სააკაშვილის სასამართლომ ქალს მკითხაობისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა?!

სააკაშვილის სასამართლომ ქალს მკითხაობისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა?!

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...         

თამრო

ეს ის თამრო არ არის, “გლახის ნაამბობიდან” რომ ვიცით. ეს მომცრო ქალია და დიდი გული აქვს... ან ლოცულობს, ან გაჭირვებულებს თავის ლუკმას უყოფს. ორ კილოგრამ ვაშლს სათითაოდ ჩამოურიგებს „ვაგზალზე გაზრდილ უპატრონოებს”, რომელთაც ნავსაყუდელი ახლა ციხეში აქვთ... ან დადის და ქრისტეს სიყვარულზე საუბრობს ურწმუნოებთან...

მას ელიავას ბაზრობაზე პატარა ობიექტი ჰქონდა, როგორც ამბობდა, არ იყო უკმაყოფილო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელმა „შეწერამ“ საქმე უკან წაიყვანა. ბოლოს კი, როცა უარი უთხრა “დიდ კაცებს”, ფინანსური პოლიცია ოპერატიულად დაადგა და... შემოსავლების დამალვისთვის 4 წელი მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურამ საპროცესო გარიგება შესთავაზა, სანაცვლოდ, 300 000 ლარი მოითხოვა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, თამრო საპროცესო გარიგებაზე არ წავიდა, დანაშაული არ აღიარა და “ქართული ოცნების” მოლოდინში, ციხეში ცხოვრება განაგრძო.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ქალმა ოჯახს შეუთვალა, ძველი ქართული ანბანი შემომიგზავნეთო და ნუსხურ-ხუცურის სწავლა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, საუცხოოდ იცოდა არქაული ქართული.

არასოდეს წუწუნებდა და უფალს მადლობას სწირავდა, რომ განსაცდელი მოუვლინა. ოჯახის წევრებს საკუთარი თავისთვის არაფერს სთხოვდა...

თამრო იჯდა და მშვიდად ელოდა უფლის ნებას, როდის დაუბრუნებდა ნანატრ თავისუფლებას.

თამრო მათი კლასიკური მაგალითია, ვინც მცირე მეწარმე იყო და წინა ხელისუფლებამ მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ფული ვერ გამოსძალა...

არ ვიცი, როგორი იქნება ადამიანის უფლება დაცული მომავალში, მაგრამ ადამიანთა უფლება გასულ წლებში რატომღაც არ არსებობდა...

მე ერთ თამროზე გიამბეთ, თორემ “ზონაზე”, თამროსავით დასჯილი, ასობით ქალი იყო...

იქ, რა თქმა უნდა, დამნაშავეებიც იყვნენ, განზრახ თუ შემთხვევით შეცდომილნიც, მაგრამ მთავარი სხვა რამეა: რა იყო წინა ხელისუფლების მთავარი შეცდომა? რატომ გადაავსეს “ნაციონალებმა” ციხეები გამკაცრებული და არაადექვატური სასჯელებით?

 

ნანა

თამროსგან განსხვავებით, ნანას 24 წელი ჰქონდა მისჯილი. მისი დანაშაულის შესახებ რომ გაიგებთ, ჯერ გაგეცინებათ, მერე კი, განრისხდებით, ოღონდ - არა ნანაზე!

მოკლედ, ნანას ერთი კარგი ხელობა ჰქონდა - მარჩიელობდა და გოგონებს გულს უმშვიდებდა.

ნანას ცუდი ხელობაც ჰქონდა - ჯადოს აკეთებდა და დანგრეულ ოჯახებს  აღდგენას ჰპირდებოდა, ქალებს - მამაკაცების გულის დაპყრობას...

და ისე, როგორც მარჩიელთა წესია, იყო კლასიკური თაღლითი...

ნანა, სხვა მარჩიელებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მხოლოდ ფულზე არ ხსნიდა ბედს - ნატურალური პროდუქტი უფრო მისაღებად მიაჩნდა...

და აი, ასე: მეგრელი ქალი კახეთში ჩავიდა - შორეულ ნათესავებს ესტუმრა, თავისი ხელობის უნიკალურობას მოჰყვა, უამბო სოფლებს, როგორ ეძინა სამი დღე-ღამე და როგორ ასწავლა წვეროსანმა კაცმა მკითხაობა და...

დადგა რიგი...

ქალები მამაკაცების გულის დაპყრობას ითხოვდნენ.

ცოლ-ქმარი - შვილის გაჩენას...

დედამთილი რძლის გამოთაყვანებას ჩიოდა...

ცოლები მოღალატე ქმრების საყვარლებზე ითხოვდნენ ჯადოს გაკეთებას...

ნანაც ყველა გაჭირვებულს არწმუნებდა, რომ დაეხმარებოდა... ხელწერილებიც კი დაუწერა, რის სანაცვლოდაც აიღო:

2 ტომარა ფქვილი!

25 ქათამი!

5 ლიტრი თაფლი!

თხილი და კაკალი...

100 ლიტრამდე ღვინო.

50 ლიტრი არაყი!

ზეთი...

“ბურვაკი”...

მოკლედ, გავიდა ერთი თვე...

გავიდა ორი თვე...

გავიდა ნახევარი წელიწადი და...

ნანას ჯადომ ვერ უშველა ვერაფერს და ვერავის...

განრისხდა სოფელი...

სამეგრელოდან ჩამოსულმა მარჩიელმა როგორ გვაჯობაო, გაბრაზდნენ კახელები...

მიადგნენ ნანას ნათესავს და ყველაფრის უკან დაბრუნება მოსთხოვეს...

შეწუხდა ნათესავი, ნანას ასჯერ მაინც სთხოვა, დანაპირები შეასრულეო...

ნანაც ჰპირდებოდა, მაგრამ რად გინდა? - ჯადო ვერ ჭრიდა...

და როცა ჯადო ვერ ჭრის, მაშინ პოლიცია ჭრის და როცა ჯადომ ვერ უშველათ, გლეხებმა იფიქრეს, რომ საქმეს ნანას დასჯა უშველიდა...

და მიადგნენ პროკურატურას...

აი, ასე: ნანა დაიჭირეს, თაღლითობის ბრალი წარუდგინეს...

სასამართლოზე გლეხებმა მისი უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს, ჩვენი ნაშრომი მიითვისა და შეჭამაო...

და თემიდამაც ჩაიხედა სისხლის სამართლის კოდექსში და აღმოაჩინა, რომ ეს დანაშაული შესაკრებთა ერთობლიობას ითხოვდა - თითოეული დანაშაული მინიმალური სასჯელით - 4 წლით შეაფასა, ეპიზოდები შეკრიბა და, ჯამში, ნანას 24 წელი მიუსაჯა...

ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ეს განაჩენი რომ ნახა, არ ვიცი, გაეცინა თუ არა, მაგრამ მის განცვიფრებას და გაბრაზებას საზღვარი რომ არ ჰქონდა, ეს ტელეეკრანიდან ჩანდა... ბოლოს კი, ნანა სუბარის წლიურ საპარლამენტო ანგარიშში მოხვდა...

ნანას ექვსმა დაზარალებულმა უჩივლა...

არც ერთის ზარალი 10 000 ლარს არ აღემატებოდა, შესაბამისად, ყველა ეპიზოდის დანაშაული 180 მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირდა, რაც 4-დან 7 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა...

მოსამართლემ ბევრი იფიქრა და ყველა ეპიზოდი სასჯელის მინიმალური ვადით შეაჯამა, ანუ თითო ეპიზოდი - 4 წლით, მერე, ეს 4 ექვს ეპიზოდზე გაამრავლა და მიიღო 24... ისე, გაიხაროს იმ მოსამართლემ - თითო ეპიზოდი 6 წლით რომ შეეფასებინა, ჯამში, 36 გამოვიდოდა...

სისხლის სამართლის კოდექსში თეთრზე შავით გვიწერია, რომ მაქსიმალური დათვლითი სასჯელი 30 წელია და თუ დანაშაულთა შეკრებითობა 30-ს სცილდება, მაშინ განსასჯელს უნდა მიესაჯოს, უალტერნატივოდ, სამუდამო პატიმრობა...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ნანა სამუდამო პატიმრობას ბედზე გადარჩა...

24-დან ნანამ 5 წელზე მეტი მოიხადა...

მერე, ამნისტია წამოეშველა და გათავისუფლდა...

ნანა იმის კლასიკური მაგალითია, თუ რა დაუნდობელი და შეუცნობელი იყო ადეიშვილის სისხლის სამართლის კოდექსი...

ერთის თქმა დამავიწყდა: ნანას 24 წლის გარდა, სასამართლომ 5 ათასი ლარი ჯარიმაც დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ...

ასე რომ, ნანა თავისუფალია, მაგრამ ჩემი არ იყოს, სახელმწიფოს ვალი მაინც აქვს...

6 წელი მომახდევინეთ, თან 4 000 ლარი ჯარიმა დამაკისრეთ, რომელიც ციხიდან გამოსულმა უნდა გადავიხადო...