"ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით... უფრო ვიმცირებთ თავს"

უკვე ცნობილია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების არასრული სია... ამჯერად, პატივი დაგვდო მხოლოდ ლიტვის პრეზიდენტმა - დალია გრიბაუსკაიტემ. 17 ნოემბერს თბილისში ასევე ჩამოვლენ: ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რუმინეთის, ყირგიზეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი. ყახაზეთის ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ეკონომიკის მინისტრი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყატარის კულტურის მინისტრი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამ სიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ესენი ან გვაშაყირებენ, ან კიდევ მსოფლიოსთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენთ. რა თქმა უნდა, მე პირადად არ მქონია ილუზია, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ბარაკ ობამა ჩამობრძანდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსაც მაგრად ვკიდივართ...

"ალიას" დიპლომატიური აკადემიის რექტორი, სოსო ცინცაძე ესაუბრა:

- ბატონო სოსო, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ მეზობლებისთვისაც და ევროპისთვისაც "ჭ-კლასის" ლიგაში ვთამაშობთ?..
- როგორც ჩანს, საქართველოში მინისტრების პირველ მოადგილეებსაც კი არ აგზავნიან, ასე რომ იყოს, სიაში აუცილებლად მიაწერდნენ. ესე იგი გამოდის, საქმე გვაქვს რიგით მოადგილეებთან. სხვათა შორის, იტალიაში, გერმანიასა და ისრაელში, პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც ასეთი, საერთოდ ნიველირებულია, უარყოფილი. ჩვენ ინერციით მივდივართ და გვინდა მარგველაშვილს ისეთივე პატივი მიაგოს მსოფლიომ, როგორც ამერიკის პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის უკვე მახინჯი ფორმაა, რადგან თავად პრეზიდენტი აღარაფერს ნიშნავს ჩვენთვის...

- აქ ხომ მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი, ჩვენ ვმსჯელობთ ქვეყნის იმიჯზე...
- ჩვენ გადავედით საპარლამენტო წყობილებაზე და ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით უარესს ვაკეთებთ, უფრო ვიმცირებთ თავს. პირველი ფიგურა პრემიერ-მინისტრია, ჩვენ მაინცდამაინც გვინდა, რომ პრანჭვა-გრეხით გადავიდეთ საპარლამენტო წყობილებაზე. მე არ მესმის, რა საჭიროა სამხედრო აღლუმიც. როგორც ამბობენ, იქნება მძიმე ტექნიკა და ასევე იქნება ავიაცია, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ფული ღირს? შენც არ მითხრა, მაგრველაშვილმა პრეზიდენტობა ხელჩართული ბრძოლით მოიპოვა და შესაბამისი პატივიც უნდა მივაგოთო. ჩვენ რა, ახლა გვინდა, რომ ხელოვნურად შევუქმნათ მსოფლიოში იმიჯი და აქ ყველა ქვეყნის პირველი პირები იყვნენ წარმოდგენილნი?.. მე თუ მკითხავ, საერთოდ არავითარი ინაუგურაცია არ იყო საჭირო. ერთი პატარა მიღება უნდა მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენციაში და საკმარისი იქნებოდა. ახლა კი, როგორც ამბობენ, იქნება საზეიმო კონცერტიც, მოიწვევენ ვიღაც ძვირადღირებულ დირიჟორს და გადაუხდიან დიდ ფულს. მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ გვეყოლება არა მხოლოდ სუსტი პრეზიდენტი კონსტიტუციით, არამედ პიროვნულადაც. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, ის კონსტიტუციით კი იქნებოდა სუსტი, მაგრამ პიროვნულად იქნებოდა ძლიერი. ასევე, ის შეინარჩუნებდა ამ პოსტის ღირსებას. ამ დღებეში მარგველაშვილის ინტერვიუ მოვისმინე, რომელიც მან რუს ჟურნალისტს მისცა. კი მაგრამ, მას ხომ ჰქონდა დრო, ცოტაოდენ მაინც მომზადებულიყო, უკვე ვიცით, რომ მან მრჩევლებიც გაიჩინა საგარეო პოლიტიკაში. საერთოდ, ინტერვიუ იყო ძალიან მცდარი და არარეალისტური. აქედან, კრემლში შეიძლება დაასკვნან, რომ საქართველო საერთოდ, უკანა პლანზე გადაიტანს ოკუპაციის საკითხს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, ნატოში გაწევრიანების საკითხს და ა.შ. ამას აუცილებლად ასე გაიგებენ. მართალია, მაია ფანჯიკიძე მარგველაშვილის მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის რჩევებს სარეთოდ არ გაუწევს ანგარიშს, მეტი საქმე არა აქვს, მაგრამ მარგველაშვილი ხომ მაინც პრეზიდენტად იწოდება?.. როდესაც რუსეთი ღიად აცხადებს, რომ მას მხოლოდ ორი საკითხი აწუხებს, - ნატოს გაფართოება და ტერორიზმი, ამ დროს, საქართველოს
ხელმძღვანელი, თუნდაც ფორმალური, ძალიან მოზომილი უნდა იყოს. კი ბატონო, ჩვენ ამ ინაუგურაციასაც გადავიტანთ, როგორმე გადავაგორებთ, უარესებიც აგვიტანია...

