სასამართლო, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, ანუ ვინ “აპრავებს” ჯოზეფ კეის

სასამართლო, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, ანუ ვინ “აპრავებს” ჯოზეფ კეის

ეს ამბავი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით კი არა, აქ უკვე პრეზიდენტყოფილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური და-ძმების მიერ დემოკრატიული სასამართლოს ოაზისად შერაცხულ ქვეყანაში ხდება. საერთოდ, სასამართლო ქართული სახელმწიფოს აქილევსის ქუსლია და, მართალია, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, ანუ მას შემდეგ, რაც “ნაციონალებმა” სახელისუფლებო პოზიციები დათმეს, არსებობდა მოლოდინი, რომ ქართული სახელმწიფო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდებოდა, მაგრამ ჩვენებური თემიდა კვლავ პოლიტიკის ტყვეობაშია და ამას, სხვა თუ არაფერი, ე.წ. ფოლადის საქმეც მოწმობს, თუმცა ჯობია, მოვლენათა განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.

 

პოლიტიკურად მოტივირებული

მაშ ასე, 2008 წლის თებერვალი - ლონდონში იმჟამინდელი ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი პატარკაციშვილი მოულოდნელად გულის შეტევით იღუპება. სწორედ ამ დროს საზოგადოება იგებს, რომ არსებობს ვინმე ჯოზეფ კეი, რომელიც ირწმუნება, რომ განსვენებულის სამკვიდროს აღმასრულებელია (კეი პატარკაციშვილის გერი დეიდაშვილია). უფრო მეტიც, კეი, რომელიც ასევე, ცნობილია, როგორც ლორდი ჯოზეფი, ჯოზეფ კაკალაშვილი, ჯოზეფ კე, იოსებ კაკიაშვილი და იოსებ კაკლაშვილი, აცხადებს, რომ პატარკაციშვილმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება სამართავად მას უანდერძა. მართალია, მოგვიანებით არაერთმა საერთაშორისო სასამართლომ ეს ანდერძი გაყალბებულად აღიარა და კეიც საერთაშორისო თაღლითად გამოაცხადა, მაგრამ ქართული თემიდა გიბრალტარისა და სხვა ავტორიტეტული, ევროპული თუ ამერიკული სასამართლოების განაჩენს ანგარიშს არ უწევს და მრავალსახოვანი კეის ტყუილებს “აპრავებს”, რაც ცხადია, პოლიტიკური ზეწოლის შედეგია.

ის, თუ რატომ მფარველობდა “ნაციონალური” ხელისუფლება საერთაშორისო თაღლითად აღიარებულ კეის, გასაგებია - თვითმარქვია მემკვიდრემ “ნაციონალებს” თავის დროზე ტელეკომპანია “იმედი” უფეშქაშა. ნათქვამია, ხელი ხელს ბანს და ორივე - პირსო. ჰოდა, “ნაციონალებმაც”, რომლებიც დღეს კეის თაღლითს უწოდებენ, “ლორდ ჯოზეფს” “მწვანე შუქი” აუნთეს და მის ყველა თაღლითობაზე, მინიმუმ, თვალს ხუჭავდნენ.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: კეის “მწვანე შუქი” პოსტნაციონალურ ეპოქაშიც ანთებული აქვს - მიმდინარე წელს ქართულმა სასამართლომ კეის სასარგებლოდ ორი გადაწყვეტილება გამოიტანა და ეს მაშინ, როცა მსოფლიოს პოლიტიკისგან თავისუფალმა სასამართლოებმა კეი თაღლითად სცნეს!

ჯოზეფ კეის “სიმართლე” პოლიტიკურად რომაა მოტივირებული, ამის შესახებ “ბი-ბი-სი ნიუს”-მა წერილი ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. რეი ფერლოგის ვრცელ სტატიაში - “ქართველები ტელევიზიის გამო ერთმანეთს მტრობენ” ერთ-ერთ ქვეთავს ასე ჰქვია: “პოლიტიკურად მოტივირებული”.

ამონარიდი ფერლოგის სტატიიდან, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, 2009 წლის გაზაფხულზე “ბი-ბი-სი ნიუს”-მა გაავრცელა:

“...შობამდე ცოტა ხნით ადრე, ბატონმა გიორგი ჯაოშვილმა დუმილი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაარღვია. მან ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ მიყიდა აქციების საკონტროლო ნაწილი კეის, რომელიც ცნობილია, ასევე, სახელით იოსებ კაკალაშვილი და შემდეგ, როგორ წავიდა მის სანახავად თბილისის აეროპორტში.

“რუსთაველის გამზირზე (თბილისის ცენტრალური ქუჩა), ჩემი მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხმა გააჩერა. ისინი ჩაჯდნენ მანქანაში და მომთხოვეს სასწრაფოდ ფინანსურ პოლიციაში გავყოლოდი... გზაში სამინისტროს წარმომადგენლები ძალადობასაც მიმართავდნენ. ეს ყველაფერი ღამით 12 საათამდე ან 12 საათის შემდეგ ხდებოდა... ფინანსურ პოლიციაში, მე ხელი მომაწერინეს განცხადებაზე, რომელშიც საკუთარი სურვილით ვტოვებდი ორ თანამდებობას - კომპანია “ჯი-ემ-ჯი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და “ი-მედია”-ს სააქციონერო კომპანიის ხელმძღვანელის პოსტებს.” “ჯი-ემ-ჯი” “ი-მედიას” აქციების 70%-ის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ “იმედის” წილის 100%-ს ფლობს.... აქ მე მივხვდი, რომ საქმე გაცილებით რთულად იყო, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა”.

