„მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება“

„მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება“

[გეგა ბერიძე]
ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის 100%–ით პრივატიზებას გეგმავს. მთავრობა სიტყვიერ პირობას დებს, რომ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს მმართველობაში დარჩება, თუმცა ამის კანონით გარანტირებას არ აპირებს. „ახალი მემარჯვენეები“ მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვაზე სრულ პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებას ახდენენ და ამ გადაწყვეტილებას იღებენ ან ფარული გარიგებებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ან კონკრეტული პირების პირადი ფინანსური მოგების მიზნით.

მმართველი გუნდი მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენის საკითხის საკანონდებლო დონეზე უზრუნველყოფას არ აპირებს. გაზსადენის 51%-ის სახელმწიფოს საკუთრებაში აუცილებელი არსებობის საკითხი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში არ ჩაიწერება და აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობა და მთავრობა ოპოზიციის მოთხოვნის გაზიარებაზე უარს აცხადებს.

დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მოითხოვა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მაგასტრალური გაზსადენის 51%-ის გასხვისება კანონით აკრძალული იქნება. დეპუტატის აზრით, ეს უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არის აუცილებელი.

გურამ ჩახვაძე გაზის მაგისტრალური მილსადენის, პარლამენტთან შეთანხმებით, პრივატიზებას და პრივატიზების ფორმების გადახედვას ითხოვს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ თანხმდება გაზსადენის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოს მართვაში დარჩენის კანონით გარანტირებას, კარგი იქნება, თუ კანონში პრივატიზების საკითხის პარლამენტთან შეთანხმების რეგულაცია მაინც ჩაიდება.

ასევე, ჩახვაძე ამბობს, რომ უძრავი ქონების პრივატიზება კანონპროექტით მხოლოდ პირდაპირი მიყიდვის და ან აუქციონის ფორმით ხდება, რაც შეუძლებელს ხდის გაზსადენის თუნდაც იმ 10-15 % -ის ლონდონის ბირჟაზე განთავსებას, რაზეც პრემიერ მინისტრმა ისაუბრა.

ჩახვაძეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია ნაწილობრივ დაეთანხმა და არ გამორიცხა, რომ კონსულტაციების შემდეგ მსგავსი ფორმულირებები კანონპროექტში, მის მეორე მოსმენით მიღებისთვის, მართლაც ჩაიწეროს.

თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის 100%-ით პრივატიზებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ნიკა გილაურმა პარლამენტში გამოსვლისას პირობა დადო, რომ გაზსადენის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს მმართველობაში დარჩება.

ლაშა თორდია კი აცხადებს, რომ გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიმართულებით დამატებითი ზომები აუცილებლად იქნება მიღებული, რაც პარლამენტის უშუალო მონაწილეობით მოხდება.

ლაშა თორდია ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუ მილსადენის 100%-ით იქნება პრივატიზებული; პირიქით, ლაშა თორდია ამბობს, რომ თუ მილსადენი მთლიანად გადავა კერძო სექტორში, ეს ამ კერძო სუბიექტის პასუხისმგებლობას უფრო გაზრდის კიდევ.

საფრთხეებზე კი, ლაშა თორდია ამბობს, რომ თუ საფრთხე შეიქმნება, ამ საფრთხეს პრობლემას არ შეუქმნის ის გარემოება, სახელმწიფო მმართველობაში იქნება ეს მილსადენი, თუ - არა.

აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა და მასთან ერთად მთავრობაც ოპოზიციის წინადადების გაზიარებას და კანონში დამატებითი რეგულაციის ასახვას მაინც არ აპირებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ მთავრობაში კონსულტაციები შედგა და საბოლოო გადაწყვეტილებით, კანონში 51%-ის გასხვისებასთან დაკავშირებით აკრძალვა არ ჩაიწერება. მისივე თქმით, უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხები სხვა კანონებით რეგულირდება და ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ ახალი კანონპროექტის გათვალისწინებით, იმ სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც იკრძალება, გაზის მაგისტრალური მილსადენი ამოღებულია. გასულ კვირას კი, პარლამენტში სიტვით გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა ნიკა გილაურმა დაადასტურა, რომ მილსადების 10-15% შესაძლოა გასაყიდად ლონდონის ბირჟაზე გავიდეს.

ამ ფონზე „ახალი მემარჯვენეები“ მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვაზე პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებენ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც „ახლმა მემარჯვენეებმა“ გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო ლაპარაკი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობაზე და საკანონმდებლო დონზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასაც შეუდგა.

„მემარჯვენეების“ ინფორმაციით, 5 წლის წინ ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მწვავე დებატები მიმდინარეობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ ღიად და მკაფიოდ გამოხატა დამოკიდებულება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ გადაედგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესს დააზარალებდა, ამ თემაზე დებატები შეწყდა.

„მაგისტრალური გაზსადენი ძნელად განიხილება, როგორც ბიზნესპროექტი. მისდამი მხოლოდ პოლიტიკური დაინტერესება შეიძლება არსებობდეს, ისიც ერთადერთი ქვეყნის – რუსეთის მხრიდან. მით უფრო პარადოქსულია დღევანდელ დღეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხთან დაბრუნება. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ ენგურჰესთან დაკავშირებული საიდუმლო გარიგებების შესახებ ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მიუღია სათანადო განმარტებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებას ახდენენ და ამ გადაწყვეტილებას იღებენ ან ფარული გარიგებებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად ან კონკრეტული პირების პირადი ფინანსური მოგების მიზნით.

„ამ ხელისუფლების გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად საქართველომ თავის ტერიტორიის ნაწილი დაკარგა. ასევე, დაიკარგა შანსი, უახლოეს მომავალში საქართველო გამხდარიყო ნატო-ს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების რეალური გეგმის განხორციელება დაეწყო.

ამ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ხვალ საქართველოს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, შესაძლოა, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას იმის შანსიც დაუკარგოს, რომ მის მიმართ გეოსტარტეგიული ინტერესი არსებობდეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რომლის გამოხატულება სწორედ ეს გაზსადენი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაა“, – მიიჩნევენ „მემარჯვენეები“.

„ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომელთაც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე, შეახსენებენ, რომ „მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მათ დაეკისრებათ ქვეყნის საზიანოდ გადადგმული გაუაზრებელი ქმედების გამო“.