- მინდა ერთი რამ გამოკვეთილად ვთქვათ, - სტუმრების ხარისხი მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც გვგონია?
- მსოფლიო პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, დღეს საქართველო მნიშვნელოვანი კი არა, საშუალო დონეზე თუ აინტერესებს ვინმეს, იმაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. შენ რომელ მნიშვნელობაზე ლაპარაკობ, რეალისტები ხომ უნდა ვიყოთ?.. დღეს უკვე ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორც მე ვარ დალაი ლამა.

- ეგ გასაგებია, მაგრამ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მაინც ხომ უნდა ჩამოსულიყვნენ?
- ისინი არ თვლიან თავიანთი დონის პოლიტიკოსად მარგველაშვილს. მეტი საქმე არა აქვს ახლა ალიევს, ჩამოვიდეს და მარგველაშვილთან სურათი გადაიღოს, ან როგორც თანატოლს, ისე დაუჯდეს და ელაპარაკოს. მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით რომ ჩავიდეს აზერბაიჯანში, მადლობა უნდა თქვას, ალიევმა თუ მიიღო.

- მიღებით კი მიიღებს, მაგრამ შეიძლება აეროპორტში არ დახვდეს.
- რომელ აეროპორტზე ლაპარაკობ, რას ამბობ?!. შეიძლება მიიღოს, მაგრამ რაზე დაელაპარაკება, ეგ კიდევ მეორე საკითხია. იგივე ალიევი ყველა საკითხს გადაწყვეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე მოიქცევა სომხეთის პრეზიდენტიც, ჩვენ დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტიდან ამოგლეჯილი პოლიტიკა გვაქვს. საერთოდ არ ვითვალისწინებთ საგარეო პოლიტიკაში იმას, მაგალითად, რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის. 13 ნოემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა უვიზო მიმოსვლას სამხრეთ კორეასთან. რუსეთმა იგივე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ბოსნია-ჰერცოგოვინასთან. ესე იგი ამხელა ქვეყანა სადღაც გადაკარგულში სავიზრო რეჟიმს აუქმებს და თავის მეზობლებთან პირიქით იქცევა. აგერ, ჩვენთან დაკავშირებით ამდენი ლაპარაკია და გამარტივებულ სავიზო რეჟიმსაც კი ვერ მივაღწიეთ. შენ იცი, რომ უკვე მაფია გაჩნდა ამ სფეროში?.. ძალიან დიდი რიგებია რუსეთის ვიზებზე. იქ ქართველი ბიჭები დარბიან, რაღაცებს ჩალიჩობენ და რიგში რომ ჩაგწერონ, 100 ლარი უნდა გადაიხადო. აი, დღეს ეს ხდება ჩვენთან რუსეთთან ურთიერთობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ჩვენ დღეს ვართ კონტექსტიდან ამოგლეჯილები, მაგალითად, რასაც სააკაშვილი აკეთებს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს ხომ მთლად გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი, უნიკალური მოვლენაა მსოფლიო მასშტაბით.

- ბატონო სოსო, აქამდე სააკაშვილი თურქებს აძლევდა საქართველოს მოქალაქეობას და თავს იმით იმართლებდა, რომ ისინი ქართველები არიან, მაგრამ მერე, მგონი, მზად იყო, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის მიენიჭებინა ეს უფლება. არა მგონია, ეს იყოს მხოლოდ პიარის ნაწილი, აქ რაღაც დიდი ბოროტებაა ჩადენილი.
- შენ როგორ გგონია, ამერიკელები სულელები არიან, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით უკიდურესად აქვთ გართულებული სიტუაცია? ამერიკის მოქალაქეობა რომ მიიღო, ერთგვარ გოლგოთაზე უნდა ახვიდე, არის რაღაც "გრინ კარტა", მაგრამ სამ თაობას ამოწმებენ, რათა ვინმე ისეთი არ შეიპაროს ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანას. მაგალითად, ინგლისში 20 წელზე მეტია, მოღვაწეობს ეგვიპტელი ბიზნესმენი, პრინცესა დაიანას მამამთილი, მას ლონდონში მაღაზიების ძალიან დიდი ქსელი აქვს. ყოველწლიურად ბიუჯეტში იხდის 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს, კაცი მილიარდერია, 20 წელია, იხვეწება მოქალაქეობა მომეცითო და არ აძლევენ. ჩვენთან კი სააკაშვილმა, კოლექტიური მოქალაქეობის სტატუსი შემოიღო, შემოდიან და შემოდიან ეს შავი ადამიანები, დგებიან რიგში და უპრობლემოდ იღებენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს ძალიან დიდი საფრთხეა... ახლა გეკითხები, - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები მზად არიან იმისთვის, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შეისწავლონ ყველა შემოსული? საქართველო უკვე ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა, სააკაშვილი კი აცხადებს, ყველა შემოსულს პერსონალურად ვსწავლობდითო, მაგრამ ამის არ მჯერა, მითხრას სააკაშვილმა, ვინ სწავლობდა ამ ყველაფერს?.. ერთ ღამეში გაარკვიეს ყველაფერი?..

