ყოფილი მოსამართლის სკანდალური აღსარება

ყოფილი მოსამართლის სკანდალური აღსარება

ნუნუ ნემსიწვერიძე, როგორც იტყვიან, ჩემი მოსამართლეა... 2007 წლის 7 დეკემბერს, სახელწიფო ბრალმდებელმა ბაჩიაშვილმა სასამართლოს სთხოვა, რომ ჩემთვის სასჯელის უმაღლესი ზომა - 9 წელი მოესაჯა. მოსამართლე ნემსიწვერიძემ 7 წელი მომისაჯა... მას მერე თითქმის შვიდი წელი გავიდა... რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ჩემი მოსამართლე შევნიშნე... დავუძახე... მივუახლოვდი... მოვიკითხე და „ქართულად გადავკოცნე“... მანაც გულთბილად მომიკითხა, მერე კი, მკითხა, განაჩენი რომ მოისმინე, მადლობა რატომ გადამიხადე, მე ხომ შვილი წელი მოგისაჯეო? გავუღიმე და ვუპასუხე, 9 ხომ არ მოგისჯიათ, რაც პროკურატურას უნდოდა, თან თითქმის 6 თვე, ყოველ კვირა მისმენდით და ამისთვის მადლობა მართლა გეკუთვნოდათ-მეთქი... იმ წუთას არ მიფიქრია, რომ მასთან ინტერვიუს ჩავწერდი... აი, ახლა კი, “ჩემი მოსამართლის” სტუმარი ვარ - ცხოვრებამ როლები შეგვიცვალა... ნუნუ ნემსიწვერიძე დღეს ადვოკატია და “ქართულ სიტყვასთან” “ნაციონალური ზეწოლის” შესახებ ექსკლუზიურად საუბრობს.

- ქალბატონო ნუნუ, თქვენი, როგორც მოსამართლის კარიერა, როგორ დაიწყო?

 

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დავამთავრე. არასოდეს მიფიქრია, რომ მოსამართლე გავხდებოდი... გამომძიებლობა მინდოდა... იურისტად, იურის კონსულად, სასამართლოში კანცელარიის გამგედაც ვმუშაობდი... ერთხელ, კანცელარიაში ერთი ადვოკატი შემოვიდა და საუბარი სამოქალაქო კოდექსის კანონპროექტზე დაიწყო, რომელიც ზერელედ მქონდა გადაკითხული და, როგორც იტყვიან, საუბარში ავყევი. ადვოკატმა მითხრა, თუკი იურისპრუდენციას ასე კარგად იცნობ, მოსამართლის გამოცდები ჩააბარეო...

1997 წელი იყო... ზუსტად ერთი თვე ვიმეცადინე... მაკა, არ გაგიკვირდეს და, ერთ ხელში ჩვილი ვაჟი მეჭირა, მეორეში - კოდექსი...

მოკლედ, გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ, ჩემო კარგო, მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ფული თუ არ გქონდა, გამოცდა კი არა, იალბუზი რომ დაგეპყრო, არაფერი გამოგივიდოდა. მითხრეს, 3 ათასი დოლარი გადაიხადე და მოსამართლედ დაგნიშნავთო, მაგრამ უარი ვთქვი.

- რატომ?

- თუ ფულს გადავიხდიდი, მაშინ ფულიც უნდა ამეღო, მაგრამ როგორც მოსამართლე, ფულის აღებას არ ვაპირებდი... 2000 წელს, როცა მოსამართლეობის ყველა მსურველისგან რაღაც ჰქონდათ აღებული და გადამხდელი აღარავინ იყო, დამიძახეს და მითხრეს, რომ ასპინძაში გამანაწილებდნენ მოსამართლედ და სასამართლოს თავმჯდომარედ.

ადვილი არაა, სამი წლის შვილითა და მეუღლით დედაქალაქიდან აიყარო და პერიფერიაში გადასახლდე, მაგრამ დალხენილი ცხოვრება არ მქონდა... ასპინძაში 2000 წლის 4 ივლისს ჩავედი, 14 ივლისს კი, ბრალდებული, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე იყო დაპატიმრებული, სასამართლო დარბაზიდან გავათავისუფლე - მოწმეთა ჩვენებით დასტურდებოდა, რომ არავის ჰქონდა ნანახი, თუ როგორ ამოიღეს ნარკოტიკი, არც დათვალიერების ოქმი არსებობდა, დანაშაულს არც ბრალდებული აღიარებდა და ამბობდა, “წამალი” ჩამიდესო. როცა გამოვაცხადე, თავისუფალია-მეთქი, ყოფილმა განსასჯელმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, ქალბატონო ნუნუ, წლები დამდევდნენ, რომ დავეჭირე, თქვენ კი, მათავისუფლებთ, ასე შორს ვერ “გაფრინდებით” და ბევრს გადაიკიდებთო. გამეცინა და ვუპასუხე, მირჩევნია, ამ დარბაზიდან შინ წავიდე, ვიდრე - ციხეში-მეთქი...

ასპინძაში 2005 წლამდე ვიყავი, მერე კი, თელავში გადმოვედი...

- “ვარდოსნებმა” ფართომასშტაბიანი დაჭერები და სასამართლოს დამორჩილება სწორედ 2005 წლიდან დაიწყეს. ზეწოლა თქვენზეც ხდებოდა?

