კოალიცია "ქართულ ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ქართულ პოლიტიკას შესაძლოა, კიდევ ერთი, ახალი გუნდი შეემატოს. არასაპარლამენტო ოპოზიცია, 2014 წლის თვითმმართველობების არჩევნების წინ, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მუშაობს. ექსპერტები დღეს იმასაც პროგნოზირებენ, რომ კოალიციას ერთი ლიდერი ეყოლება და ის ნინო ბურჯანაძე იქნება, თუმცა ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამ ანალიზს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ნინო ბურჯანაძესთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კოალიციის შექმნაზე საუბარი მიმდინარეობს და რამდენიმე პარტიასთან შეთანხმებაც შედგა.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები მოექცევიან ერთ გუნდში, ჯონდი ბაღათურია ღიად საუბრისგან თავს იკავებს. "ამბები. გე" დაინტერესდა, თუ რა ხდება არასაპარლამენტო ოპოზიციის შიდა სამზარეულოში. ნინო ბურჯანაძის პარტიის ირგვლივ გაწევრიანება უარყო "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ, თუმცა ახალ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანება არ გამორიცხა. მოლაპარაკებებში ჩართვაზე საუბრობს ასევე აკაკი ასათიანი, რომელიც თავის მხრივ საუბრებს აწარმოებს სერგო ჯავახიძესთან. რაც შეეხება "ლეიბორისტულ პარტიას", შალვა ნათელაშვილმა კოალიციაში გაერთიანებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ერდადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური გუნდი დღეს, მისი პარტიაა. რაც შეეხება თავად "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს", პარტიაში ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ.
არასაპარლამენტო ოპოზიცია "ქართული დასი" , ჯონდი ბაღათურია: "ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპოზიციის გაერთიანებაზე და პარტიებთან კონსულტაციებიც მიმდინარეობს. რაც შეეხება ლიდერს, ამაზე ლაპარაკი ჩვენ გვქონია. ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანებაც არ მოხდება. ვინმეს ქვეშ გაერთიანებული გაერთიანება ხომ წარმოგიდგენიათ. მე პირადად ნინო ბურჯანაძე არ მინახავს, ბოლოს ვნახე ერთი-ორი თვის წინ ელჩთან მიწვევა იყო რეზიდენციაში, მივესალმეთ ერთმანეთს და ეტიკეტის გამო შევთანხმდით, რომ კიდევ ვნახავდით. ამიტომ მე ვუარყოფ რაიმე სახის დიალოგს ბურჯანაძესთან. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, კი ბატონო, ვადასტურებ. ზოგიერთ პარტიასთან პრაქტიკულად მზად არის შეთანხმება. ზუსტდება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
-რომელი პარტიებია, რომ დაგვისახელოთ?
-არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია ხმის ამოღება და რამის თქმა, იმიტომ რომ, სიტყვა არ მითქვამს და უკვე ლიდერად გამოაცხადეს ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, საერთოდ რომ არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში და საერთოდ ლაპარაკს რომ არ ვაპირებთ მასთან, მადლობას იხდის და აცხადებს, რომ თანამშრომლობდა ჩვენთან. რამე რომ ვთქვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება. ვინ მონაწილეობს, როგორი ფორმატი იქნება, როგორი კონფიგურაცია იქნება, სანამ მზა პროდუქტი არ იქნება, თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ პრესის ფურცლებზე ჭორები დაიწეროს. ჭორები მაინც დაიწერება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ამის მიზეზი ჩვენი გამონათქვამი გახდეს. ნინო ბურჯანაძეს, ვიმეორებ, რომ რამდენიმე თვეა არ შევხვედრივარ."
არასაპარლამენტო ოპოზიცია "ახალი მემარჯვენეები", მანანა ნაჭყებია: "რაიმე გაერთიანებაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. ექსპერტების ანალიზიც არის რაღაც სურვილებისა და რეკომენდაციების დონეზე. ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბურჯანაძის პარტიის ირგვლივ რაიმე გაერთიანებაზე ან კოალიციის შექმნაზე საუბარი არის ჯერჯერობით, თუმცა შემიძლია დავადასტურო ის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ვთანამშრომლობთ თემატურად, იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თემაზე, იგივე საარჩევნო კოდექსისა და საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე. ეს თანამშრომლობა ხდება ხან ვიწრო ფორმატში, ხან ე.წ. "თორმეტის ფორმატში", სადაც თითქმის ყველა მეტნაკლებად ძლიერი და არსებული პარტიაა ჩართული და ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციების შექმნას, დარწმუნებული ვარ ასეთი კოალიციები და გაერთიანებები იქნება, მით უმეტეს დღევანდელი ვითარება ამას ხელს უწყობს, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაიყვანოს ორზე, ანუ თავის თავსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" და აბსოლუტური იგნორირება მოახდინოს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისა."
"დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო", ბაკურ ბაკურაძე: "კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც შეეხება კონკრეტიკას, მე ვერ გიპასუხებთ ჯერჯერობით. ნინო ბურჯანაძე არ იმყოფება საქართველოში და კვირის ბოლოს, როცა დაბრუნდება, მაშინ იქნება პასუხები კითხვებზეც. მე არ ვარ კომპეტენტური და შესაბამისად, ვერ გიპასუხებთ. თუმცა ვიცი, რომ მომავალ კვირას შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო და მე მექნება ოფიციალური პასუხები ამ თემაზეც და სხვა საკითხებზეც. რაც შეეხება ახალ პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას, არც მსმენია და არც ვიცი არაფერი. ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ.
- როგორც მივხვდი, საუბარი მიდის თქვენს პარტიაში ამ თემაზე...
- იცით რა, ნინოს მუდმივად ეკონტაქტებიან კახა კუკავაც, დიმა ლორთქიფანიძეც, კაკო ასათიანი, იცით რომ ისინი მხარს უჭერდნენ ნინოს საპრეზიდენტო არჩევნებში, კონტაქტობენ, საუბრობენ, თუმცა ოფიციალურად შეხვედრები არ ყოფილა და შესაბამისად ოფიციალური კი არა, არაოფიციალური პასუხიც არ მაქვს."
ერთიანი პოლიტიკური ცენტრის შექმნას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: "თანამედროვე ქართული პოლიტიკის ისტორიაში ასეთი გაერთიანებების წარმატებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ "ქართული ოცნების" შემთხვევაში. ყველა სხვა მცდელობა მთავრდებოდა პრაქტიკულად უშედეგოდ და ყოველთვის, როცა იწყებოდა საუბარი, ვინ იქნებოდა თავკაცი, იქ მთავრდებოდა ურთიერთგაგება. თუ ასეთი კალიცია შეიქმნება, დარწმუნებული ვარ, ის არ იქნება ერთადერთი. ქვეყანაში, სადაც 230 პოლიტ-გაერთიანება არის დარეგისტრირებული, ცხადია, რამდენიმე კოალიციაც ვერ ამოწურავს მათ სურვილებს, ვინც ჩათვალა, რომ პირადი მფლობელობის ნივთი არის პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ლიდერს, ცხადია, იქაც რამდენიმე იქნება, რადგან დიდი ალბათობით, ერთი ასეთი კოალიცია მაინც შიქმნება იმ პარტიებისგან, რომლებიც დღესაც განიცდიან "ნაციონალური მოძრაობის" გავლენას და ამდენად, მოთამაშეთა რიცხვი, თუნდაც ადგილობრივი არჩევნებისთვის იქნება არანაკლები, ვიდრე ის იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
- როგორ ფიქრობთ, ექნება რაიმე ღირებული მნიშვნელობა ამ პოლიტიკური ცენტრის შექმნას?
- ვერ ვიტყვი, რომ შექმნას აზრი არ აქვს, რადგან გაერთიანებული ოპოზიიის ძალა უფრო ანგარიშგასაწევია, ვიდრე განცალკევებული და გათითოკაცებული პარტიები. რაც შეეხება ლიდერს, არასაპარლამენტო პარტიებს შორის რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ლიდერი ნინო ბურჯანაძეა, ამის არგუმენტების წარმოსადგენად დროის დაკარგვა არც ღირს. გადახედონ საპრეზიდენტო არჩევნებს და დარწმუნდებიან, რომ ბურჯანაძეს ყავდა ორჯერ მეტი ამომრჩეველი, ვიდრე დანარჩენ 20 კანდიდატს ერთად აღებულს, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა კოალიციასაც, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსაც და გარკვეულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფსაც."
იდეის ინიციატორების, კახა კუკავასა და ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია და კარი ყველა პარტიისთვის ღიაა.