ბოლო ხანს საქართველოში გახშირდა უცხოელებთან ფიქტიური ქორწინებების ფაქტები. აქ "ფეხის მოსაკიდებლად" უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმავე გზას მიმართავენ, რასაც ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. ამ საკითხის სამართლებრივ და დემოგრაფიულ ასპექტებზე თვალსაზრისს ექსპერტები და ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებსაც მოუხდათ ამ გზის გავლა.
მაკა ცინცაძე, ემიგრანტი: - 15 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში ვცხოვრობ, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტია. აქ ემიგრანტისთვის მოქალაქეობის მიღება ძალზე რთულია, ამიტომ ყველაზე მარტივი გზა "მწვანე ბარათის" მისაღებად, რომელიც ლეგალური მუშაობის საშუალებას და ქვეყნიდან გასვლის, მათ შორის, სამშობლოს მონახულების უფლებას გვაძლევს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეზე ფიქტიური ქორწინებაა. ეს საკმაოდ ძვირი ღირს - 25 000 დოლარი, "ლათინოსებთან" შეიძლება უფრო იაფადაც მოაწერო ხელი, ამას ემატება საემიგრაციო სამსახურში გასაგზავნი საბუთებისათვის საჭირო 2 000 დოლარი, ადვოკატის თანხა. თვითონ გავიარე ეს ჯოჯოხეთური გზა და ყველაფერი კარგად ვიცი... საემიგრაციო კანონს აქაური ხელისუფლება სულ უფრო ამკაცრებს, ქორწინების თუ სხვა გზით "მწვანე ბარათის" მოპოვების შემთხვევაშიც კი ამერიკის მოქალაქეობაზე პრეტენზია მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეგიძლია განაცხადო. ქართველი ემიგრანტებისგან ვიცი, რომ სიტუაცია დიდ ბრიტანეთშიც გართულდა.
ნონა ყურაშვილი: - ინდოეთის მოქალაქემ ფიქტიური ქორწინების გაფორმება შემომთავაზა 6 000 დოლარის სანაცვლოდ, რაც ჩემთვის დიდი თანხაა და დავთანხმდი, 2-3 წელიწადში კი ოფიციალურად "გავშორდებით", რომ ეჭვი არაფერში შეიტანონ. მოსალაპარაკებლად თვითონ მოვიდა, შუამავალი არ მოუგზავნია, ინგლისურად კარგად ლაპარაკობდა. როგორც შევიტყვე, დაჩქარებული წესით სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, დიდი ბიზნესის წამოწყებას აპირებს, ქობულეთის ახლოს მიწები უკვე შეთვალიერებული აქვს, გლეხებსაც მოელაპარაკა.
ანზორ თოთაძე, დემოგრაფი, პროფესორი: - ახლახან ერთმა დეპუტატმა, რომელიც განათლებულ ადამიანად მიმაჩნია, თქვა, - ყველაფერზე ზედმეტად ვიცით გადარევა, რამდენიმე ჩინელი ჩამოვიდა და ერთი ამბავი ავტეხეთო... რამდენიმე კი არა, დღეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 4 პროცენტი უკვე უცხოელების ხელშია, თუ ეს ტენ
დენცია გაგრძელდა, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება თუნდაც 50 წელიწადში. ქართველი ქალების უცხოელებთან ფიქტიური ქორწინებების გახშირებასაც ეს ფაქტორი განაპირობებს, ამით მათ გზა ეხსნებათ ქვეყნის მოქალაქეობისკენ, რაც მრავალი თვალსაზრისით უხსნის ხელ-ფეხს ბინის, ქონების, უპირველესად კი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესაძენად. ფიქტიური ქორწინება სამართლებრივადაც და ზნეობრივადაც მიუღებელია. გამორჩენის მიზნით ადამიანი კანონსაც არღვევს და თავისი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს, რა ფასეულობებზე შეიძლება ლაპარაკი ამ ყველაფრის შემდეგ? კანონი ისე უნდა გამკაცრდეს, რომ ფიქტიური ქორწინების მადა ორივე მხარეს დაეკარგოს.