- გეტყვით, როგორც იყო: მაშინ, თუ განსაკუთრებული საქმე არ იყო, უშუალოდ მოსამართლეს არ იბარებდნენ. ამ ორი სისტემის რგოლი სასამართლოს თავმჯდომარე იყო... აბა, კუბლაშვილი ყველას სათითაოდ ხომ არ ჩამოუვლიდა? ერთხელ, კახეთის ოლქის პროკურორმა, თამაზ ცაბუტაშვილმა დამირეკა და ერთ-ერთ საქმეზე მისაყვედურა, ბრალდებული რატომ გაათავისუფლეო, ანუ  იმის გამო გამკიცხა, რომ თურმე, სახლმწიფოებრივად არ ვაზროვნებდი და იმის მაგივრად, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიება შემეფარდებინა, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დავტოვე და ამით სახელმწიფოს საპროცესო თანხის მოპოვების შესაძლებლობა დავუკარგე.

- მოქალაქეების სასარგებლოდ განაჩენი სხვა დროსაც გამოგიტანიათ?

- კი, ძირითადად საგადასახადო პროცესებზე, მაგრამ 2007 წლის მერე, სასამართლოში სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახდა! ვთქვათ, მოწმე, რომელიც წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას სასამართლოზე შეცვლიდა, უკვე სისხლის სამართლის დამნაშავედ ითვლებოდა, ანუ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების მიცემა დასჯადი გახდა. ისე, რომ იცოდეთ, ამ მუხლს მოსამართლეები “ბოკერიას მუხლს” ეძახიან...

2009 წელს, თელავისა და ახმეტის გაერთიანებული სასამართლოს თავმჯდომარეს, მარიკა ცერცვაძეს უფლებამოვალეობის ვადა ამოეწურა, თუმცა არც მანამდე ყოფილა თავმჯდომარე - მანამდეც მოვალეობის შემსრულებელი იყო. თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დამავალეს. ამ საკითხს ადამიანურად მივუდექი და ყოფილ თავმჯდომარეს თავის მიერ წარმოებული საქმეების დასრულების შესაძლებლობა მივეცი. არც ის ვაკადრე, რომ კაბინეტიდან გამომეყვანა, არც ავტომობილით მისარგებლია და არც - იმ ტექნიკური ხარჯით, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარისათვის იყო განკუთვნილი. ასე რომ, ახმეტა-თელავის გზაზე ტაქსით დავრბოდი, მარიკა ცერცვაძე კი, ისევ კაბინეტში იჯდა... ერთადერთი მოქმედი მოსამართლე ვიყავი, ჩემთვის არც შაბათი არსებობდა და არც - კვირა... ბოლოს, დამიძახეს და მითხრეს, რომ რეზერვში ვიყავი გადაყვანილი...

ამის მიზეზი კი ერთი განაჩენი გახდა: გარდაცვლილი ბიზნესმენის, ნოდარ საქუაშვილის მეუღლემ ქონების დასაბრუნებლად დავა დაიწყო - საქუაშვილის ქონება მის დას ჰქონდა მისაკუთრებული, რომელიც ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას ბიცოლაა. მოკლედ, დამირეკეს და მითხრეს, რომ საქუაშვილის ცოლის სარჩელი არ უნდა დამეკმაყოფილებინა და პროცესი უსასრულოდ გადამედო...

- ვინ დაგირეკათ?

- იუსტიციის სამინისტროდან. მახსოვს, მარიკა ცერცვაძემ მითხრა, ნეტა შენ, ნუნუ, რა მნიშვნელობა აქვს, შენს შვილს ვინ აჭმევსო... აი, ასეა, ჩემო კარგო, ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ აჭმევდა ჩემს შვილს... ჩემი შვილისთვის მე უნდა მეჭმია, ოღონდ - ჩემი შრომით!

მერე, ერთმა მეგობარმა მითხრა, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში შენზე ამბობენ, სახელმწიფოებრივად არ ფიქრობს და გულზე არც თამაზ ცაბუტაშვილს ეხატებაო. შენით აღფრთოვანებული მაინც და მაინც არც ვაჟა ცერცვაძეა. კუბლაშვილი და ცერცვაძე ხშირად ბჭობენ, რომ მოსაშორებელი იყავი და ძლივს მოგიშორესო, ანუ დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ მერაბიშვილის მოთხოვნა, საქუაშვილის ქონება საქუაშვილის დას დარჩენოდა და არა - შვილებს, ვერ შევასრულე. ისიც ზუსტად ვიცი, რომ არც ერთის ყურმოჭრილი მონა არ ვყოფილვარ... ისიც ნათელია, რომ ჩემი და მოსამართლე ლია ოთარაშვილის მეტი არავინ გაუთავისუფლებიათ.

მაკა, იცი, რა მიკვირს? - როცა მოსამართლეების უმეტესობა, 9 წლის განმავლობაში, თემიდას მსახური კი არა, კუბლაშვილის, მერაბიშვილის, ცერცვაძისა და ადეიშვილის მონა იყო, ერთ დღეს ბორკილი როგორ აიყარა და ცხოვრება წმინდა სამართლის პრინციპებით განაგრძო?!

- ქალბატონო ნუნუ, მართალია, შვიდი წელი მომისაჯეთ, მაგრამ მინდა, ისევ მოსამართლედ გიხილოთ...

- (იღიმება) ვეცდები, შენი სურვილი შევასრულო...

P.S. არ ვიცი სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ პირადად მე, არ ვთვლი, რომ ნუნუ ნემსიწვერიძის სასამართლოდან მოკვეთა სახელმწიფოებრივი ინტერესია. მე, მის ყოფილ განსასჯელს, ყოველთვის შემიძლია, მასთან მივიდე და თავისუფლად ვესაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე დანაშაული არ მიღიარებია  - შეცდომა დავუშვი, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია...