საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა, რომელზე დასწრებაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა. მისი გუნდის წევრები, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეცდომებს, ხარვეზებს, ზოგჯერ კი სისტემის მანკიერებასაც აღიარებენ. მწერალ კოტე ჯანდიერის აზრით, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ როგორია ყოფილი ხელისუფლების ჩრდილოვანი იდეოლოგიური დოქტრინები, დანაშაულის სიმძიმე და სავარაუდო სასჯელი:
ყოფნა-არყოფნის საფრთხე…
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მონოპარტიულ, კანონით, მორალითა და ჰუმანიზმის პრინციპებით შეუზღუდავ მმართველობას ხალხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაუსვა წერტილი, საპრეზიდენტო არჩევნები ამის დაგვირგვინება იყო. მმართველი პარტია და ხელისუფლების ყველა შტო - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო - წარმოადგენდა ერთ მთლიანობას და გადაქცეული იყო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლის, ჩაგვრის, დევნისა და ტერორის ინსტრუმენტად. სისტემა ატარებდა შერეულ ავტორიტარულ-ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს, როგორიცაა მანკიერი იდეოლოგია და საწინააღმდეგო აზრის დევნა, პიროვნების კულტი. ჩვენი სამშობლო ამ ადამიანთა მიზეზით უსამართლობის, ძალადობისა და მხეცური სისასტიკის არენად იქცა უკანასკნელ ათწლეულში. ამდენად, ქართველ ხალხს არა მარტო აქვს უფლება, არამედ ვალდებულიცაა, მოითხოვოს ამგვარი ქმედებების სამართლებრივი შეფასება და დამნაშავეთა დასჯა, რათა სამართალი აღდგეს და ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს საქართველოს ისტორიაში.
ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ ამ დანაშაულების გამეორება უფრო დიდი მასშტაბით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ცივილიზაციის არსებობას, თვით მის ყოფნა-არყოფნას რეალური საფრთხე დაემუქრება.
ცალკე თემაა იმ იდეოლოგიური წანამძღვრებისა და პროპაგანდისტული ხერხების დახასიათება, რომლებიც ადუღაბებდა, გამძლეობასა და ეფექტურობას სძენდა რეჟიმს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველას, მათ შორის სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც, აქვთ უფლება, სწამდეთ ნებისმიერი, ყველაზე მიუღებელი იდეებისაც. ამიტომ ისინი უნდა გასამართლდნენ არა იდეების, არამედ ამ იდეების ძალადობრივი გავრცელების, სხვა იდეოლოგიის მიმდევართა დევნისა და დანაშაულების გამო. საზოგადოება ვალდებულია, სრულად გააცნობიეროს და მორალური ვერდიქტი გამოუტანოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილოვან იდეოლოგიურ დოქტრინებს, რომლებიც შინაგანად ამართლებდნენ დამნაშავეთა ქმედებებს, ათავისუფლებდნენ მათ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური ქცევის ნორმებისაგან და ახდენდნენ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის ჩართვას პერმანენტულ სისტემურ დანაშაულში. რეჟიმი ქმნიდა და ამკვიდრებდა ანტიეროვნულ, ანტიკულტურულ და ანტიადამიანურ იდეოლოგიას, რომლის ქვაკუთხედსაც საქართველოს ხალხის უმეცრების, ჩამორჩენილობისა და გენეტიკური არადემოკრატიულობის შესახებ თეზისი წარმოადგენდა. საქართველოს მოქალაქეები არასრულფასოვან, საბჭოური ტიპის ადამიანებად მიიჩნიეს, რომელთა სამართავადაც პირველ ეტაპზე გამართლებულად ჩათვალეს ნებისმიერი არასამართლებრივი მეთოდის გამოყენება, რასაც თითქოსდა "დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დასამკვიდრებლად" იძულებისთვის იყენებდნენ. ამ ყალბ პროპაგანდისტულ ფონზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგები აყალიბებდნენ და ავრცელებდნენ აზრს მმართველი პარტიისა და სახელისუფლებო ისტებლიშმენტის გამორჩეული პროგრესულობის, ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ქვეყნის მოსახლეობის სეგრეგაციას "უხარისხო, გაუნათლებელ, არაკანონმორჩილ მასად" და "ხარისხიან, განათლებულ, ლიბერალური ფასეულობების მატარებელ" ელიტად.