მოდით, ვაღიაროთ, საქართველოში დღეს შემოდიან იმ ქვეყნებიდან, სადაც ტრაგედიები დატრიალდა, ეს არის ძირითადად არაბული სამყარო, მაგათ არც ამერიკაში იღებენ და არც ევროპაში. ჩამოდიან ჩინეთის იმ პროვინციებიდან, სადაც ახლა სტიქიური უბედურებებია, იგივე ფილიპინებიდან, იქ მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი მასობრივი გამოქალაქევება, უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი. აქ მხოლოდ რუსეთზე არ არის საუბარი, ამ სიტუაციას ყველა სათავისოდ გამოიყენებს. ალბათ, გახსოვს რამდენიმე წლის წინათ ერთი გახმაურებული საქმე, როცა ისრაელი თავის აგენტურას ამერიკის შეერთებულ შტატებში ნერგავდა. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა. თუკი ისრაელი თავის მამა-მარჩენალ ამერიკას არ ინდობს, ჩვენ რატომ დაგვინდობენ სხვა ქვეყნები, თუ გინდა უკრაინა, სომხეთი, ან აზერბაიჯანი?.. ეს პოლიტიკაა, აქ მეგობრობა არაფერ შუაშია... საქართველოში ამის შემდეგ ჩაინერგება ასობით კი არა, ათასობით აგენტი, სააკაშვილის მოქმედება ძალიან სარისკოა, მე არ ვიცი, დღეს რამდენი ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის სტატუსით? ამის შესახებ იფნორმაცია არ არსებობს, თუ ახალმა ხელისუფლებამაც იგივე კურსი გააგრძელა, 10-15 წლის შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი უფრო მეტი იქნება ამ ქვეყანაში, ვიდრე ჩემნაირი და შენნაირი.

- მოკლედ, სააკაშვილი დანაშაულს დანაშაულზე უმატებს, ის ათავისუფლებს ციხეებიდან მკვლელებს, თაღლითებს და "ნარკობარიგებს", ასევე მოქალაქეობას აძლევს უცხოეთიდან შემოყრილ საეჭვო პირებს. არადა, ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება...
- სააკაშვილის შეჩერების მექანიზმი არსებობს, ამისთვის არის საკონსტიტუციო სასამართლო. კვალიფიციური იურისტები მის დანაშაულს უცებ დაამტკიცებენ, მაგრამ არ არსებობს პლიტიკური ნება. მე პირადად, მარგველაშვილის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი ჩემთვის გაცილებით მეტია, ისიც ძალიან მაინტერესებს, როგორი გარემოცვა ეყოლება პრეზიდენტს. ვანო მაჭავარიანი სააკაშვილის დროს იყო ელჩი იაპონიაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანდო და ჭკვიანი ადამიანია. ვინაიდან შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და დღესაც თანამდებობებზე ადამიანები მეგობრობის პრინციპით ინიშნებიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს პროფესიონალიზმის იმედი.

- თუკი გაგიჟებულ პრეზიდენტს წინააღმდეგობას არ უწევენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ხელისუფლებაც იგივეს გააგრძელებს?
- გაიხსენეთ, ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ კოჰაბიტაცია დამთავრდებოდა 27 ოქტომბერს. მას შემდეგ თითქმის 20 დღე გავიდა, რამე შეიცვალა?..

- მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მთავარი პროკურორი გადადგა...
- მერე რა შეიცვლება?.. ცოტა ხანში ჩვენი ახალი პროკურორიც და ახალი ხელისუფლებაც, ისევ ორცეცხლშუა აღმოჩნდება. ისევ წამოვა ცუდად შენიღბული მესიჯები ევროპიდან, - ხელი არ ახლოთ ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებსო. როცა ამერიკელები გთხოვენ, რომ არ გაგრძელდეს დაჭერები, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ახალი მთავრობა?.. ერთი მხრივ არის საზოგადოებრივი აზრი, პრესა, მეორე მხრივ, დასავლეთიდან მოდის რჩევები. მომკალი და ვერ დავიჯერებ, რომ მიშა მაჭავარიანის ძმა მოწინააღმდეგე იქნება იმ კურსისა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში თანაუგრძნობდა და ატარებდა. რა გამოდის, როცა სააკაშვილთან მუშაობდა, იმის კურსს არ ეთანხმებოდა?... თუ არ ეთანხმებოდა, რატომ არ გადადგა?.. ხომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში ადამიანებმა ცხრაჯერ გადაიღებონ სახეები... ასეთი მიდგომებით საქმე ნამდვილად არ გაკეთდება და მივიღებთ კატასტროფულ შედეგებს...