სააკაშვილისა და პუტინის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

სააკაშვილისა და პუტინის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების მონტაჟი რუსებმა დროებით შეაჩერეს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კრემლი საქართველოს მიმართ პოლიტიკის დათბობას აპირებს. მოსკოვის "გაპასიურება" სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება, რომლის დასრულების შემდეგაც ოკუპანტის მხრიდან ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდეთ", - ამბობს წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ლიდერი ვაჟა წიკლაური და "ვერსიასთან" იმაზეც საუბრობს, სინამდვილეში, რა მიზნით იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა პარიზში.

- დიცსა თუ დვანში მავთულხლართების გავლებას ევროპაში უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა და რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადის წინ ზედმეტი ყურადღება აღარ მიიპყროს. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააათმაგებს, ამიტომ მომავალი თვეები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება.

- მაინც, რა არის მოსალოდნელი?
- რუსეთი თავს კომფორტულად მანამ გრძნობდა, სანამ საქართველოში ხელისუფლების სადავეები ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. სააკაშვილის ფაქტორი მოსკოვს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში მუდმივი ჩიხი ყოფილიყო. აკი, პუტინიც ამბობდა, რომ სანამ თბილისში სააკაშვილი და ნაცმოძრაობაა, რუსეთ-საქართველოს დიალოგზე საუბარი შეუძლებელიაო. როგორც ჩანს, კრემლშიც ელოდნენ, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში 30 წლით დარჩებოდნენ ანუ მოვლენათა ასეთი გაგრძელება პუტინსაც აწყობდა და სააკაშვილსაც, მაგრამ ბოლო ორი წლის მოვლენებმა და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ გეგმები ორივეს აურია - საქართველომ ნაციონალური მოძრაობა მოიცილა და, შესაბამისად, პუტინს სათქმელი აღარ აქვს, რომ მისი მტერი სააკაშვილია და არა - საქართველო. აქედან გამომდინარე, მის თვალთმაქცობას აზრი ეკარგება და ღია ბანქოთი იწყებს თამაშს - აქტიურ შეტევაზე გადმოდის. ეს მოსაზრება იმითაც მტკიცდება, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს ბევრჯერ ჰქონდა შესაძლებლობა, ქართულ სოფლებში მავთულხლართები გაევლო, მაგრამ ნაციონალური ხელისუფლების დროს ამის საჭიროება არ არსებობდა... თუ რამე ღრმა პროვოკაციაში არ შევტოპეთ, 2008 წლის აგვისტოს გამეორება მოსალოდნელი არ არის - საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო კამპანია რუსეთისთვის ხელსაყრელი არ იქნება, ამიტომ ქვეყნის შიგნით საკუთარი პოლიტიკის მხარდამჭერთა პოვნას შეეცდება, რაც ნამდვილად არ გაუჭირდება. სწორედ ამ ძალების ამოქმედება იგეგმება სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ და ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა რუსეთის ახალი პროვოკაცია თავიდან ავიცილოთ.

- რა სახის პროვოკაცია იგეგმება?
- ჩემი ინფორმაციით, რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დისკრედიტაციას გეგმავს და ეს, პირველ რიგში, საქართველო-ისრაელის მეგობრობას ეხება - რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო-ისრაელს შორის, რამდენიმე თვეში, უვიზრო რეჟიმი ამოქმედდება და ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რაც მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, თანმიმდევრულად და ავტომატურად, უვიზო მიმოსვლის დამკვიდრებას ევროპის ქვეყნებთანაც გამოიწვევს ანუ არსებობს შანსი, რომ ორ-სამ წელიწადში საქართველოს გარესამყაროსთან ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალოს. დაუკვირდით, როგორ ხვდება ნაციონალური მოძრაობა ამ ფაქტს: სააკაშვილის ხროვის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ადგილს არ უთმობენ ამ თემის საფუძვლიან გაშუქებას და მხოლოდ მცირეოდენი ინფორმაციით შემოიფარგლებიან; მეორე მხრივ, როგორც აღმოჩნდა, ბატონ ბიძინას, რომელსაც სავიზო რეჟიმის გაუქმებაში ლომის წილი აქვს, საკუთარი საქმიანობის პიარი საერთოდ არ უყვარს, რის გამოც არც ახალი ხელისუფლება გაჰკივის, ნახეთ, რა ვქენიო. ამ ორი ფაქტორის გამო ხალხმა, პრაქტიკულად, არ იცის, რა მასშტაბის მიღწევასთან გვაქვს საქმე. სამაგიეროდ, ამ მიღწევაზე სწორ ანალიზს აკეთებენ რუსეთში, სადაც იციან, რომ თუკი საქართველო ევროპასთან უვიზო რეჟიმს
შემოიღებს, ამით საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეთრევის გეგმა ჩავარდება... ამიტომ მიმაჩნია, რომ ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთი ძალიან გააქტიურდება და, ჩემი ინფორმაციით, ისრაელის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების ჩაშლას შეეცდება, რისთვისაც საქართველოში არსებულ თავის მეხუთე კოლონასაც გამოიყენებს - გამორიცხული არაა, ვითომპოზიციურმა პარტიებმა ანტისემიტური ლოზუნგების წამოსროლა დაიწყონ. სააკაშვილი, რომელიც უკვე მაოხრებელი გზირის როლს ასრულებს, ყველაფერზე წავა, ოღონდ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მიაღწიოს და ხალხს ათქმევინოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ კრახი განიცადა.

სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ, რა მიზნით ჩავიდნენ პარიზში სააკაშვილი და უგულავა. სინამდვილეში, მათ პარიზში დაკავებულ დავით კეზერაშვილის დაცვის მხარეს მიაწოდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, კეზერაშვილის დაცვა მის ებრაელობასა და საქართველოში ვითომ გამეფებულ ანტისემიტიზმზე უნდა აეგოს. ცხადია, ნიჭიერი ადვოკატების ხელში, საქმის ასე დაყენება მსოფლიოში აუცილებლად დიდ რეზონანსს გამოიწვევს, რასაც საქართველო-ისრაელს შორის ხელშეკრულების გაუქმება თუ არა, გაურკვეველი დროით გადავადება მაინც მოჰყვება... ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ ეს მზაკვრული გეგმა ვერ განხორციელდეს!