ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა. არ უხარია, რომ მისი პროგნოზი გამართლდა და, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტს ბიუჯეტის სეკვესტრზე მოუწევს მუშაობა. “იმის გააზრება, რომ ქვეყანაში კრიზისია ახალ პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მოუწევს და გამოსავლის გზების ძიებაც აუცილებლად უნდა დაიწყოს. თუ ამას არ გააკეთებს და ისევ ეიფორიაში იცხოვრებს, 2014 წელი ეყოფა, რომ ავტორიტეტი სრულად დაკარგოს. ეკონომიკა არ დაემორჩილა ივანიშვილს და, თუ სასწრაფოდ გამოსავალი არ მოინახა, არც ღარიბაშვილს დაემორჩილება”, - აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
- ბატონო დემურ, ბოლო დროს ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს ხელოვნურად გაკეთდა...
- ბოლო რამდენიმე დღესთან ვერაფერს მივაბამთ იმიტომ, რომ ქვეყანაში სერიოზული თანხები არ შემოსულა, ცვლილებები არც საბიუჯეტო და ფულადსაკრედიტო პოლიტიკაშია. წლების განმავლობაში, ლარის კურსი უსაშველოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო “დაჭერილი”. საქართველოს ისეთი ეკონომიკა არ აქვს, რომ დოლარი-ლარის მიმართება ასეთი იყოს. ლარის კურსის დაწევა გეგმაზომიერად უნდა მოხდეს.
- მაინც, როგორ?
- წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ ბიზნესმენებმაც და მოქალაქეებმაც ადაპტირება მოახდინონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჯერ ცნობილი არაა, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება როგორ თანამიმდევრულად იმოქმედებს. ხელოვნურად დაჭერილი კურსი სერიოზულად აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. ქვეყანაში ფული ხელმიუწვდომელია. ის ფული, რაც სჭირდება, ეკონომიკას რაციონალურ ფარგლებში არასოდეს მიეწოდებოდა. წინა ხელისუფლებას საკუთარი მიზნები ჰქონდა და ლარის კურსი სათამაშოდ სჭირდებოდა. დღესაც ეს გაურკვევლობაა და იმის მოლოდინი, მთავრობა როდის რას გააკეთებს, რა თქმა უნდა, ნეგატიურ განწყობას იწვევს. ეს უნდა მოისპოს და ცნობილი გახდეს, რომ 1.67 ლარი ერთი დოლარია. ამ ეკონომიკითა და იმ ფულის მასით, რომელიც საქართველოშია, არასოდეს არაფერი მოხდება და ქვეყანას ეკონომიკურ ზრდამდე ჯადოქარიც ვერ მიიყვანს.
- რას გულისხმობთ?
- არა იმ ბლეფს, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ანუ სხვისი ფულითა და სხვაგან ნაყიდი რაღაცებით ფორმალური ზრდა, რომელიც მოქალაქეებზე არ აისახებოდა. იმ ზრდაზე ვსაუბრობ, რომელშიც შრომისუნარიანი მოსახლეობაა ჩართული - ქმნის პროდუქციას და იღებს გასამრჯელოს.
ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ ესაა საქართველოში მაკროეკონომიკის - ფულისა და ეროვნული ვალუტის მასის საკვანძო პრობლემა. საჭიროა, ვიცოდეთ, რას გააკეთებს ხელისუფლება ამ გეგმაზომიერ ცვლილებებში, რა დაწოლას აიღებს თავის თავზე, როცა იქნება ინფლაცია, რომელიც, უბრალოდ, გარდაუვალია.
- ანუ, ინფლაციას ვერ გავექცევით?
- ინფლაცია იქნება, ოღონდ ისეთი, რომელიც არ გამოიწვევს დანაზოგების გაუფასურებას... ჯერჯერობით არ გამიგია, თუ რას აპირებს მთავრობა. ორიოდ დღის წინ, ეროვნულმა ბანკმა ბოლო ნაბიჯი გადადგა - რეფინანსირების, ანუ როგორც უწოდებენ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3,75 პროცენტზე დაიყვანა და 18 დეკემბრამდე ეს განაკვეთი არ შეიცვლება, მაგრამ მერე რა? - კომერციული ბანკები არ რეაგირებენ - ბიზნესისთვის პროცენტი კვლავ მაღალია, არაპრივილეგირებული ბიზნესისთვის ფული მიუწვდომელია. ბიზნესის დაწყება საქართველოში არ ფინანსირდება და ეკონომიკა როგორ განვითარდება? ამის თაობაზე წლის დასაწყისში ვსაუბრობდი და მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდა, რაც არ მიხარია.
- ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ეროვნულ ბანკს და ხშირად პრობლემები, რომლებიც ფულადსაკრედიტო პოლიტიკაში ჩნდებოდა, მას ბრალდებოდა. როგორ ფიქრობთ, ეროვნული ბანკის მოქმედება რეალობის ადექვატურია?
- ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, თუმცა არასაკმარისად ახორციელებს კომერციული ბანკების კონტროლს. მაგალითად, არ იკრძალება დოლარში სესხის მიღება იმ ფირმებისთვის, რომლებსაც შემოსავალი დოლარში არა აქვთ. თუ ქვეყანაში ეროვნული ვალუტაა, სესხიც მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს. სიმკაცრე და ისეთი რეგულაციები, რომლებიც არ ზღუდავს კერძო ინიციატივას, აუცილებელია. ყალბი ლიბერალიზმი, ყველა ყველაფერს თვითონ გააკეთებსო, მსოფლიოში არ ყოფილა და უახლოესი ასი წლის განმავლობაში არც იქნება.
- ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრის წინაშე დავდექით. ბიუჯეტი რატომ ვერ შესრულდა?
- 2013 წელს ბიუჯეტის პარამეტრები სწორედ განსაზღვრული არ იყო. ახალმა მთავრობამ, პრაქტიკულად, ის ბიუჯეტი წარმოადგინა, რომელიც “ნაცმოძრაობის” მთავრობის მიერ იყო მომზადებული. ჯობდა, ბიუჯეტის მიღება დაგვიანებულიყო და შეცვლილიყო, რადგან მთავრობას უნდა წარმოედგინა, რომ 2013 წელი მისთვის მძიმე იქნებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ვამბობდი, რომ მთავრობა ფუნდამენტური პრობლემის წინაშე დადგებოდა. ცხადია, არ იმუშავა იმ პროცესმა, რომელიც ახალმა მთავრობამ ეკონომიკის გასაჯანსაღებლად წამოიწყო. ნაბიჯები გადაიდგა - ბიზნესი გათავისუფლდა, მაგრამ შესაძლებლობები შეზღუდული აღმოჩნდა.
ეს წელი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ნიადაგის მოსამზადებლად, რომ 2014 წელს ეკონომიკური აქტივობა გაზრდილიყო. მომავალი წელი გამოყენებული იქნება თუ არა ზრდის უზრუნველყოფისთვის, არ ვიცით. არც ის ვიცით, რას გააკეთებს ახალი მთავრობა და როგორი იქნება პრემიერის დამოკიდებულება. ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. აქ პიროვნული ფაქტორი არ მუშაობს. საჭიროა პროფესიული მიდგომა როგორც ეკონომიკის, ასევე, პოლიტიკის კუთხითაც.
ვნახოთ, დაველოდოთ... ჯერჯერობით სავალალო შედეგი გვაქვს, რაზეც ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში ვწერდი და ამის გამო ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ამბობდნენ, რომ გაღიზიანებული და უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ, პრობლემებს ვხედავ და რასაც ჩემი პასუხისმგებლობა მკარნახობს, იმას ვამბობ. სულაც არ ვარ კმაყოფილი, რომ ჩემი პროგნოზები გამართლდა.
- ახალმა ხელისუფლებამ ბევრ ისეთ რამეზე თქვას უარი, რასაც წინა ხელისუფლება, ბიუჯეტის შესავსებად, აქტიურად იყენებდა...
- ამაზე უარი ნამდვილად უნდა ეთქვა, რადგან იმ სიმახინჯის გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამის ალტერნატივა იყო ასი ათასობით ადამიანის სტიმულირება, რომ დამოუკიდებელი საქმიანობა დაეწყო. ადამიანები ვერ დასაქმდებიან სახელმწიფო სამსახურში, ვერ შეძლებენ დიდ ბიზნესში დასაქმებას, რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრება, სწორედ ეს ვერ გაიაზრა ახალმა მთავრობამ და ეს სფერო ისევ უპატრონოდაა მიგდებული.
- ამის გააზრებას ღარიბაშვილი შეძლებს?
- ჯერჯერობით არ ვიცი, თუ როგორია მისი ხედვა საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ღარიბაშვილს არსად უსაუბრია, თუ როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის გზებს... თუ ვერ ხედავს, რომ კრიზისია დი ისევ ეიფორიაში იქნება, მაშინ გაგახსენებთ: ეკონომიკა არ დაემორჩილა ივანიშვილს და არც ღარიბაშვილს დაემორჩილება. იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ თუ ახალი პრემიერი ეკონომიკაში და საშინაო პოლიტიკაში ცვლილებებს არ შეიტანს, 2014 წელი ეყოფა, რომ ავტორიტეტი სრულად დაკარგოს. ახალი ბიუჯეტის პოლიტიკა კი გვეუბნება, 2014 წელი არაფრით იქნება უკეთესიო - სამწუხაროდ, 2014 წლის ბიუჯეტიც სტრუქტურულად ზუსტად იმეორებს იმ პოლიტიკას, რომელიც “ნაცმოძრაობას” ჰქონდა.