 

“რუსთავის ფოლადის” საქმე

ჯოზეფ კეის თაღლითობის მწვერვალად, შესაძლოა, “რუსთავის ფოლადი” მივიჩნიოთ. საერთოდ, ე.წ. ფოლადის საქმე იმის ქრესტომათიული მაგალითია, თუ როგორ ემორჩილება ქართული სასამართლო პოლიტიკას.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც სასამართლომ, გაყალბებული ანდერძის საფუძველზე, კეის უფლება მიანიჭა, ემოქმედა, როგორც პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებელს, თვითმარქვია “მემკვიდრემ” “ტელეიმედი” “ნაციონალებს” ხონჩით მიართვა, თავად კი, სხვა აქტივებთან ერთად, მეტალურგიულ ქარხანასაც დაეპატრონა... მართალია, დასავლურმა სასამართლომ დაადგინა, რომ კეის ქარხანაზე საკუთრების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ეს ქართულ თემიდას მხედველობაში არ მიუღია.

ისე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ქართული სასამართლო შესაძლოა, იმ გაფლანგვის თანამონაწილედ გამოცხადდეს, რასაც ადგილი ჰქონდა ქარხანაში - არსებული ინფორმაციით, კეის მმართველობისას, ანუ 2008-2011 წლებში, ათიათასობით ტონა კონსტრუქცია და ძვირადღირებული დანადგარები განადგურდა და ჯართის ფასად გაიყიდა. შესაბამისად, ქარხნის დავალიანებამ თანამშრომლების, ბანკების, მომწოდებლებისა და კლიენტების მიმართ 86 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ფონზე, ქარხნის კუთვნილ ათეულ მილიონ დოლარს კეი პირადი მიზნებისთვის იყენებდა... ყოველივე ამის გამო, სასამართლომ “ქართული ფოლადი” გადახდისუუნაროდ მიიჩნია და მისი აქტივები პატარკაციშვილის ოჯახმა ხელმეორედ შეიძინა. ამ პროცესს მოსამართლე ქოჩიაშვილი ზედამხედველობდა. საერთოდ, მოსამართლე ქოჩიაშვილი შეიძლება, პოლიტიკური დაკვეთების უბადლო შემსრულებლად მივიჩნიოთ და აი, რატომ: მას შემდეგ, რაც ახალი მფლობელის მმართველობის პირობებში, ქარხანამ კრიზისი დაძლია და ვალების გასტუმრებაც დაიწყო, “ქართულ ფოლადში” კეიმ კოლცჰის-ის წილზე კონტროლი დაამყარა და “ქართული ფოლადის” აქტივების “რუსთავის ფოლადისთვის” მიყიდვის ხელშეკრულების ანულირების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.

2013 წლის ივლისში, მოსამართლე ქოჩიაშვილმა კეის ულტიმატუმი უსიტყვოდ დააკმაყოფილა. ოქტომბერში კი, ქოჩიაშვილს მხარი სააპელაციო სასამართლომაც აუბა და მისი უკანონო განაჩენი ძალაში დატოვა.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თუ არა იმედი, რომ სასამართლოში, რომელიც პოლიტიკოსების ანგარიშსწორების იარაღია, საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს?

ისე, საინტერესოა, მოსამართლე ქოჩიაშვილისა და სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ კეი ტელეკომპანია “იმედის” მიტაცებასაც ისევ შეეცდება?

სხვათა შორის, ჯოზეფ კეიმ გიბრალტარის სასამართლოში, რომელიც 2009 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა, თავად აღიარა, რომ მატყუარა და თაღლითია. გთავაზობთ ამონარიდს გიბრალტარის სასამართლო სხდომის ოქმიდან:

“კითხვა: - ...ჩვენ ვიცით, რომ ეს სიცრუეა, არა? ეს ძალიან მარტივი კითხვაა. ეს მართალი იყო თუ ტყუილი?

კეი: - ეს ტყუილი იყო.

კითხვა: - და თქვენ იცოდით, რომ ეს ტყუილი იყო?

კეი: - დიახ, ვიცოდი.

კითხვა: - თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მზად არის, მისცეს ცრუ ჩვენება, რათა თაღლითურად დაესაკუთროთ მესამე მხარის კუთვნილ დიდი რაოდენობით ფულს, ამ შემთხვევაში, შიდა შემოსავლების სამსახურის?

კეი: - დიახ.

კითხვა: - ჩვენ ვიცით, რომ ცრუ ჩვენებისთვის გათვალისწინებული სასჯელის მიუხედავად, შიდა შემოსავლების სამსახურს მიეცით ცრუ ჩვენება?

კეი: - დიახ, მე ბევრჯერ ვიცრუე!”

აი, ასე: მოვლენების განვითარება ცხადყოფს, რომ ქართული თემიდა კვლავ პოლიტიკის ტყვეობაშია, რაც დემოკრატიის გზაზე შემდგარი ქვეყნისთვის, ცხადია, დიდი შავი ლაქაა?!