“ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, “რესპუბლიკელი” დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მთავრობაში ისეთ რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება. ამასთან, ბერძენიშვილი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ზურაბ ჟვანიასა და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიებას აანონსებს:
- პირველ რიგში, მადლობას ვუხდი არჩილ კბილაშვილს გაწეული მუშაობისთვის, ვინაიდან საქართველოში ხშირად ავიწყდებათ, ასეთი ადამიანებისთვის გარდამავალი ეპოქა როგორი რთულია. კბილაშვილი იმ ქვეყანაში გახდა მთავარი პროკურორი, სადაც ეს უწყება მანამდე სულ სხვა საქმიანობით იყო დაკავებული. სააკაშვილის დროს დააპატიმრებდნენ ძალოვან მინისტრს და 15 წუთში აღიარებით ჩვენებას იძლეოდა. ახლა კი გვაქვს ქვეყანა, სადაც შს, ან სხვა ყოფილ ძალოვანი მინისტრი დაკავებულია და 15 თვის შემდეგაც არ აპირებს აღიარებითი ჩვენების მიცემას. მოკლედ, პროკურატურასა და სასჯელაღსრულების სისტემაში დამოკიდებულება შეიცვალა, რაც პროგრესის მაჩვენებელია.
- ბატონო ლევან, კბილაშვილის საქმიანობას არაერთი ექსპერტი წარუმატებლად აფასებს...
- მის მიმართ კრიტიკა ნამდვილად ისმოდა და ეს კრიტიკა გამოძიებისა და სასამართლო პროცესების გაჭიანურებას ეხებოდა. ამ პრეტენზიის გამოთქმისთვის უმრავლესობაც და უმცირესობაც შეიძლება, მართლები იყვნენ, ვინაიდან ეჭვმიტანილის წინასწარი პატიმრობა დიდხანს გრძელდება. ვიმედოვნებ, ეს ხარვეზი გამოსწორდება. გარდა ამისა, ვიღაცას შენიშვნა ჰქონდა, რომ კბილაშვილმა დანაშაულში ყველა მხილებული ვერ დააპატიმრა, მაგრამ ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ კბილაშვილი ადამიანია. თუ ვინმე ვარაუდობს, რომ შედარებით რბილი კბილაშვილი წავა და მისი შემცვლელი ფარცხალაძე სასტიკი და დაუნდობელი პროკურორი იქნება, ამ იდეას არ ვგულშემატკივრობ. კბილაშვილი პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იყო. მან თავის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ პრემიერს ამცნო, შემდეგ კი, - საზოგადოებას. ეს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია...
საერთოდ, როცა ახალი პრემიერი მოდის, ცვლილებები ხდება. თუ ვინმეს ეგონა, რომ წავიდოდა ივანიშვილი, მოვიდოდა ღარიბაშვილი და ამით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ცვლილებები ამოიწურებოდა, ცდებოდა. სავსებით ვეთანხმები არმაზ ახვლედიანის მოსაზრებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ცვლილება მომავალი ცვლილებების ნიშანია, რომელიც შესაძლებელია, კოსმეტიკური სულაც არ იყოს. კბილაშვილის გარდა სხვებიც წავლენ და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა.
- მაინც, კიდევ ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს? ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ალასანიას გუნდი აღარ იქნება ახალ მთავრობაში...
- ისეთი ტიპის ცვლილებას არ ველი, რომლის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობა გაქრება. შეიძლება, ერთი-ორი მინისტრი, ან მისი მოადგილე გამოიცვალოს. როცა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მივედი, გარკვეული ცვლილებები განვახორციელე... ყველას თავისი მუშაობის სტილი აქვს, ქვეშევრდომებთან მუშაობა კომფორტულად რომ შეძლოს.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გუნდს, თუ მთავრობიდან მისი გუნდის ხალხი დაითხოვეს, ეს არათუ კოსმეტიკური, არამედ, რადიკალური ცვლილებები იქნება, თუმცა ამას არ ველოდები. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის დაშლას არ აპირებს.
- ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ პრემიერი კი არა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც გახდება. ამ ფონზე კოალიციაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი არ დაირღვევა?
- პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იმას გულისხმობს, რომ კოალიციაში არის ლიდერი პარტია, რომელსაც მთავრობასა და პარლამენტში ადგილების უმრავლესობა აქვს და უმრავლესობის მეთაური რომ გახდება პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია. ჩვენ ვხდებით საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის წესიც ასეთია: გამარჯვებული გუნდი აყალიბებს მთავრობას და ეს გუნდი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება მისი მეთაური. ამავე დროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი ათი ფრაქციის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება და ძალთა გადანაწილება მოხდება. ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი მაღალი და დაბალი პოსტები აქვს. ჩემს პარტიას პარლამენტის, იურიდიული, აგრარული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები უჭირავს, “ქართულ ოცნებასაც” უმეტესი ფრაქციები აქვს. ვფიქრობ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, კოალიციური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, ჩვენთან ისეთი ექსპერტები არიან, რომლებიც პროგნოზს იმის მიხედვით კი არ აკეთებენ, რაც მოსალოდნელია, არამედ, იმის მიხედვით, რაც თვითონ უნდათ რომ მოხდეს. ვიღაცას, ეტყობა, ძალიან უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალოს და ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის სივრცე გაჩნდეს. ეს ძალა, ალბათ, მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის შეიქმნება. ყოველ შემთხვევაში, ახლა კოალიციას საფრთხე არ ელის!
