ინაუგურაცია მთლს მსოფლიოში მიღებნული საჯარო ცერემონიაა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება. თავად სიტყვა ლათინური inauguro-სგან წარმოსდგება, რაც თარგმანში ასე ჟღერს - "ვუძღვნი".
რიტუალი, ძირითადად, მონარქთა კორონაციის სახეცვლილი ვერსიაა, თუმცა თანამედროვე მონარქები უკვე დიდი ხანია ნაკლებ პომპეზურ, ფორმალურ ცერემონიას სჯერდებიან. რა თქმა უნდა, გამონაკლისს წარმოადგენს ბრიტანული მონარქია.
აშშ
აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ახლადარჩეული პრეზიდენტი შემდეგი შინაარსის საზეიმო ფიცს დებს:
"ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია".
აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაცია ტრადიციულად საჯაროა და ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ ტარდება. ის მილიონობით მნახველს იზიდავს. საგანგებოდ ამ დღისთვის საზეიმო აღლუმი და მეჯლისი იმართება.
განსაკუთრებული პომპეზურობით გამოირჩეოდა აშშ-ის ბოლო პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინაუგურაცია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირაღირებულ ცერემონიად აღიარეს. მას 160 მლნ დოლარი მოხმარდა.
ინაუგურაციის ამერიკული მოდელი მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გაიზიარა.
საფრანგეთი
ევროპაში ინაუგურაციის ცერემონიები გაცილებით მოკრძალებულად აღინიშნება. უფრო სადაა და ხანმოკლე, ვიდრე აშშ-ში და ძირითადად ფრანგულ მოდელს ემყარება.
ტრადიციულად, საფრანგეთის ახალი პირველი პირი, როგორც საპატიო ლეგიონის ორდენის მაგისტრი, სამკერდე ნიშანს და ბირთვულ კოდს იღებს. ეს უკანასკნელი იმ აუცილებელ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, რაც პირველ პირს ბირთვული იარაღის გაშვებაზე ბრძანების გაცემის შესაძლებლობას მისცემს.
მომავალი პრეზიდენტი მოკლე სიტყვას წარმოთქვამს, ცერემონიას კი 21 საარტილერიო გასროლა აგვირგვინებს.
ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფიცს არ დებს.
რუსეთი
რუსეთში დღემდე მხოლოდ 5 საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა. პირველი ცერემონია ბორის ელცინის სახელს უკავშირდება, რომელმაც გულზე ხელის დადებით პირველი საპრეზიდენტო ფიცი წარმოთქვა. მას შემდეგ ყველა პრეზიდენტი ფიცის ერთსა და იმავე ტექსტს წარმოთქვამს, თუმცა ამჟამად კონსტიტუციაზე იფიცებს. პირველი პირი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან პრეზიდენტის სამკერდე ნიშანს იღებს, რომელიც "მამულის წინაშე დამსახურებისთვის" დაწესებულ ორდენს წააგავს. თუმცა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სახელმწიფო ჯილდოს სტატუსი არ აქვს.
საქართველო
პრეზიდენტის ინაუგურაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირა დღეს ტარდება. პრეზიდენტი ფიცს დებს ღვთისა და ერის წინაშე: მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!".