მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო ხელისფლებაში მოსვლის დღიდან დასავლურ, კერძოდ კი ამერიკულ პროექტებად მიიჩნეოდნენ. რატომ დადო ამერიკამ ამ პოლიტიკურ ლიდერებზე ფსონი და რამდენად გაამართლა მათმა არჩევანმა, ამ საკითხზე კომენტარი ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.
- იუშენკოს და სააკაშვილის ფიგურები ზედმიწევნით, უმცირეს დეტალებამდე იყო შესწავლილი და სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები იყვნენ საჭირო იმ პროექტისათვის, რომელიც მაშინ რესპუბლიკელებმა შეიმუშავეს. სხვათაშორის, უნდა ითქვას რომ "სააკაშვილი-საქართველო" (იუშენკოს შემთხვევაში რთული სათქმელია) არ იყო მხოლოდ ამერიკული პროექტი(წმინდა ამერიკული პროექტი იყო, მაგ: "კმარა"). თვითონ იდეა, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო უფრო დასავლური ორიენტაციის ადამიანებით, ნამდვილად იყო ამერიკული, მაგრამ ამ პროცესებში რუსეთიც თავიდანვე იყო ჩართული. თვითონ სააკაშვილი იყო ამერიკული პროდუქტი, "ვარდების რევოლუცია" - ამერიკული პროექტი, სადაც გამწევ ძალად სააკაშვილი გვევლინებოდა, ხოლო ხელისუფლების შეცვლა ეს იყო ერთობლივი რუსულ-ამერიკული პროექტი.
- ათი წლის მანძილზე, ამერიკის ხელისუფლება განუხრელად მხარს უჭერდა სააკაშვილის ხელისუფლებას. თუ დადასტურდა ფაქტები, რომ სააკაშვილის მთავრობას ქონდა ბევრი სერიოზული გადაცდომა და მეტიც, თუ დაიწყო სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, ამ შემთხვევაში ამერიკელი საზოგადოება მოთხოვს პასუხს საკუთარ პოლიტიკოსებს?
-დღეს უკვე არავინ აღარაფერს აღარ მოთხოვს, იმიტომ რომ ის ადმინისტრაცია, რომელიც სააკაშვილს უჭერდა მხარს, დღეს ხელისუფლებაში აღარაა. თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურად განწყობილმა ფიგურამ შეიძლება დააყენოს ეს საკითხი. დღევანდელი ამომრჩეველი სხვა ინტერესებით ცხოვრობს, თუმცა რასაკვირველია, შესაძლოა რეაქცია ქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკაში რომელიმე ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, სერიოზული ტალღა აგორდება. მოგიყვებით ერთ საინტერესო ფაქტს, რომელიც არასოდეს არ მითქვამს: 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, დაიწერა წერილი ამერიკის ხელისუფლების სახელზე, რომელსაც ხელს აწერდა 20-მდე სენატორი. ეს წერილი იყო მიმართული ივანიშვილის წინააღმდეგ, წერილში ივანიშვილი მოხსენებული იყო, როგორც რუსული პროექტი, ბუნებრივია, წერილის ავტორები სააკაშვილს უჭერდნენ მხარს. მაშინ მოხდა ასეთი რამ: ამერიკაში საქართველოს სათვისტომოს ერთ-ერთი გავლენიანმა წარმომადგენელმა, თავისი შტატის სენატორის (რომელიც ამ წერილის ხელმომწერი იყო) წინააღმდეგ წამოიწყო შემდეგი სახის კამპანია: მან ციხის კადრები ჩაწერა, დისკებზე, დაწერა 50-მდე წერილი და ეს ორივე ერთად გაუგზავნა შტატის 50 ყველაზე უფრო სახელოვან ადამიანს (ბიზნესმენებს, მსახიობებს, საზ. მოღვაწეებს და სხვ) და უთხრა, რომ აი, ჩვენი შტატის სენატორი მხარს უჭერს ამ ტიპის რეჟიმს, როგორიც ნაჩვენებია ამ კადრებში.
- რა რეაქცია მოჰყვა ამას?
-რეაქცია იყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. ფართოდ, პრესის საშუალებით ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ ამ 50 ადამიანიდან სულ მცირე, ათმა მაინც მოთხოვა სენატორს ამ ფაქტზე პასუხი და ცოტა ხანში სენატორმა საკუთარ ხელმოწერაზე უარი განაცხადა და ეს ახსნა იმით, რომ ის არ იყო საქმის კურსში. ამით მე იმის თქმა მინდა: ერთი რომ ამერიკული საზოგადოება ასეთ ფაქტებზე აქტიურად რეაგირებს და მეორე, ის რომ ბევრად უკეთესი პიარის წარმოება შეიძლებოდა არა მხოლოდ ამერიკის ერთ შტატში და ზოგადად ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
- პიარი ახსენეთ, რომ არა ლობისტური კომპანიების აქტიური მუშაობა, იქნებოდა თუ არა დასავლეთის მხრიდან ასეთი მწვავე კრიტიკა ახალი ხელისუფლების მიმართ?
- ბრიუსელში დაახლოებით 15 ლობისტური კომპანია მუშაობს და აქედან 12 სააკაშვილზე მუშაობდა, სხვათაშორის, ეს ინფორმაცია პოლონელმა დეპუტატებმა მომაწოდეს. ეს ორგანიზაციები დადებით ფონს ქმნიდნენ სააკაშვილის ხელისუფლებისათვის, ახალმა ხელისუფლებამ კი მათ ანალოგიური იარაღი ვერ დაუპირისპირა.
- მაინც, როგორ ფიქრობთ, პროექტი ”მიხეილ სააკაშვილი” ჩავარდა თუ არა?
- პრინციპში, ამერიკის ხელისუფლებამ აიძულა სააკაშვილი წასულიყო, რომ არა მათი და დასავლეთის პოზიცია, სააკაშვილი არ იქნებოდა ასეთი ლოიალური 1 ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ნუ გვგონია რომ ეს არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოების დამსახურება, ბუნებრივია, საზოგადოების როლი განუსაზღვრელია, მაგრამ ეს იყო კომპლექსური მიდგომა: ქართული საზოგადოების აქტიურობა, ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება და დასავლური პოლიტელიტის პოზიცია. ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია სააკაშვილი უმტკივნეულოდ წასვლა. ამერიკის მხარდაჭერის მქონე სააკაშვილი ასე იოლად რომ არ წავიდოდა, ფაქტია, სწორედ დასავლეთის მკვეთრმა პოზიციამ განაპირობა ეს. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ამერიკული პროექტი, მათ იციან, რომ ეს პროექტი ჩავარდა, მაგრამ მათ არ აწყობთ მისი სრული დისკრედიტაცია, მათ სჭირდებოდათ მიშას სწორედ ასეთი წასვლა. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ დასავლეთი ცდილობს ამ პროექტის ნაწილი მაინც გადაარჩინოს ბოკერიას და მისი გუნდის სახით და როგორც ვხედავთ ამ მიზანს აღწევს კიდეც.