დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებული ქართული მედია

დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებული ქართული მედია

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მხარეები გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის, დაკავებულთა გათავისუფლებისა და გასულ პერიოდში მომხდარი ინციდენტების შესახებ მსჯელობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ, მავთულხლართების გავლების პროცესის გაშუქებისას, ქართული მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში, ევროპელები კი ამ დეზინფორმაციის მიღებაში დაადანაშაულა. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთი საკუთარი საზღვრების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს და პრობლემას არ უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან ის მინდვრები, სადაც მავთულხლართების გაბმა მიმდინარეობს, დაუმუშავებელი და უპატრონო იყო. ქართული მხარის ინფორმაციით კი, ნიქოზის, დიცისა და დვანის მცხოვრებლებმა ასობით ჰექტარი მიწა დაკარგეს მას შემდეგ, რაც რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. გაგლოითი აცხადებს, რომ კომპრომისს მხოლოდ დიცის სასაფლაოს შემთხვევაში დაუშვებენ და მოსახლეობას რომ მისასვლელ გზაზე პრობლემა არ შეექმნას, სასაფლაოს აღარ შემოღობავენ.

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა დღის წესრიგში დააყენეს საველე სამუშაოების ჩატარების საკითხი. ქართული მხარე თანახმაა ამ სამუშაოებში ჩაერთოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ოსურ მხარესაც იმასვე სთავაზობს. ამ სამუშაოების შემდეგ დადგინდება, გამყოფი ხაზის გასწვრივ ვინ რამდენი მიწის ნაკვეთი დაკარგა.

დღესვე განიხილეს 27 ოქტომბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სოფელ ხურვალეთთან მომხდარი ინციდენტები. ამ სოფლის მცხოვრებს დავით ვანიშვილს იქ მისული სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდნენ. ეს დავით ვანიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში მაშინ ღიად განაცხადა.

ამის შემდეგ იქ მისულმა ადამიანებმა აგრესია ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფის მიმართ გამოხატეს - ჟურნალისტ ია თინიკაშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

ქართული მხარე ამ ინციდენტების გამოძიებას ითხოვს, ოსური მხარე კი აცხადებს, რომ იქ ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ მისულები და დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები არაფერ შუაში არიან, თუმცა გაგლოითის ამ განცხადების ქართულ მხარეს არ სჯერა.

დღესვე, შეხვედრაზე, დაკავებულთა გათავისუფლებაზე იმსჯელეს. საქართველოს ერთი მოქალაქე, თემურ გაგლოევი, რომელიც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული, დილითვე გაათავისუფლეს. ოსურმა მხარემ კიდევ 2 პირის გაშვების პირობა დადო, ქართული მხარე კი სულ 12 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 10 დეკემბერს გაიმართება.