- ბატონო ლევან, ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი „რესპუბლიკურ პარტიას“ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალად თვლის. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის შეფასებებზე “რესპუბლიკელები” გავლენას ახდენთ...
- ჩვენს გავლენიანობაზე უმცირესობაში საუბრობენ და თხზავენ მითებს, კოალიციაში კი, ამაზე მხოლოდ ორი ადამიანი ლაპარაკობს.
- ვინ?
- გინდათ, მათი სახელი და გვარი გითხრათ? - კი ბატონო, ესენი არიან ლორთქიფანიძე და ნიშნიანიძე. კოალიციაში “რესპუბლიკელების” გავლენა არსებობს, მაგრამ ყველაზე ძლიერები როგორ ვიქნებით, როცა ჩვენ ერთი მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს? თუ “მრეწველებზე” ცოტა მეტი გავლენა გვაქვს, ეს ბუნებრივია. თავიდან კოალიციაში სულ სამი პარტია იყო, დანარჩენები მერე შემოვიერთეთ, რომლებსაც ყველაფერი თანაბრად გავუყავით. სიაში ადგილები ჩვენ და “მრეწველებს” ერთნაირად გვქონდა, მაგრამ ჩვენ მაჟორიტარები მოვიგეთ და პარლამენტში მეტნი აღმოვჩნდით. მოკლედ, “რესპუბლიკელების” გავლენა იმაზე მეტი არაა, რაც გვეკუთვნის და თუ ეს სადმე შეიმჩნევა, რა ვქნათ? უსუფაშვილი რომ ჭკვიანი კაცია, ეს ჩემი ბრალი არაა!
...რაღაც ტიპის ცვლილებები მთავრობაში თავიდანვე იქნება, ცვლილებები მერეც გაგრძელდება. ისე, იმედი მაქვს, რომ ეს მთავრობა ყველაზე სტაბილური იქნება. “ნაციონალების” დროს, 9 წლის განმავლობაში, განათლების იმდენი მინისტრი გამოიცვალა, რომ ვეღარ ვითვლიდი. სხვათა შორის, მათი განათლების ცენზი ნოლს უტოლდებოდა, მხოლოდ გია ნოდია იყო გამონაკლისი, რომელიც ნამდვილად განათლებულია, მაგრამ კარგი მინისტრი ვერ გამოდგა... მე რომ ღარიბაშვილი ვიყო, ცვლილებებს ახლავე განვახორციელებდი, მერე კი, მივხედავდი იმ ხუთ ცვლილებას, რომელსაც პარლამენტის დასტური არ სჭირდება.
- ბატონო ლევან, კბილაშვილის გადადგომის მიუხედავად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ იმ დაპირებებზე, რომლებიც ვერ შესრულდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს?
- არჩილ კბილაშვილის დაპირებები მისი მემკვიდრის მიერ შესრულდება - ჟვანიას საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. ადრე, საყვარელიძის პროკურორობის დროს, ღამის 3 საათზე, ადამიანები თავიანთ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ და ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. სხვათა შორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ბატონი საყვარელიძის უფროსი, ადეიშვილი იძებნება. 7 ნოემბრის, 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეები ელოდება დასრულებას, შეიძლება, სწორედ აქედან გამომდინარეობდა კბილაშვილის მიმართ პრეტენზიები, რომ გამოძიების ტემპი ჩქარი არ იყო, მაგრამ მირჩევნია ნელა და სამართლიანად გამოვიძიოთ.
- ჟვანიას საქმეზე ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მოწმე, გია ბარამიძე არაა დაკითხული. ასევე, არაა დაკითხული მეზობლის ქალი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შეიტანეს გვამები სახლში. ამ საქმის გაჭიანურება ხელოვნურად ხომ არ ხდება, ან ადგილი პოლიტიკურ თამაშს ხომ არ აქვს?
- ცოტა უცნაური იყო ანონსები, რომელთაც შედეგები არ მოჰყვა. მაგალითად, ექვსი თვის წინ ითქვა, ჟვანიას საქმე თითქმის გახსნილიაო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მივიდა. სწორედ ამაშია უცნაურობა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ყველაფერი თავდაყირა დგება. ყველამ იცის, ჟვანია ე.წ. საბურთალოს ბინაში არ მომკვდარა. ამერიკელებმა დასკვნაში ჩადეს, ჟვანია აქ გაზით ვერ გაიგუდებოდაო.
რაც შეეხება გარიგებას, ამ აზრს მხარს მოსახლეობის მხოლოდ 10% უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს არ სჯერა, რომ “ნაციონალებთან” გარიგებულები ვართ. არ მინდა ვთქვა, ვისთან და როგორ ხდება სახელმწიფო ინტერესების მოგვარება. “ნაცმოძრაობის” პერსპექტივა ისეთი არაა, რომ ვინმე გაურიგდეს და ხელისუფლება გადააბაროს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კი იზეიმეს, მაგრამ ეს ხომ პიარი იყო. სად გაგონილა დამარცხებულის ზეიმი?