გასულ კვირას ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. მეუღლის გაუპატიურების მცდელობისთვის თავის მეჯვარეს, პოლიციელ გოგა ანჩაბაძეს კახა გულორდავამ ყური მოაჭრა, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებებიც მიაყენა და სასტიკად სცემა. მერე ადვოკატს დაუკავშირდა და მასთან ერთად პოლიციაში გამოცხადდა.
სამართალდამცავებმა კახა გულორდავა დააკავეს. პროკურატურამ სასამართლოს არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა და კახა გულორდავას გათავისუფლება 2 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვა. სასამართლო დარბაზი სავსე იყო ბრალდებულის გულშემატკივრებით. მოსამართლემ გულორდავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მან 2 000 ლარი 40 დღეში უნდა გადაიხადოს.
სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა. რაც შეეხება გოგა ანჩაბაძეს, ის ჯერ ზუგდიდის, მოგვიანებით კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფს ოპერაციაც გაუკეთდა, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. იმის მიუხედავად, რომ გოგა ანჩაბაძე დაზარალებულია, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით და მას პასუხისგება მოუწევს. მას ჯერჯერობით დეტალური ჩვენება არ მიუცია.
არც მისი ოჯახის წევრების აზრია ცნობილი, ისინი ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. როგორც შევიტყვეთ, ოჯახის წევრებს ადვოკატი აქამდე არ აუყვანიათ. Uგოგა ანჩაბაძე 2006 წლიდან მუშაობს საპატრულო პოლიციაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 2011 წელს პოლიციიდან უღირსი საქციელის გამო დაითხოვეს, თითქოს ქალ მძღოლებს აჩერებდა, შარს სდებდა და ჯარიმის გამოწერის სანაცვლოდ სატელეფონო ნომერს სთხოვდა, მერე კი თავისთან იბარებდა. იმასაც ამბობენ, რომ 2012 წელს, არჩევნების შემდეგ, აღადგინეს სამსახურში. ამ ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ, თუმცა პრესსამსახურმა არ დაგვიდასტურა ეს ინფორმაცია.
საქმის უფრო მეტი დეტალის გასარკვევად კახა გულორდავას ადვოკატს, ჯიტა გულუას ვესაუბრეთ: - გოგა და კახა ზუგდიდელები არიან, ბავშვობის მეგობრები. ანჩაბაძის მამიდა კახას კარის მეზობელია. გოგა სულ ეუბნებოდა, კახა, შენი მეჯვარე მე უნდა ვიყოო. მართლაც ასე მოხდა. ანა ძაბიტაშვილმა და კახა გულორდავამ სამი თვის წინ იქორწინეს და გოგა იყო მათი მეჯვარე. კახამ პირველად გოგას აცნობა, რომ მალე მამა გახდებოდა. ისინი ხომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ და რას წარმოიდგენდა მისგან ასეთ სიმუხთლეს.
- ანას ადრეც იცნობდა გოგა ანჩაბაძე?
- ანა ოდიშელია, გოგას ადრე არ იცნობდა. ერთხელ ანა თბილისში მიდიოდა, სენაკის გზაზე მიკროავტობუსი გაფუჭდა და შეყვარებულს დაურეკა, გზაში ვდგავართ და მანქანის გაკეთებას ველოდებითო. კახამ მეგობარ პოლიციელს დაურეკა და უთხრა, ამ ტერიტორიის სიახლოვეს ხომ არა ხარ, მიკროავტობუსია გაფუჭებული, ჩემი შეყვარებული მგზავრობს და იქნებ მძღოლს დაეხმაროო. ისიც მივიდა პატრულის მანქანით, გაიცნო ანა და უთხრა, შენმა შეყვარებულმა გამომგზავნაო. მაშინ ნახა ანამ პირველად ანჩაბაძე.
- იმ ავადსახსენებელ დღეს სად შეხვდა ანა ანჩაბაძეს?
- ანა ოდიშში, მშობლებთან იყო, როცა გოგამ მობილურზე დაურეკა, სად ხართ, გამოგივლითო. ძაბიტაშვილებთან რომ მისულა, ანას მშობლებმა შეიპატიჟეს, მაგრამ უარი უთქვამს, თუ კახა არ არის, არ შემოვალო. მერე ანასთვის უთქვამს, მოდი, კახას სიურპრიზი გავუკეთოთ, მივაკითხოთ ზუგდიდში, წამოვიყვანოთ და ერთად ვიქეიფოთ შენს მშობლებთანო. ანაც გაჰყვა.
