"ალიას" 150-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: "თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გამოსვლები იგეგმება", სადაც კოალიციის შტაბის წევრები ამბობენ, რომ საგარეჯოს გამგებელი, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის პროტეჟეა, მოსახლეობისთვის არაფერს აკეთებს, აგდებულად ეკიდება მოსახლეობას და ა.შ.. სტატიის გამოსვლის შემდეგ ხიდაშელი ამ ადამიანებს დამუქრებია: დაგაიგნორებთ რაღაც მომენტამდე, თუ საზღვარს გადახვედით, მერე მე ვიციო. "ალია" ინფორმაციის გადასამოწმებლად კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს შტაბის უფროს ვანო ქვრივიშვილს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვის დაემუქრა თინა ხიდაშელი "ალიასთან" საუბრის გამო?
"მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელი გახდა დეპუტატი, ჩვენს რაიონში ბევრი გაუგონარი და არასასიამოვნო რამე ხდება. გადავყევი ზედ "ქართულ ოცნებას" და საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში თავს დამესხნენ კოალიციის წევრები, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ვინ მოიყვანა გიორგი და ვახტანგ ლაფაჩიშვილები. მოვიძიე მათზე ინფორმაცია, უამრავი პარტია აქვთ გამოცვლილი, ესენი არიან მოძრავი ზომბები, რომლებიც ძვრებიან ახალ პოლიტიკურ ძალაში და იქ ახორციელებენ ვიღაცების დაკვეთას. ისინი ერეოდნენ ყველაფერში, მივმართე პოლიციასაც კი. ადრე მობილურ ჯგუფში იყვნენ, ამ მობილურ ჯგუფში იყო დღევანდელი ჩვენი პოლიციის უფროსიც და სრული გულგრილობა გამოავლინა ამ თავდასხმის მიმართ. ხიდაშელი გამგებლის მოადგილეობას მპირდებოდა. მე ვუთხარი, სადაც დამნიშნავთ, დარაჯობაზეც თანახმა ვარ-მეთქი. მე დღემდე არ ვმუშაობ და ეს ლაფაჩიშვილები დასაქმდნენ მუნიციპალიტეტში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო ქვრივიშვილი.
"დღესაც რომ გახვიდეთ ხალხში, მათზე ამბობენ "რესპუბლიკურ-ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიანო. ყველა ჩვენს ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდნენ. მე ვცდილობდი "ქართული ოცნების" ინტერესების გატარებას, ამათ სახვა უნდოდათ. მათ უნდოდათ რქმეოდათ "ქართული ოცნების" სახელი და სხვა პარტიის ინტერესები გაეტარებინათ. ბოლოს ეს დაპირისპირება გადაიზარდა თავდასხმაში. როცა მცემეს, საავადმყოფოში გადამიყვანეს - 25 წუთი მცემდნენ და გონება დავკარგე. იქ მოვიდნენ პოლიციის უფროსი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და გიგლა აგულაშვილი. დამპირდა ხიდაშელი - აუცილებლად დაისჯებიან ეს ლაფაჩიშვილები და თვალით არ დავინახოო. დღესაც კი, ესენი რომ მხვდებიან, არათუ ბოდიში არ მოუხდიათ, იქადნებიან, რატომ არ მოგკალით მაშინო", - დასძენს კოალიციის საგარეჯოს შტაბის უფროსი და შეკითხვას - "ალიაში" გასული წერილის შემდეგ ხიდაშელი მთელ შტაბს დამუქრებია, ასეა"? - პასუხობს:
"ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც საუბრები არის. მე თინას ვითხარი, ნუ ექნება ჩემი იმედი, რომ ხალხს გამოვიყვან ადგილობრივ არჩევნებზე. არც ორგანიზატორი ვიქნები არანაირი აქციის მის წინააღმდეგ, მაგრამ არც გავაჩერებ ხალხს. ხალხი ისეთ ზომამდეა მისული, ხიდაშელის წინააღმდეგ დიდი ემოციური მუხტია., არც კარვების დადგმას გამოვრიცხავ. "ოცნებას" სულ უნიათოს ეძახიან. მე ვეღარ გადავეფარები თინა ხიდაშელს. ვინმე ჩამოდის საგარეჯოში და კითხულობს, რა ხდება? ფეხით მოვიარე მთელი რაიონი და ყველა ჩვენს მხარეს იყო, რაც ლოლაძე მოიყვანა გამგებლად, მის მერე დაიწყო უმართავი პროცესები. აქტივს ვაკავებთ, მაგრამ რაც უნდა მალო ჭირი, ის თავს არ დამალავს. ამდენმა კოაბიტაციამ ბოლო მოგვიღო. იქნებ რაღაც გამოსწორდეს-თქო, ვიძახდით. რაიონში აღარ დაგვედგომება - ეგაა, თქვენო "ოცნებაო"? ოჯახის წევრები აგვიმხედრდნენ და მეზობლები, აქ ვეღარ ვჩერდებით. "ქართულ ოცნებას" სერიოზულად ჰყავს დაკარგული ამომრჩეველი და რა უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი კიდევ ენდოს მათ, არადა წინ ადგილობრივი არჩევნებია..."