, ეს მიდგომა მართებული იყოს. ვისი ოპერაცია და სწავლის გადასახადი უნდა დაფინანსდეს - ეს ბიურომ არ უნდა გადაწყვიტოს.
- ყოველთვიურად პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროს 5.000 ლარი ერიცხება. ამ თანხის განაწილება როგორ ხდება?
- ეს თანხა ბიუროს საქმიანობისა და ხელფასებისთვისაა განკუთვნილი. ვერ გეტყვით, კვოტები როგორაა გადანაწილებული. ჩემი ინფორმაციით, 3.000 ლარი ხელფასებისთვის, დანარჩენი თანხით ადმინისტრაციული ხარჯები იფარება.
- რამდენიმე ბიუროს 2 წევრი ჰყავს. გამოდის, რომ 3.000 ლარი 2 თანამშრომელზე იყოფა.
- ჩვენ სახელფასო უწყისები არ გვინახავს, 5.000 ლარის მთლიანად სახელფასოდ ათვისება არ შეიძლება. ყველა ბიურო ინდივიდუალურად საზღვრავს, რაში რამდენი დახარჯოს. ზოგან 2 თანამშრომელია, ზოგან - 10. მართებული იქნება, თუ თანამშრომელთა აყვანა საჭიროებების მიხედვით მოხდება. არის სპეციფიკური ბიუროები, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში. თავად პარლამენტის წევრი უნდა საზღვრავდეს, რამდენი შტატია საჭირო მის ბიუროში. მაჟორიტარის ბიურო დასაქმების ბიუროდ არ უნდა გადაიქცეს.
- არიან მაჟორიტარები, რომლებსაც თავიანთ ოლქებში ბიუროები საერთოდ არ აქვთ?
- ჩვენ ეს კვლევა ივნის-ივლისში ჩავატარეთ. ბიურო ყველა დეპუტატს ჰყავს, მაგრამ რამდენიმემ გვიპასუხა, რომ ფიქციურად არსებობს.
- და ხელფასს იღებს? ასეთი პასუხი რომელი დეპუტატებისგან მიიღეთ?
- გვარები ზუსტად არ მახსოვს. რადგან ბიურო ფიქციურად არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებზე ხელფასები გაიცემა. ბიუროსთვის გადარიცხული თითოეული ლარის დახარჯვაზე, მაჟორიტარი ფინანსურ დოკუმენტაციას პარლამენტს წარუდგენს.
- კვლევის შედეგები 8 ნოემბერს გამოაქვეყნეთ. მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოდან ვინმე გამოგეხმაურათ?
- გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ კითხვარი, რომელიც ბიუროებს გადავუგზავნეთ, მის ბიურომდე არ მისულა. შესაძლოა, ტექნიკურ ხარვეზთანაც გვაქვს საქმე. ეს სტატისტიკა ზოგადია. ჩვენი რეკომენდაციაა, პარლამენტის წევრებმა ბიუროების საქმიანობასა და ამომრჩევლებთან ურთიერთობას მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ფუნქციებია: პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზება, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის წევრების მონაწილეობისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის უზრუნველყოფა. მოქალაქეთა მიღება, წერილების, საჩივრების ანალიზი და დასკვნების მომზადება. ამომრჩევლებთან დეპუტატის შეხვედრის ორგანიზება.
დაბოლოს, ჩვენი საქმე ყველამ კეთილსინდისიერად რომ შევასრულოთ, ქვეყანაში გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნება. მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის მიერაა დაქირავებული. მანდატის ხიბლში კი არ უნდა ჩავარდეს, ვალდებულება უნდა შეასრულოს. კეთილი ინებოს და ამომრჩეველს ემსახუროს.