რუსუდან ლომაია, ანა ძაბიტაშვილის დედა:
- გოგა ჩვენთან რომ მოვიდა, თქვა, ნასვამი ვარო, მაგრამ სასმლის სუნი არ ასდიოდა. გვითხრა, ჩხოროწყუდან მოვდივარ, ღვინო გამომატანესო. წინა სავარძელზე ედო ღვინო. ანას უთხრა, უკან დაჯექიო. ჩემი შვილიც გაჰყვა. შინ შევბრუნდი და სუფრის გაშლა დავიწყე. ერთ საათში სახეშეშლილი ანა დაბრუნდა. ფეხსაცმლის ქუსლი მოტეხილი ჰქონდა, თმა გაწეწილ-ამოგლეჯილი. მითხრა, გაუპატიურება დამიპირა, თავი ძლივს დავიხსენიო. მერე კი მოგვიყვა, თურმე გოგა მანქანას გიჟივით მიაქროლებდა, კინაღამ ავარიაც მოახდინა. ცოტა ხნით ადრე, გოგას ცოლ-შვილი ავარიაში მოყვა, ბავშვს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ჩემს შვილს ბავშვი მოუკითხავს. კარგად არის, უკვე ბაღში დადისო, უპასუხია გოგას. უცებ წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან გაუჩერებია მანქანა. ანას უნდოდა ეკითხა, აქ რა გვინდაო - მაგრამ თქმაც ვერ მოასწრო, რომ ეცა - ღრიალებდა, დამნებდი, ხმა არ ამოიღოო. კარების ჩაკეტვა უცდია, მაგრამ ანამ მოახერხა, კარი გააღო და გარეთ გამოვარდა. იმ ტერიტორიაზე დევნილები ცხოვრობენ და მათ იხსნეს ჩემი შვილი. ქალმა დაინახა, კაცი როგორ არტყმევინებდა მანქანის კაპოტზე გოგოს თავს. თურმე კეფაში ურტყამდა მუშტს, ანას თმის ბღუჯა ხელში შერჩენია მოძალადეს.
ქალმა კივილი მორთო, სხვებიც გამოცვივდნენ ოთახებიდან და იმ მხეცს ხელიდან გამოჰგლიჯეს ჩემი შვილი. ის მაინც მისდევდა და წართმევას უპირებდა. თურმე გაიძახოდა, ჩემი ქალია, თავი დაგვანებეთ, თქვენ ვინ გკითხავთო. ანა კი ყვიროდა, ტყუის, მეჯვარეა და მოტყუებით წამომიყვანა. კახას ყველაფერს ვეტყვი და მოგკლავსო. ის გარეწარი ხალხის თვალწინ ეუბნებოდა თურმე, თუ გინდა, სისხლი დაიღვაროს, უთხარი და ქმარს მოგიკლავო. დევნილებს მისი ცემა დაუპირებიათ, მაგრამ ანას უთქვამს, პოლიციელია, ხელი არ დაარტყათ, თორემ პროვოკაციას მოაწყობსო. მერე ტაქსით გამოუშვიათ ანა.
- ანას მამამ ეს ამბავი როგორ გაიგო?
- იმ დღეს ვერ გაიგო... ჩემს მეუღლესა და ვაჟს რამეზე ეჭვი რომ არ აეღოთ, ანამ უთხრა, გიჟივით მიდიოდა და ავარიაში მოვხვდითო. მეორე დილით პოლიციაში საჩივრის შესატანად მე წავედი, თან მასთან შეხვედრაც გადავწყვიტე. ჩემს ზარს არ პასუხობდა. მესიჯი მივწერე, ახლა საჩივარი შემაქვს, შენ ვინ ყოფილხარ-მეთქი. ამ დროს შემთხვევით ქუჩაში ჩემი სიძე შემხვდა, მანქანა გამიჩერა, სად მიდიხართ, წაგიყვანთო. ანა ცუდად არის-მეთქი, მხოლოდ ეს ვუთხარი. შინ რომ მივედით, ანა ყველაფერს მოუყვა და კახა უცებ გავარდა სახლიდან.