ის, რაც აღარ უნდა განმეორდეს…
2004 წელს კონსტიტუციური გადატრიალების გზით აბსოლუტური ძალაუფლება მოექცა პრეზიდენტის ხელში. ფაქტობრივად, საქართველო მონოპარტიული ოლიგარქიის კერძო კორპორაციად განიხილებოდა, პრეზიდენტი კი ამ კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორად. რეჟიმის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ასაკობრივი სეგრეგაცია, რის გამოც ათიათასობით ადამიანმა მუშაობის უფლება და საარსებო მინიმუმი დაკარგა. მხოლოდ მათ შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, ვინც აქტიურად თანამშრომლობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან"... "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იერიში მიიტანა მასმედიაზე, უმაღლეს სასწავლებლებზე, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრებზე. დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების დამორჩილება და საკუთარი პარტიის პროპაგანდისტულ იარაღად გადაქცევა მუქარის, შანტაჟის, ე.წ. ფინანსური შემოწმებების, ყალბი ბრალდებების, ტელეარხებზე შეიარაღებული თავდასხმითაც კი ხდებოდა. მედიასაშუალებათა მფლობელებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ საკუთრებაზე. ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელმა ტელეარხებმა რამდენჯერმე შეიცვალეს მფლობელები და საბოლოოდ აღმოჩნდნენ ქვეყნის გარეთ, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფირმების ხელში, რომელთა ზურგს უკან "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიურად სანდო, პარტიულ-სახელისუფლებო ელიტასთან დაახლოებული წევრები, ან მათთან დანაშაულებრივ ალიანსში მყოფი პირები იდგნენ.
მმართველი ძალის მედიაპოლიტიკა მოჩვენებითი კეთილდღეობის სურათის დახატვის, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის, მოსახლეობის მორალური ტერორისა და მტრის ხატის შექმნისკენ იყო მიმართული. ეს სამარცხვინო, ადამიანის გონების შეურაცხმყოფელი პროპაგანდა მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის, კრიტიკული შეხედულებებისა და ბუნებრივი პროტესტის ჩახშობას, რეჟიმის დანაშაულების მიჩუმათებას, მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფის, მისი უფლებრივი, სოციალური და მატერიალური პრობლემების გადაფარვას. რეჟიმი სკოლებსა და სასწავლო უნივერსიტეტებში კრიტიკულად მოაზროვნე პროფესორ-მასწავლებლებს უაპელაციოდ აცხადებდა კორუმპირებულ, საბჭოური მენტალიტეტის მატარებელ, ლიბერალური იდეებისადმი მტრულად განწყობილ და დემოკრატიული ფასეულობების არმქონე პირებად. რექტორების თანამდებობები დაბალი სამეცნიერო კვალიფიკაციის პარტიულმა იდეოლოგებმა დაიკავეს. "რეფორმა" ტარდებოდა განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით, პოლიციური დანაყოფების უნივერსიტეტში შეყვანით, პროფესორ-მასწავლებლებზე მორალური და ფიზიკური ტერორით.
სტუდენტ ახალგაზრდობას იდეოლოგიურად ამუშავებდნენ, გრანტების მეშვეობით მოისყიდდნენ და ქმნიდნენ "სტუდკავშირებად" წოდებულ ჯგუფებს, რომლებიც ახორციელებდნენ თვალთვალს, დასმენებსა და ფიზიკურ ტერორს კრიტიკულად მოაზროვნე თანატოლებზე, უზრუნველყოფდნენ სტუდენტთა მონაწილეობას პარტიულ და სახელისუფლებო ღონისძიებებში, რთავდნენ საარჩევნო პროცესებში, ახდენდნენ რეჟიმის მომხრეთა მობილიზაციას, სანაცვლოდ, სისტემა მათ ხელშეუხებლობით, მატერიალური კეთილდღეობით, ლიდერებს კი მაღალი სახელმწიფო თანამდებობებით უზრუნველყოფდა.