- თქვენ ესაუბრეთ ანჩაბაძეს?
- როცა მივწერე, გიჩივლებ-მეთქი, მაშინვე დამირეკა. მართალი ხართ, ქალბატონო, შემეშალა, პირუტყვი ვარ, არაკაცი, რაც გინდათ, ის მიწოდეთ, მომკალით, ოღონდ ეს ამბავი არ გააზვიადოთ. თქვენი შვილის მომავალი საფრთხის ქვეშ დადგებაო.
ჯიტა გულუა: - რომ იკითხავენ, ამ კაცს რატომ აქვს ყური მოჭრილი, ეტყვიან, მეგობრის ცოლს გაუპატიურება დაუპირა და ამიტომ მოაჭრესო. სიკვდილი მისთვის წამალი იქნებოდა, ამიტომ დაღი დავასვიო, ამბობს კახა.
იმ დღეს კახამ თავიანთ საერთო მეგობარს, ირაკლი მალანიას დაურეკა და უთხრა, ოდიშში ვარ და შენ და გოგა გამოდით ჩემთანო. ირაკლი მალანიამ იფიქრა, საქეიფოდ ეპატიჟებოდნენ. ანჩაბაძეც დაუფიქრებლად გაჰყოლია. ზუგდიდიდან კახამ თავისი ძმაც ისე წამოიყვანა, არც მისთვის უთქვამს რამე. გოგას მალანიასთვის გზაში უთქვამს, რომ დავლევ, მერე ვმხეცდები, მოსაკლავი კაცი ვარო. მაგრამ ირაკლის ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მანქანიდან გადმოსვლისთანავე მისულა გოგა ანჩაბაძე კახასთან, თავდახრილი დამდგარა და იგივე გაუმეორებია, რაც მალანიას მანქანაში უთხრა, მოსაკლავი ვარ და მომკალიო. მალანია ჰყვება, ამის თქმა იყო და, კახა გამხეცდაო. ვერაფრით გაუჩერებიათ. თურმე ანჩაბაძეს ჯერ ყური მოაჭრა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მანქანიდან დომკრატი ამოიღო და ფეხები დაუჩეჩქვა, თან გავეშებული სცემდაო. მერე სამხრეები დააჭრა და პოლიციელის ფორმა გახადა.
მერე ნაცემი ანჩაბაძე მანქანაში ჩაისვა, მეგობარს უთხრა, შენ შენი მანქანით წამოდიო და შიშველი და ყურმოჭრილი იმ ადგილას დააგდო, სადაც მისი ცოლის გაუპატიურება სცადა. ხალხის თვალწინ გადმოაგდო მანქანიდან, ასეთი უნდა დაგინახოს ხალხმაო.A ამის მერე კახა წამოვიდა და პოლიციას ჩაჰბარდა.
- მას სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი, კვალიფიკაციას ეთანხმებით?
- არა, ეს არის აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ სხეულის დაზიანება. კახა ოჯახის ღირსებას იცავდა. ეს არ იყო ორი ადამიანის კონფლიქტი, აქ ზნეობრივი საკითხები იდგა წინა პლანზე.
კახას მეუღლე ანა დღემდე სტრესულ მდგომარეობაშია. იყო ნაყოფის მოცილების საშიშროება. როგორც ექიმის დასკვნაში წერია, თმით არის ნათრევი, თურმე ანჩაბაძე თირკმლებშიც ურტყამდა და ამიტომ დაზიანებული აქვს. იყო თუ არა რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოძალადე, ექსპერტები დაადგენენ. როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ, ანაზე ძალადობის მეორე დღეს პოლიციაში რომ მისულა, თურმე ყოველ წუთს სიგარეტს ეწეოდა, ძალიან ღელავდა, მაგრამ მიზეზი არ უთქვამს.
ძალიან ბევრმა კახა გულორდავა გაამართლა. ფაქტის თვითმხილველი ირაკლი მალანია "ფეისბუკში" ასეთ სტატუსს აქვეყნებს: "კახას ვენაცვალე, იმას ვნანობ, რომ იმ ბოზის ცემაში მეც არ მივიღე მონაწილეობა. ყველა მოძალადეს ეს ელის".
რითი იმართლებს თავს გოგა ანჩაბაძე, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.